გიორგი გახარია დამნაშავეა, მაგრამ არ არის დამნაშავე. 20 ივნისის მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სრულად იღებს, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებაზე ბრძანების გაცემას ადასტურებს, მაგრამ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანების გაცემას პოლიციისკენ ამისამართებს. ეს მაშინ, როცა ადრე ე.წ. დათვის ტყვიების გამოყენებაზეც იღებდა პასუხისმგებლობას. სხვათა შორის, გახარიას გვერდით 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს იყო მაშინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. თეა წულუკიანის ინფორმაციით, ლომჯარია გახარიასთან ერთად მართავდა შტურმის მოგერიებას, მაგრამ გახარიას ეს საკითხი ბუნდოვნადაც არ ახსოვს და კონტრშეკითხვას იშველიებს - „სულ არ მახსოვდა, იქ რომ ლომჯარია იყო. თქვენთვის დიდი ვინმეა ლომჯარია?“ ამასთან, გახარია საქართველოს პარლამენტს არ ცნობს, მაგრამ მაინც პასუხობს თეა წულუკიანის კომისიის შეკითხვებს, რითაც ნაცებში აჩენს ეჭვს, რომ „ქოც გახარიას“ „საკუთარი ჰიგიენა“ აქვს, ის არ მიდის ოპოზიციური ლიდერების შეხვედრებზე, არ მიდის ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის დაძახილზე, სამაგიეროდ, მიდის წულუკიანის კომისიაზე.
ამჯერად რა თამაშს გვთავაზობს გიორგი გახარია? ეს არის თვალთხარიას მეტსახელის ჩამოცილების მცდელობა, თუ გულახდილი საუბარი „გავრილოვის ღამის“ ყოფილი შს მინისტრის მხრიდან? მართლაც დაემართა თუ არა ამნეზია გავრილოვის დარბეული ღამის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს?
ამის შესახებ for.ge-ს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ესაუბრა.
პეტრე მამრაძე: 20 ივნისის მოვლენების დროს გახარია იყო შს მინისტრი. თუ რამე გაკეთდა მისი ნებართვისა და ბრძანების გარეშე, მით უმეტეს, დარღვევა თუ იყო, მაშინვე უნდა მიეღო ზომები. თუ ისეთი პირობები იყო, რომ ვერაფერსაც ვერ იზამდა, უნდა გადამდგარიყო. თუმცა არ გადამდგარა და მერე დანიშნეს კიდეც პრემიერ-მინისტრად, სხვათა შორის, არც მაშინ ილაპარაკა არაფერი 20 ივნისის მოვლენებზე. ის, რომ ახლა ყვება რაღაცებს და ცდილობს, დანაშაული ვიღაცებს გადააბრალოს, კითხვას ბადებს, რატომ არ იღებდა ხმას მანამდე?! შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მინისტრს არ დაემორჩილონ და ძალოვანებზე კონტროლი დაკარგოს მინისტრმა, ამის შემდეგ მან მაშინვე უნდა მიიღოს ზომები, იქნება ეს მისი გადადგომა, თუ სამინისტროში საჯარო განცხადების გაკეთება.
იმ საბედისწერო ღამეს გახარიასთან იმყოფებოდნენ ლომჯარია და გიორგი ბურჯანაძე, როგორ ფიქრობთ, სახალხო დამცველს, რომელიც ხალხში უნდა იყოს, რა ესაქმება შს მინისტრთან ერთად პარლამენტში, შტურმის მოგერიებას ერთად გეგმავდნენ „დიფ სთეითის“ სტილში? მით უმეტეს, თეა წულუკიანმა ღიად თქვა, რომ ლომჯარია შეირჩა ერთ-ერთი ელჩის რჩევით და, სავარაუდოდ, ლომჯარიას ამ ელჩის მიმართ ვალდებულება ექნებოდა.
