არავითარი სამი საელჩო! - თბილისი დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად რუსეთისგან დეოკუპაციას ითხოვს

არავითარი სამი საელჩო! - თბილისი დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად რუსეთისგან დეოკუპაციას ითხოვს

„როსავიაციამ“ ავიაკომპანიებს „iFly“-სა და „NordStar“-ს სოხუმში ფრენის ნებართვა მისცა. ავიარეისების განხორციელებას სოხუმსა და რუსეთს შორის მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. ამჟამად რეგულარული რეისებისთვის მომზადების ტექნიკური ეტაპი მიმდინარეობს, ხორციელდება აეროპორტის ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლა „Airbus A330“ თვითმფრინავების მიღებისა და მომსახურების თვალსაზრისით. ამის ფონზე რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ მოსკოვი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებით, მოსკოვი მზად არის წავიდეს იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. მისი თქმით, მოსკოვში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

„რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა რუსეთის ხელისუფლებამ, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოების და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება სცადა და ახლა, საქართველოში, სააკაშვილის რეჟიმი ამის გამო ყველაზე მკაცრ კრიტიკას განიცდის“.

რუსმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება.

„რუსეთი მზად არის საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ყოვლისმომცველი განვითარება განაგრძოს. ამისთვის ბევრი შესაძლებლობა არსებობს. საქართველოსთვის რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან ბაზრად რჩება მრავალ სფეროში, განსაკუთრებით ღვინის პროდუქტებისა და ხილის. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოსთვის ენერგორესურსებისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია. რუსულმა მხარემ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა“, - აღნიშნა მიხაილ გალუზინმა.

რუსი დიპლომატის ამ განცხადების შემდეგ უკვე კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად რუსეთი ნამდვილად მზად არის.

„განსაზღვრული ვადები არ არსებობს, მაგრამ ის, რომ რუსეთი ნამდვილად მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯები გადადგას, ეს მართლაც ასეა. ჩვენ დაინტერესებული ვართ კარგი ურთიერთობების დამყარებით ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ამისთვის მზად არის და ვისაც ეს სურს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პირობა - დიპლომატიური ურთიერთობა აღადგიონს ოფიციალურ თბილისთან, მაგრამ არ გადაიხედება ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის საკითხი, მიუღებელია ოფიციალური თბილისისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს დიპლომატს მკაფიოდ შეახსენა, რომ შეუძლებელია, ოკუპაციის პირობებში ვისაუბროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე.

„ყველამ კარგად იცის, რა არის პრობლემა საქართველოსა და რუსეთს შორის და რა უდგას წინ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს. ეს არის ჩვენი ტეროტორიების ოკუპაცია და სწორედ ეს არის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ნომერი ერთი შემაფერხებელი. აქ არის მეორე საკითხი, თუ როგორ ხდება მსგავსი განცხადებების გამოყენება საქართველოში და ესეც ერთგვარად თითქოს სიცოცხლის ძალის მისანიჭებლად ხდება, რომ ოპოზიციურ ძალებს დაცლილი დღის წესრიგის პირობებში ჰქონდეთ ახალი თემების შექმნის შესაძლებლობა. საკითხი მარტივია - საქართველოს აქვს ორი რეგიონი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და, რა თქმა უნდა, ოკუპაციის პირობებში ჩვენთვის შეუძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთს შეუძლია, მარტივად მოხსნას ეს ბარიერი.

„როგორც კი ბარიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ურთიერთობების აღდგენა იქნება შესაძლებელი. ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რა არის ის ბარიერი, რომელიც ხელს უშლის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას. ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშია. ამიტომ ჩვენ ველოდებით ზუსტად ამას. სხვა საკითხებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ერთადერთი საკითხი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოფიციალური თბილისის პასუხი უცვლელია - საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ვიდრე არის რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველო და რუსეთი დიპლომატიურ ურთიერთობას ვერ აღადგენენ. ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არის წინაღობა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის.

„ძალიან დიდ პატივს ვცემ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც განაცხადა, რომ გასაღები ხელში უჭირავს კრემლს. მან გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, დაგვიბრუნოს ჩვენი ძირძველი ტერიტორიები და მერე უკვე დავიწყოთ დიალოგი. ქართველი კაცი გულმოწყალეა და ჩვენს ძმებს აფხაზებთან და ოსებთან თავად მოვაგვარებთ სიტუაციას.

მთავარი, თუ უნდათ მათ ჩვენთან კეთილმეზობლური ურთიერთობა - ყოვლად დაუშვებელია ერთ პატარა ქვეყანაში რუსეთის სამი საელჩო იყოს და ორ საელჩოს განსაკუთრებით ცნობდეს. ეს ყოვლად მიუღებელია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, ოღონდ იმ შემთხვევაში, გაუქმდეს ის, რაც რუსეთმა გააკეთა უკანონოდ და სიტუაციურად იმოქმედეს.

ქართველ კაცს აქვს ნათქვამი - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“. მაგრამ ყველაფერი მათ ხელშია - დეოკუპაცია და ამის შემდეგ შესაძლებელია საუბარი ყველაფერზე. მანამდე ყოვლად წარმოუდგენელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. რა თქმა უნდა, საუბარს არაფერი უდგას წინ, მაგრამ ოფიციალურ დონზე დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მანამდე, სანამ საელჩოები აქვთ იქ გახსნილი და ელაპარაკებიან, კი ბატონო, ელაპარაკონ და იყვნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

KAB ასეთი მოდგომით ამ ჩიხიდან ვერასდროს გამოვალთ. უნდა მოიძებნოს რაღაც კომპრომისული ვარიანტი, რისთვისაც საჭიროა ანალიზი გაუკეთდეს მსოფლიოში არსებულ პრეცედენტებს ამ მიმართულებით. ეს სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის, აქ არაორდინარული სახელმწიფოებრივი აზროვნება და მიდგომაა საჭირო, რადგან ასეთი ერთნიშნა ხედვით მას გადაწყვეტა არ უწერია.
2 დღის უკან
არაგველი641 KAB და რა არსის თქვენი აზრით კომპრომისული ვარიანტი?
თქვენ ოსი ხართ თუ აფხაზი?
1 დღის უკან