„ხელოვანი ხალხი ცუდად ერკვევა პოლიტიკაში, განსაკუთრებით, მომღერლები, ამის მიუხედავად, პაატა ბურჭულაძემ ადრეც სცადა პოლიტიკაში შემობიჯება“

„ხელოვანი ხალხი ცუდად ერკვევა პოლიტიკაში, განსაკუთრებით, მომღერლები, ამის მიუხედავად, პაატა ბურჭულაძემ ადრეც სცადა პოლიტიკაში შემობიჯება“

ინტელიგენცია პატივსაა შეჩვეული. ვინც მათ პატივისცემით აღარ მოექცევა, მერე მათზე ბრაზობენ. ალბათ, პაატა ბურჭულაძის განაწყენების ერთ-ერთი ფაქტორი დაჯარიმებაც იყო. გარდა ამისა, თვითონაც განაცხადა, რომ მას ოპერის თეატრის შენობა არ დაუთმეს იუბილესთან დაკავშირებით,-აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ for.ge-სთან საუბარში.

პაატა ბურჭულაძე, რომელსაც ვერ გაურკვევია, რუსი ბანია, ქართველი, თუ მსოფლიო ბანი, ნაცების ბრძოლის ავანგარდშია და მართვის სადავეების ხელში აღებისკენ მოუწოდებს მომიტინგეებს. ზოგადად, ხელოვან ადამიანებს რატომ უჩნდებათ ცდუნება, ემსახურონ პოლიტიკოსებს და, მით უმეტეს, მწამებელთა პარტიას - ნაცებს? ხელოვნება ხომ, წესით, ჯალათებისგან შორს უნდა იყოს? არის ასეთი მოსაზრება, რომ პაატა ბურჭულაძე მიჩვეული იყო პრივილეგიებს, თანხებს, საჩუქრებს ნაცების მხრიდან და ამჟამად სწორედ იმიტომ უხდის ხარკს ნაცებს, რომ გამწარებულია, რადგან ზედიზედ მისდის ჯარიმები. ამითაც ხომ არ აიხსნება პირადი მიჯაჭვულობა ნაცებთან?

- თქვენი კითხვის ფორმულირება ზოგადად ხელოვან ადამიანებს ეხება და უფრო საინტერესოა, ვიდრე მხოლოდ პაატა ბურჭულაძეზე რომ ვისაუბროთ. გახსოვთ, ალბათ, პაატა ბურჭულაძემ ადრეც სცადა პოლიტიკაში შემობიჯება, მაშინდელი მოტივი სულ სხვა იყო, ის იმ ტიპის მოტივის მქონე ადამიანია, სადაც ფულს და ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა. ფაქტია და მაგასაც ვხედავთ, რომ ხელოვნების წარმომადგენელთა ძალიან დიდი ჯგუფი, მთელი ლაშქარი ოპოზიციის მხარეს იკავებს, დავარქვათ ამას ნაცების მხარე, თუ, ზოგადად, ოპოზიციის მხარე. თანაც, ამ მხარდაჭერაში მათ მატერიალური ან პოლიტიკური სარგებელი არ ელოდებათ. ვფიქრობ, ხელოვანი ხალხი ცუდად ერკვევა პოლიტიკაში, განსაკუთრებით, მომღერლები. ეს ადამიანები ცუდად ერკვევიან პოლიტიკაში არა იმიტომ, რომ ვინმე უკეთესად ერკვევა, უბრალოდ, მოცემულობაა ასეთი, რომ ხელოვანები და სპორტსმენები, რომლებიც ემსგავსებიან ამ ნიშნით ერთმანეთს, პოლიტიკაში ცუდად ერკვევიან. ამავე დროს, ეს ხალხი სახელიანია, საზოგადოება მათ უყურებს და მათაც უჩნდებათ თავისი პოლიტიკური გემოვნების მანიფესტირების, გასაჯაროების პრეტენზია.