- ლომჯარიას როლი დღესაც გამოაშკარავდა. ცხადია, დიდი შეცდომა დაუშვა „ოცნებამ“. მე მეუბნებოდნენ, როცა ჩავეძიე, რომ ჩუგოშვილის კანდიდატურა იყო და ჩუგოშვილმა რეკომენდაცია გაუწია, მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რაც მოხდა. შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა ლომჯარიამ კელი დეგნანის თანდასწრებით განაცხადა, რომ შეიძლება მე მხოლოდ ერთი ადამიანის უფლებების დაცვა შევძელი - მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ ამითაც ბედნიერი ვარო, რაზეც დეგნანმა უპასუხა, თქვენ ნამდვილი ჩემპიონი ხართ ადამიანის უფლებების დაცვისა. ეს საკმარისია ლომჯარიას დასახასიათებლად, რადგან ომბუდსმენი უნდა იცავდეს ყველა ადამიანის უფლებას, განურჩევლად მათი ბრალდებისა, პატიმრობისა. ამიტომ რომელ კაბინეტში შევიდა ლომჯარია, რა უფლებით ისარგებლა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ საინტერესოა, რომ სოზარ სუბარი მიმართავს გახარიას, თქვენთან შემოვედი და გითხარით, გააჩერე რეზინის ტყვიების სროლა, რაზეც თქვენი პასუხი იყო ცინიკური, ძველი დროის კადრებს ატრიალებენო. სერიოზული ამნეზია დაგმართნიათ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას, რასაც გახარია ითხოვს გავრილოვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით?!
- გავრილოვის ჩამოყვანა სულ სხვა რამეა, ესეც გახარიას თაღლითობაზე მიანიშნებს, რადგან გავრილოვის ჩამოსვლა იყო ჩვეულებრივი რამ, ის მანამდეც ჩამოდიოდა, ბევრს ახსოვს, გავრილოვი და გიგი წერეთელი ერთმანეთს როგორ კოცნიდნენ აეროპორტში, როგორც ბრეჟნევი და ხონეკერი. გავრილოვი იყო მართლმადიდებელი ქრისტიანების დელეგაციის წევრი, რუსეთს თავისი დელეგაცია ჰყავდა ფორუმზე და ყველგან დადიოდა ამ დელეგაციით, საქართველოშიც ჩამოსულა და ნაცები მხურვალედ ხვდებოდნენ მას, მაშინ გიგი წერეთელი იყო დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოდან. ასე რომ, საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლასთან რა შუაშია ივანიშვილი ან კობახიძე?! ჩვეულებრივი პროცედურა მიმდინარეობდა. პირიქით, ის რომ მართლმადიდებლური ფორუმი ტარდებოდა საქართველოში, ძალიან კარგი მოვლენა იყო. სხვა საქმეა, რომ ზოგიერთებმა პარლამენტში ვერ გაითვალისწინეს, რა დონის პროვოკაციაზე წავიდოდნენ ნაცები. საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები იყო, საბერძნეთი იყო თავმჯდომარე, საქართველო-მასპინძელი, სხვა ქვეყნის დელეგაციებიც იყვნენ, ამიტომ არც კი დაფიქრდნენ, ისე დაუთმეს გავრილოვს პარლამენტის დარბაზი. ეს გამოიყენეს ნაცებმა. წინასწარ ემზადებოდნენ ამისთვის. ხომ გესმით, ელენე ხოშტარიას ყოველდღე კი არ დააქვს პატარა ჩანთით საქართველოს სამმეტრიანი დროშა. ყველაფერი მზად ჰქონდათ. შემოშვებული ჰყავდათ თავიანთი მხარდამჭერები. გატენილი იყო ნაცებით შენობა. ეს ნამდვილად ის შეცდომაა, რომელიც „ოცნების“ მხრიდან ორგანიზატორებმა დაუშვეს, მათ უნდა ეფიქრათ, რომ ნაცები ნებისმიერ ბინძურ პროვოკაციაზე წავიდოდნენ. მნიშვნელოვან რამეს გეტყვით, როდესაც არმატურით და სხვა საგნებით შეიარაღებული ნაცების ბოევიკები ეცნენ ქართულ პოლიციას და საათების განმავლობაში გრძელდებოდა ეს თავდასხმა, ურტყამდნენ პოლიციას არმატურას, რამდენიმე პოლიციელი კიდეც ძირს დააგდეს, წიხლებით უსწორდებოდნენ მათ, პოლიცია არ პასუხობდა, გაუნძრევლად იდგა. გამიკვირდა, რატომ არ სრულდებოდა კანონი? კანონის თანახმად, პოლიციას უნდა ემოქმედა. ამ დროს შს მინისტრი იყო გახარია. ამის შემდეგ გაიცა ბრძანება კანონით გათვალისწინებული წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ და, მათ შორის, დაიწყეს რეზინის ტყვიების გამოყენება. თუმცა იმათ, ვისაც არმატურა ეჭირათ და პოლიციას თავში ურტყამდნენ, საერთოდ არ ესროლეს, სამაგიეროდ, ოპერატორ მურადოვს, რომელიც კამერით დადიოდა, 11 ტყვია ესროლა გახარიას პოლიციამ ზურგში. როდესაც სასწრაფოში გახადეს ამ პერანგის ნაფლეთები, ერთიანი სისხლიანი დაკეპილი ზურგი დაინახა მთელმა მსოფლიომ. ეს იყო ფოტო, როგორ უსწორდებოდა თურმე თბილისში „ოცნების“ პოლიცია ჟურნალისტებს. შემდეგ ლაშქარაშვილის ფაქტიც იყო. ისმის კითხვა, შენზე მოდის ადამიანი არმატურით ხელში და ურტყამს პოლიციელს და პირველი რიგის უკან მდგარ მოძალადეებს არ ესვრი?!
