ამერიკა, რომელიც უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების სათანადოდ წარმოებისთვის შუამავლის როლს ირგებს, პროცესებს ვერ მართავს ისე, როგორც ამას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პროგნოზირებდა. ცნობილია, რომ რუსებმა 13 აპრილს უკრაინის ქალაქ სუმს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი და 117 - დაშავდა. ამის ფონზე, გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზანია მისი მოთხოვნების მაქსიმუმამდე აყვანა. პუტინს უნდა დასავლეთი დააფიქროს ამ კონფლიქტის მოგვარების რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაზე. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ დღეს რუსეთს რაიმე სერიოზული უპირატესობა უკრაინასთან შედარებით, არ აქვს.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით, პუტინმა მის მიზნებს ვერ მიაღწია. როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, ამის გათვალისწინებით, დღეს არ არსებობს იმის გარანტია, რომ თუ უახლოეს პერიოდში ომი დასრულდება, რამდენიმე წლის შემდეგ ის ისევ არ განახლდება, რადგან უკრაინა შეეცდება მისი სამხედრო პოტენციალის აღდგენას, ხოლო რუსეთი - მისი მიზნების მიღწევას.
„საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ისე, როგორც მიმდინარეობდა. ბოლო ერთი თვე, ფრონტის ხაზი გაყინულიც კი იყო - ბოლო დღეებში, რუსეთის მცირეოდენი წინსვლა შეინიშნება, მაგრამ ეს არ არის, რაც მანამდე იყო თვეების განმავლობაში. დიდი დანაკარგების აცილების გამო, ორივე მხარე თავს იკავებს ისეთი შტურმებისგან, რაც ჩვეული იყო წინა პერიოდის დროს. რუსეთი მთელი შარშანდელი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით, წლის მეორე ნახევარში, ფლობდა სტრატეგიულ უპირატესობას და საკმაოდ დიდი ტერიტორიის დაკავება მოახერხა ნახევარი წლის განმავლობაში, თუმცა მიმდინარე წლის მანძილზე, იგივე ტემპი, რაც შარშან იყო, არ არის, მაგრამ რუსეთი მაინც ფლობს უპირატესობას და ეს უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ რუსეთს მეტი რესურსები გააჩნია, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალურ-ტექნიკური.
მეოთხე წელია ომი მიმდინარეობს და უკრაინის პარტნიორებმა ვერ მოახერხეს რუსეთის საპირწონე მოცულობის დახმარების უზრუნველყოფა გაეწიათ უკრაინისთვის - ამ ფონზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელიც დაიწყო ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ და გვახსოვს ტრამპის დაპირებები, რომ 24 საათში დაამთავრებდა საბრძოლო მოქმედებებს, რაც წინასაარჩევნო ტრიუკებიც იყო. რუსეთი ჯერჯერობით ვერ აღწევს იმ ორ მიზანს: დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას. რუსეთმა საკმაოდ შეასუსტა უკრაინის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი, ეს ფაქტია, თუმცა, ჯერჯერობით, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა არ დაიწყებს თავისი სამხედრო პოტენციალის აღდგენას - ევროპის ლიდერები დღეს მკაფიოდ საუბრობენ ამაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, გააგრძელებენ უკრაინის სამხედრო დახმარებას, მის აღჭურვას და პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უნდა იყოს მთავარი შემაკავებელი ფაქტორი. ომის შემდეგ, ევროპელების ნება არის გაცხადებული, რომ გააგრძელონ უკრაინის დახმარება, გააძლიერონ ის და თუ რუსეთი დააპირებს ევროპაზე თავდასხმას უკრაინის შემდეგ, უკრაინა იქცეს მთავარ შემაკავებელ ფაქტორად, რაც რუსეთისთვის მიუღებელია“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
დღეს არსებულ ვითარებაში, უკრაინა-რუსეთის მიმდინარე ომისა თუ დაწყებული მოლაპარაკებების ფონზე, რა როლს ასრულებს ამერიკა? - ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ დონალდ ტრამპი მართლაც ცდილობს ომის დასრულებას, თუმცა, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გარკვეულ თამაშსაც. მისი შეფასებით, წლების შემდეგ, ჩვენ შესაძლოა კვლავ ვიხილოთ დაძაბულობა დასავლეთსა და რუსეთს შორის, სადაც ამერიკა მთავარი მოთამაშე იქნება:
„თვალყურს ვადევნებთ მოლაპარაკებებს, ტრამპის ხელწერასაც: ხან ემუქრება რუსეთს, ხან აქებს. ერთი მხრივ, შეგვიძლია დავიჯეროთ, რომ ტრამპი რეალურად ცდილობს ამ ომის შეჩერებას, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეული თამაშია, სპექტაკლი, რომელსაც ვუყურებთ: ერთი მხრივ ამერიკა, რომელიც თითქოს გაეთიშა უკრაინის ომის შემდგომ აღდგენას, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით და მეორე მხრივ ევროპა, რომელიც გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინის სამხდრო პოტენციალის აღდგენას. ამერიკა იტყვის, რომ „მე ამაში არ ვერევი“ - როდესაც ამერიკა ნეიტრალური რჩება, მას აქვს რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოების წინაპირობა, ევროპისგან განსხვავებით. გავა წლები, ტრამპი არ იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ შეიძლება ისევ ვიხილოთ დაძაბულობა რუსეთ-დასავლეთს შორის.
ომის შეწყვეტის შემდეგ რა სურათს მიიღებს რუსეთი?! - თუ ევროპამ დაიწყო დაფინანსების გაზრდა თადაცვის მიმართულები და მეორე მხრივ, უკრაინის მხარდაჭერა, გამოდის, რომ რუსეთი მის სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებს, გარდა იმ ტერიტორიებისა, რომელიც შესაძლოა მას დარჩეს კონტროლქვეშ, მაგრამ უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე მიიღებს მისთვის არასასურველ სურათს და ეს დაპირისპირება შესაძლოა განახლდეს მომავალში. ამერიკა, რომელიც თითქოსდა გვერდით დგას ამ პროცესებისგან, გავა წლები და ისევ იქნება ამჟამინდელ ევროპასთან ერთად. საუბარი იმაზე, რომ ამერიკამ შეიძლება ნატო დატოვოს, ეს ტრამპისგან სიახლე არ არის, ამას ის წინა პრეზიდენტობის დროსაც აცხადებდა, მაგრამ არ დაუტოვებია ნატო და არც ახლა დატოვებს. წლების შემდეგ, ამერიკა, ნატო-ც და უკრაინის დანარჩენი ტერიტორიაც იქნება გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ - ამას ასე აფასებს რუსეთი და ის, რა თქმა უნდა, არ გაჩერდება, მით უმეტეს, როდესაც ბრძოლის ველზე უპირატესობას ფლობს. ამასთან, ვიდრე ომის შემდგომი საკითხები არ იქნება შეთანხმებული, ამ საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ჯერჯერობით შეუძლებელი იქნება“, - განგვიცხადა ამირან სალუქვაძემ.