რატომ გადაწია „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის აკრძალვის თარიღი და რა არის მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შესატანად მეტი დრო დასჭირდა? როგორც მმართველი გუნდის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, საგამოძიებო კომისიას პარლამენტი ვადას გაუხანგრძლივებს და შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა პარტიას ექნება.
მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემდეგ, საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, რომელიც მისივე მტკიცებით, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ აკრძალავს. მანამდე კი ისინი ადგილობრივ არჩევნებში ხალხის მიერ კიდევ ერთხელ იქნებიან დამარცხებულები.
ოპოზიციაში კი ამის სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამის გაკეთებას ისედაც არ აპირებდა და ეს მხოლოდ რიგი საკითხების, პრობლემების გადასაფარად სჭირდება. პოლიტიკური მანევრია, რომელსაც საკუთარი ამომრჩევლის დასაიმედებლად იყენებს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ „ოცნება“ ამას დასავლეთთან სავაჭროდ ლეგიტიმაციის აღიარებისთვის გამოიყენებს.
მდინარაძე კი ამბობს, რომ ნაციონალების დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ საზოგადოებამ ისედაც ბევრი იცის და შეეძლოთ ეს დაჩქარებული წესითაც ექნათ, მაგრამ ამას არ აკეთებენ.
„სამ თვეში აბსოლუტურად, მარტივად შეიძლებოდა გარკვეული მასალების გამოძიება და შესწავლა, რაც 2012 წლამდე იყო მანდატის ფარგლებში, იქიდან გამომდინარე, რომ ისედაც ბევრი რამ იცის საზოგადოებამ და მაგალითებით შეიძლებოდა, გავსულიყავით ბოლომდე. თუმცა, როგორც კი დღის წესრიგში დადგა მანდატის გაფართოება 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც, ამ შემთხვევაში, უკვე ყველას გაუჩნდა რეალური განცდა იმისა, რომ ეს შეიძლება, ვერ მოსწრებულიყო. მერე უნდა გამოვსულიყავით და მოგვეწოდებინა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარებულ რეჟიმში მიეღო გადაწყვეტილება, რაც იქნებოდა საერთაშორისო სტანდარტი, გადაჭარბების გარეშე“, - თქვა მდინარაძემ.
„ოცნება“ ოპოზიციას ვერ აკრძალავს, სისულელეა“, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და დასძენს: „პირველივე დღეს, როცა დააინიციირეს პარტიების აკრძალვა, ვთქვი, რომ ეს არის სისულელე, რომელიც მოიგონეს მაშინ მეგობარი აქტის გადასაფარად. აგერ, გამოვიდნენ ახლა და არაფერი მსგავსი არ იქნებაო. სისულელეა, ტყუილია, ვერ აკრძალავენ. უფრო მეტიც, ვუთხარი, რომ თუ მაგარი ბიჭები ხართ, აგვკრძალეთ-თქო. ხომ ვერ აკრძალეს? ვერც აკრძალავენ ვერასდროს. სანამ ეგენი ვინმეს აკრძალავენ, თვითონ აიკრძალებიან, გაქრებიან პოლიტიკური ველიდან.
ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-თან ამბობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება გადაწიოს ერთი თვით ნაციონალების გაუქმების საკითხი, ძალიან მარტივი გასაგებია.
„პროცედურულად საგამოძიებო კომისიის მუშაობა 5 მაისს უნდა დასრულებულიყო, მანამდე კი უნდა ჩატარებულიყო გამოძიება „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროზე. თუმცა ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეფასდეს არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი, არამედ მათ ოპოზიციაში მოღვაწეობაც. ბუნებრივია, ამას დამატებით ტექნიკურ რესურსი, დამატებით დრო და ა.შ. სჭირდება. ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც, ყველამ კარგად უნდა დაინახოს ამ მწამებლების და ქვეყნის მავნებლების რეალური სახე. თანაც ეს უნდა იყოს ფაქტებით, მოწმეებით და მტკიცებულებებით გაჯერებული. რას აკეთებდა ხელისუფლებაში ერთია და მეორეა უკვე რას საქმიანობენ ოპოზიციაში გადაბარგების შემდეგ - რამდენჯერ ცდილობდნენ ქვეყნის გადატრიალებას; საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას რამდენჯერ უღალატეს; როგორ ცდილობდნენ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ასევე, ყველამ უნდა დაინახოს, როგორ მონდომებით იბრძოდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას ევროსაბჭოს კარი საერთოდ დახუროდა და გამოვერიცხეთ“, - ამბობს ახვლედიანი.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ყველაფერი შესაბამის დროს მოითხოვს, რათა ადამიანების დაკითხვა მოხდეს და შესაბამისად, საგამოძიებო კომისიას სამუშაო დრო 5 ივნისამდე გაუხანგრძლივდა.
„5 მაისს რომ დასრულებულიყო კომისიის მუშაობა, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავდა და უკვე სექტემბერში გადაწყვეტილებას დადებდა, რაც მაღალი ალბათობით, ნაციონალების გაუქმებით დასრულდებოდა. ახლა კი, ალბათ, გადაწყვეტილება ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში მიიღება. დრომ მხოლოდ ერთი თვით გადაინაცვლა და ამაში სასიხარულო რა ნახეს, არ ვიცი“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ნაცლობისტებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, იქნება ეს პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ნაციონალების აკრძალვის გადაწყვეტილება იქნება არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი. ეს თემა უკვე პოლიტიკური დებატების საკითხი აღარ იქნება.
„ხელისუფლება ამით ასევე, ცდილობს, რომ ისეთი მტკიცებულებები დადოს და სამართლებრივად ისე გამართოს ეს გადაწყვეტილება, რომ შემდეგ მას პოლიტიკური ინსინუაციები არ მოჰყვეს. გამოძიება ჩატარებული იქნება, ყველაფერი ლანგარზე იქნება დადებული და მათთვის მირთმეული. შესაბამისად, ჩვენს უცხოელ კოლეგებს ეს ინფორმაცია უკვე შესანიშნავად ეცოდინებათ, ყველა დეტალის საქმის კურსში იქნებიან. თუმცა, ნაცლობისტები, დარწმუნებული ვარ, ისევ ატეხენ ჟივილ-ხივილს, მაგრამ არაფერი აღარ გამოუვათ“, - ამბობს ახვლედიანი.