ამ ტიპის ხელოვანები სცენის ნაკლებობას ხომ არ განიცდიან, როცა სახელოვნებო სცენის ნაცვლად რუსთაველზე პოლიტიკურ ავანსცენაზე იკავებენ ადგილს და თეატრალური პუბლიკის ნაცვლად პოლიტიკურად ანგაჟირებულ ხალხს მიმართავენ? შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასაკთან ერთად ხელოვან ადამიანებზე მოთხოვნა ნაკლებია და ამიტომაც პოლიტიკაში ახდენენ რეალიზებას?

- სცენაზე გასვლის ნაკლებობა შეიძლება მათ არ ჰქონდეთ, საკმაოდ დიდი ფიგურები გვახსოვს ქართულ სინამდვილეში, განებივრებული სახელებით, მაგრამ მათ ისეთი პოლიტიკური პოზიცია ჰქონდათ, გაგიკვირდებოდათ. ბუბა კიკაბიძე გამახსენდა ამასთან დაკავშირებით.

90-იან წლებშიც ასე იყო, ინტელიგენცია განუდგა ზვიად გამსახურდიას. სხვათა შორის, ერთი უცნაური დამთხვევაა, რომ ინტელიგენციის ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ზვიადს ებრძოდა, დღესაც ბრძოლაშია, ოღონდ ებრძვის ახლანდელ ხელისუფლებას.

- მაშინაც ასე მოხდა, როგორც ჩანს, ასეთია სახელიანი ფენების ხელწერა. თორემ მიწაზე მომუშავე გლეხი თვლის, რომ პოლიტიკაში შეიძლება არ ერკვეოდეს, რადგან ის მიწითაა დაკავებული. ასევე, მუშა, ბიზნესმენიც კი შეიძლება არ ერკვეოდეს პოლიტიკაში, თუმც ბიზნესმენს მაინც პოლიტიკასთან ანგარიშსწორება და პოლიტიკაში გარკვევა უწევთ. უამრავი პროფესიაა, რომელიც პოლიტიკასთან არ არის უშუალო კავშირში. მათ შორის, მასწავლებლობა, ექიმობა, მათ თავიანთი საქმე აქვთ, სწორედ იმიტომ, რომ თავიანთი საქმე მათგან ძალიან დიდ ინტელექტუალურ რესურსს და დროს ითხოვს, აღარ რჩებათ პოლიტიკაში გარკვევის დრო. აგერ, ექსპერტებად ვითვლებით, გამუდმებით ვადევნებთ თვალს პოლიტიკას და პერიოდულად ანგარიშს ვაბარებთ საზოგადოებას, მაგრამ არც ჩვენ გვაქვს გარანტია, რომ პოლიტიკაში სრულყოფილად ვერკვევით. ფაქტია, ადვილი არ არის პოლიტიკაში გარკვევა. მით უმეტეს, ისეთ არეულ პერიოდში, როგორშიც გვიწევს ცხოვრება. ამიტომ ნუ ვიქნებით მომთხოვნი სხვადასხვა ფენის სპეციალისტების მიმართ, რომ აუცილებლად უნდა ერკვეოდნენ პოლიტიკაში. ამ სფეროში გარკვევა არანაკლებ ძნელია, ვიდრე მედიცინაში გარკვევა. რატომ არ ვთხოვთ მსახიობებს, დიაგნოზი დაუსვან ავადმყოფს? იმიტომ, რომ ვთვლით, ეს რთულია. ამ დროს აქ ერთი ავადმყოფი ადამიანის ორგანიზმზეა საუბარი, პოლიტიკასთან დაკავშირებით კი მთელი სახელმწიფოს ორგანიზმზეა საუბარი. დღეს, მაგალითად, ერთ სახელმწიფოზე კი არა, პლანეტის პოლიტიკური ცხოვრების დიაგნოზზეა ლაპარაკი და სწორედ ამ გლობალური დიაგნოზიდან უნდა გამოვიყვანოთ საქართველოს პოლიტიკური დიაგნოზი. ამდენად, რა უფრო ადვილია-ექიმობა, თუ პოლიტიკაში გარკვევა?!

ხელოვანი ადამიანების მერკანტილური ინტერესები არასდროს გამოირიცხებოდა. სააკაშვილმა იცოდა ინტელიგენციის შებმის, გადაბირების ხერხები, ხან ინდაურს მიართმევდა მათ, ხან სხვა საჩუქარს, სხვა საქმეა, როგორ მოიხსენიებდა მათ-ჩარეცხილებად, თუ ჩაურეცხავებად...

