ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვე რჩება, ოპოზიციას კი ერთიანი პოზიცია ისევ არ აქვს და კვლავ დაპირისპირების საგანია. ვინ დარჩება გადაწყვეტილების ერთგული და ვის ვიხილავთ 4 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენზე, ეს უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს. თუმცა გარკვეული კონტურები უკვე იკვეთება. ოპოზიციაში ერთმანეთზე ეჭვიანობენ და ადანაშაულებენ იმაში, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მისაღებად ემზადებიან. მაგალითად, ასეთად გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე სახელდებიან.
გახარია და მისი პარტიის წევრები პირდაპირ არ ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა გახარიას პარტიამ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ამიტომ, კონკრეტული პოზიციის გახმოვანებას არ ჩქარობენ.
თუმცა ამ საკითხში მეტი სიცხადე ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ 15 აპრილს შეიტანა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს - „ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთად, ოქტომბერში. თუ არ დაინიშნა მერე გადავწყვეტთ, გავალთ, თუ არ გავალთ... გიდასტურებთ, რომ კატეგორიულად უარს არ ვამბობ და ვერავინ მათქმევინებს, რადგან ეს ჩვენი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და ვერანაირი წნეხი, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ახლა სახელებს არ დავასახლებ. მე ყოველთვის იმას ვამბობ, რისი გადათქმაც შემდეგ ძალიან იშვიათად ხდება“.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ „ოპოზიციური პარტიების ნახევარი, ამ წუთის მდგომარეობით, სერიოზულად ფიქრობს ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას“.
მელიას არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობდა, თუმცა აღნიშნა, რომ „ყველაფერს აკეთებს მისი გუნდი, მათ შორის თავად, რომ ეს არ მოხდეს“.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მზადებაში ეჭვმიტანილია ასევე „ლელო“, რომელთა ლიდერებს ჯერ კიდევ არ გაუციათ პასუხი კონკრეტულ კითხვაზე, აპირებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
გახარიას პარტიის და „ლელოს“ თავშეკავებულობა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეჭვებს უჩენს. თავად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი დიდი ხნის წინ თქვეს და იმავეს ელიან კოლეგებისგან.
მკაფიო პოზიცია აქვთ „გირჩში“, სადაც მუნიციპალური არჩევნებისთვის რესურსების მობილიზება უკვე დაიწყეს. დარწმუნებული არიან, რომ წინასაარჩევნო მარათონში ჩართვის სურვილი სხვებსაც აქვთ, თუმცა ამ სურვილის ხმამაღლა გაჟღერების ოპოზიციას ეშინია.
„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ოპოზიცია ახლა დაგვიანებული დირექტივის მოლოდინშია და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების სიტყვებს ფასი არ აქვს, ამის თქმის საფუძველს კი „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური წარსული და ოპოზიციის მხრიდან შეცვლილი გადაწყვეტილებები აძლევს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, პრემიერი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ოპონენტები 64-ვე მუნიციპალიტეტში დამარცხდებიან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში თავადვე შეიყვანა, შესაბამისად, იქიდან გამოსავალს ვეღარ პოულობენ. ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიცია წავიდა რადიკალიზმზე, რომლის რესურსი არ ჰქონდა და არც ახლა აქვს.
„ოპოზიციამ ამ რადიკალიზმით და რადიკალური განცხადებებით თავი ჩიხში ისე შეიყვანა, ახლა აღარ იციან რა გააკეთონ. როდესაც მიდიხარ ამ ნაბიჯზე, ხომ უნდა გაანალიზო პოლიტიკოსმა რისი რესურსი გაქვს. ხელისუფლებისთვის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი მშვენიერი საინფორმაციო პროპაგანდაა. ის ამას იყენებს იმისთვის, რომ ოპოზიციის მარგინალიზება კიდევ უფრო შეძლოს, მათ რიგებში მოახდინოს დაპირისპირება, რასაც ძალიან კარგად ახერხებს. ოპოზიცია კი დგას და მათ მოქმედებებს მიჰყვება, თანაც ისე, რომ თავადაც იმატებს პრობლემებს ამ რადიკალური განცხადებებით. გახარია ჩემი აზრით, საგამოძიებო კომისიაზე მოუმზადებელი მივიდა, მაგრამ არჩევნების საკითხთან დაკავშირებით მართალს ამბობს. თუ პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებში არ მიიღე მონაწილეობა, არ გაზომე შენი მხარდაჭერა, არ დაანახე ხალხს, რომ იბრძვი, ხალხს რაღას სთხოვ? რასაც ესენი ითხოვენ, რომ მოდით და ქუჩით ეს ხელისუფლება გადავაგდოთ და ა.შ. არ უნდა ეს ხალხს. ამიტომ ხომ უნდა გააანალიზო რეალურად საქმე რასთან გვაქვს. გახარია ამას აანალიზებს და ამიტომაც იზღვევს დღეს თავს. ხელისუფლებამ მართლა ახალი არჩევნები რომ დაუნიშნოს ამ ოპოზიციას, დარწმუნებულები არიან, რომ მზად არიან და იმ რაოდენობის ხმებს კიდევ აიღებენ, რაც 2024 წლის ოქტომბერში აიღეს? მე, მაგალითად, არ მგონია, რომ ესენი ამისთვის მზად იყვნენ. თუ ახლა არ ემზადებიან არჩევნებისთვის, აბა, საერთოდ რისთვის ემზადებიან?“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ოპოზიციას განსაკუთრებული პრობლემები რეგიონში აქვს. 2024 წლის არჩევნები სწორედ რეგიონებში წააგეს. მიუხედავად ამისა, ამის არც ანალიზი მოუხდენიათ და არც რეგიონში ხალხთან კომუნიკაცია დაუწყიათ. ასევე, მათი ტელევიზიების ნდობა უკიდურესად დაბალია და რეგიონებში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხოლოდ „იმედს“ უყურებს.
„ამომრჩევლამდე რაღაცით ხომ უნდა მიაღწიო? ან შენ უნდა იარო ხალხთან, ან მედიის საშუალებით უნდა შეაღწიო მათ ოჯახებში. ერთხელ მაინც დაუსვამთ კითხვა, რატომ აქვს რეგიონებში „იმედს“ უფრო მეტი რეიტინგი და ნდობა, ვიდრე „ფორმულას“ და „ტვ პირველს“? მეც სოფელში ვცხოვრობ და ვხედავ ხალხი რასაც უყურებს და რა პოზიციაც აქვთ ოპოზიციის მიმართ. ამიტომ 2024 წლის შემდეგ, თითი რომ არ გაგიტოკებია ამ რეგიონებში და მარტო დედაქალაქიდან ტელევიზიებიდან მოძღვრავ ხალხს, რისი იმედი უნდა გქონდეს? რად გინდა არჩევნები, რომელსაც ისევ წააგებ და შესაძლოა, იმაზე უარესი შედეგიც მიიღო? ოპოზიცია თვითლიკვიდაციის გზას ადგას. ხელისუფლება ყველა საინფორმაციო ომს უგებს და მხოლოდ დასავლეთის ზეწოლის იმედად ვერაფერს გახდებიან. ხალხს თუ არ დაელაპარაკებიან, ახალი არჩევნები რომ დანიშნოს „ოცნებამ“, ისევ პირველ ადგილას გავა და მოიგებს“, - ამბობს ძაბირაძე.