ვინ იყო ამ პროცესების დირიჟორი-საქართველოში არეულობის მოსურნე „დიფ სთეითი“, გახარია, თუ ჩანერგილი პოლიციელები?
- ეს არ ვიცი, ჩანერგილი ნაცი პოლიციელებიც არ გამოირიცხება, რადგან მერაბიშვილს დიდი გავლენა ჰქონდა პოლიციაზე, მაგრამ აქ მთავარია, ვინ იყო იმ დროს შს მინისტრი. გახარია და ამის შემდეგ მან რამე განცხადება გააკეთა?
დღევანდელი მისი საუბრიდან გამომდინარე, გახარია ცდილობს, თვალთხარიას იმიჯი მოიშოროს, ანუ მაკო გომურის თვალის ამოთხრა პოლიციელებს გადააბრალოს და ამით გაჰუმანურდეს?
- ჩვეულებრივი მისი თაღლითური მოქმედებაა. ეს ის გახარიაა, რომელმაც უკრაინის ომის დაწყებისას, როცა ყველაფერი იწვოდა და იბომბებოდა, უკვე 10 მარტს გააკეთა განცხადება ტელევიზიით, „ჩვენ გვინერგავდნენ იმას, რომ არაფერი შეგვიძლია, არაფრის უნარი და ძალა არ გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ და აი, უკრაინაა ჩვენთვის მაგალითი, რომ თურმე შეიძლება ბრძოლა“. როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ხალხი, საკუთარი ერი, როგორ უნდა გინდოდეს ნებისმიერ ფასად პოლიტიკური კარიერის აშენება, რომ მსგავსი რამ განაცხადო. უკრაინაა ჩვენთვის მაგალითი?
გახარიამ რაც თქვა, იგივე განაცხადა ლომჯარიამ ბომბების წვიმის შესახებ, დაახლოებით ეს საუბრის ერთი სტილია.
- დიახ, დაახლოებით იგივეა, მაგრამ მაოგნებს ის ფაქტი, რას ნიშნავს, როცა კამერით ხელში მშვიდობიანად დადის ოპერატორი მურადოვი და იმას ზურგში ესვრი, ცდილობ, თან არ მოკლა და თან მთელმა მსოფლიომ დაინახოს, როგორ უსწორდება „ოცნების“ პოლიცია ტელეოპერატორს. ამ დროს სხვა ახალგაზრდები არხეინად ურტყამენ არმატურას თავში პოლიციელებს. დასანანია, რომ ბრმა ტყვიას მაკო გომურის თვალიც ემსხვერპლა, მაგრამ რამდენი თვალი დაკარგეს საფრანგეთში ადამიანებმა ყვითელჟილეტიანების აქციისას?!
გახარიას მისამართით ნაცების უარყოფითი რეაქცია წამოვიდა. მაინც რატომ მივიდა ამ კომისიაზე „ქოცი გახარია“ , თუკი არ ცნობს ამ კომისიის ლეგიტიმურობას?
- გახარია და მისი დაჯგუფების წევრები ასეთ თამაშს თამაშობენ, მათ უნდათ, მკვეთრი ხაზი გაავლონ ნაცებთან, რომ ჩვენ ნაცები არ ვართ. ამას ისინი გამუდმებით უსვამენ ხაზს. ანუ ბოკუჩავა, ვაშაძე სულ სხვაა, გვარამია და მელია ნაცები არიან, ასევე, ნაცების საფულეებად ცნობილი ხაზარაძე-ჯაფარიძე სხვები არიან, ჩვენ კი განსხვავებულები ვართ, ჩვენ არ ვართ ნაცები, ეს არის გახარიას ამოცანა, ის ქართული პოლიტიკის ამაზრზენი ფიგურაა და სულაც არ არის ნაცებზე უკეთესი.