- გეთანხმებით, ეს ხერხები ყველა ხელისუფალმა იცოდა. შევარდნაძესაც ჰქონდა ეს ხაზი, იგი სპეციფიკურად განიხილავდა ცნობილ ადამიანებს, ყველა პოლიტიკოსს აქვს ეს ხაზი სწორედ იმიტომ, რომ ცნობილ ადამიანებს გავლენა აქვთ სხვა ადამიანებზე. ჩვენი საუბარი რაციონალური დიალოგია და არა პიარისთვის საუბარი, მოსახლეობას უნდა გავუზიაროთ რაციონალური პოზიცია, მოსახლეობის ასეთი პოლიტიკური კვალიფიკაციის ამაღლებისთვის კი უპრიანია, გვახსოვდეს, რომ, პრაქტიკულად, პოლიტიკაში კომპეტენციის ხარისხი ყველგან ძალიან დაბალია, მით უმეტეს, ახალგაზრდებშია ძალიან დაბალი, რადგან მათ გამოცდილება აკლიათ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური იმპულსიც დაბალია ახალგაზრდებში, პირიქით, პოლიტიკური იმპულსი ახალგაზრდებში ძალიან მაღალია. ამიტომაა, რომ ყველა პოლიტიკოსი ახალგაზრდებს ადვილად მართავს. ახალგაზრდებს იოლად მართავდნენ ყოველთვის. მაო ძედუნმა ხუნვეიბინები შექმნა იმისთვის, რომ მის ოპონენტებს ახალგაზრდები გასწორებოდნენ. ოპონენტები გამოაცხადა მტრად და შეუსია ხუნვეიბინები. მაო ძედუნი სპეციალურად ვახსენე, როგორც ყველასთვის მიუღებელი ფაქტი, მაგრამ, თავისთავად, ახალგაზრდებზე მუშაობა ყველა პოლიტიკურ ორიენტაციას ახასიათებს, მათ შორის, ახლა რომ ვლაპარაკობთ ულტრა ლიბერალების პოლიტიკურ გავლენებზე, ისინიც ახალგაზრდობაზე იღებენ ორიენტაციას და ამიტომ სტუდენტური მოძრაობები, როგორც წესი, ულტრალიბერალურია.

სააკაშვილიც ახალგაზრდებზე მუშაობდა, პატრიოტული ბანაკები შეუქმნა, მაგრამ მხოლოდ ახალგაზრდებით არ შემოიფარგლებოდა, მუხრან მაჭავარიანსაც ეწვია საჩხერეში, მართალია, ავტორის თვალწინ მისი ლექსი კარგა გვარიანად დაამახინჯა, მაგრმ მის „განაცებასაც“ აპირებდა, რაზეც პოეტმა უარი შეუთვალა. მუხრან მაჭავარიანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი განაცება მიშამ ვერ მოახერხა, წითელი ინტელიგენციისთვის დამახასიათებელი პირფერობა მუხრან მაჭავარიანმა არ იკადრა და შემდეგი სიტყვებით გამოისტუმრა შეცბუნებული სააკაშვილი -ხალხი ცოდოა, მიშა, ანუ გააგებინა, რომ მიშას მიერ დადგმული ხელოვნური ბედნიერება ადამიანების უბედურებაზე იყო აგებული. ეს იმ დროს გმირობის ტოლფასი იყო. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, ინტელიგენციას უყვარს თავის მოქონება, პატივისცემა და კვარცხლბეკზე აყვანა, მაგრამ დაჯარიმებების წყებამ, ალბათ, მასზეც იმოქმედა.

- ალბათ, პაატა ბურჭულაძის განაწყენების ერთ-ერთი ფაქტორი დაჯარიმებაც იყო. გარდა ამისა, თვითონაც აღნიშნა, რომ მას ოპერის თეატრის შენობა არ დაუთმეს იუბილესთან დაკავშირებით. ეს ხალხი პატივსაა შეჩვეული. ვინც პატივისცემით აღარ მოექცევა, მერე იმათზე ბრაზობენ.

თომა პაატა რუსი.
1 დღის უკან