პოლიტიკური გვამი პოლიტიკური მკვდრის გაპატიოსნებას ცდილობს

პოლიტიკური გვამი პოლიტიკური მკვდრის გაპატიოსნებას ცდილობს

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, გააუქმების პირასაა და მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბოლო დროს პარტიულ და პოლიტიკურ საქმიანობისგან სრულიად დისტანცირებულია და რომლის სიტყვასაც თავად პარტიაში არაფრად აგდებენ, ენმ-ის რებრენდინგს გეგმავს და სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტიის რეფორმის შესახებ საკუთარ ხედვებს საზოგადოებას წარუდგენს.

„მოღალატე დიქტატურა სამშობლოსთვის თავდადებას და გმირობას პიარად აცხადებს. რას არ იტყვი რუსეთის დავალებების პირნათლად შესასრულებლად, მაგრამ რად უღირთ, რომ მათ მომავალ თაობებს ეს შავ ლაქად დარჩებათ. რეჟიმი შეტევას ახორციელებს არა მარტო ეროვნულ ღირსებაზე და ისტორიულ მეხსიერებაზე, არამედ საზოგადოებრივ მოძრაობასა და ასევე პოლიტიკურ პარტიებზე, ამიტომ ჩვენც უფრო შეტევით წინააღმდეგობაზე უნდა გადავეწყოთ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი ძირეული რეფორმირების ჩემეულ ხედვას ორშაბათს გაგაცნობთ“, - წერს სააკაშვილი.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი კი ამბობს, რომ სააკაშვილმა რაც არ უნდა შექმნას, კონკრეტულ პირებს აღარ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკის კეთების უფლება.

„როგორც ჰიტლერი ვერ იქნებოდა და ვერ იქნება პოლიტიკაში, ასევე სააკაშვილი ვერ უნდა იყოს ვერასდროს პოლიტიკაში. მან რაც არ უნდა შექმნას მომავალში „ვივამედში“ პარტია „ვივამედი“ ან პარტია „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის პატიმრები ძლიერი საქართველოსთვის“, „გირჩი 3“ თუ „გირჩი 4“, რასაც დაირქმევენ, სულერთია, რაც არ უნდა იყოს პარტიის სახელწოდება, კონკრეტულ პირებს აღარ უნდა ჰქონდეთ საქართველოში პოლიტიკის კეთების უფლება, როგორც ეს მოხდა ნაცისტური გერმანიის შემთხვევაში“, - განაცხადა წულუკიანმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია, რაც სააკაშვილის განცხადებებს, პირდაპირ მოწოდებებს მისი პარტიის წევრების მიმართ, ყურად არავინ იღებს. მამრაძე მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები, დირექტივები მისი მხრიდან არაერთი ყოფილა, მაგრამ რეალობაში ის არ განხორციელებულა.

„მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ განცხადება, როცა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის წევრებს და მის მენეჯმენტს მოუწოდა, რომ საბჭო შექმნილიყო, მას სათავეში თავად ჩაუდგებოდა და სოფო ჯაფარიძე მისი მოადგილე იქნებოდა. მსგავსი არაერთი განცხადება ყოფილა, რომელზეც საერთოდ მის პარტიაში რეაქციაც კი არ ჰქონიათ. სააკაშვილი იმდენად მარგინალური პოლიტიკური ფიგურა გახდა, რომ მის პარტიაშიც აიგნორებენ. მისი განცხადებები უფრო ბოდვას ემსგავსება, ვიდრე რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ სვლებს.

ამიტომ სააკაშვილის განცხადება პარტიაში დაგეგმილი რეფორმის თუ რებრენდინგის შესახებ, ვფიქრობ, საერთოდ არავისთვის არ იქნება საინტერესო. თინა ბოკუჩავაც კი აღარ საუბრობს მასზე და ბოლო დროს სააკაშვილი, როგორც მათი პარტიის ლიდერი, არსად აღარ ჩანს. მისი სახელი მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს ახსენდებათ ხოლმე, რადგან მთელი პარტიული რეიტინგი სწორედ მის სახელზეა დამოკიდებული. ამიტომ, როცა სჭირდებათ აქცევენ ყურადღებას, როცა არ სჭირდებათ, ის პარტიულ და პოლიტიკურ ცხოვრებიდან საერთოდ გარიყულია“,-ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა აბსურდი განცხადებებით, ფარსით და ტყუილით, ვითომ და კვდებოდა, წამლავდნენ, საკუთარი თავის პოლიტიკური მარგინალიზება მოახდინა, პარტიაზე ყველა კონტროლი დაკარგა. ასევე დაკარგა ამომრჩეველი, რომლისთვისაც ის უპირობა ლიდერი იყო.

„ყველაფერი 2020 წლიდან დაიწყო. გახსოვთ, ალბათ, როცა მან სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძე დააყენა. მაშინ სააკაშვილის პარტიამ 36 მანდატი აიღო და ეს მთელ ოპოზიციაზე, ერთად აღებულზე, მეტი იყო. ამის შემდგე კი დაიწყო მისი დაღმა დაშვება. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ქურდულად შემოიპარა, შემდეგ როგორც განვითარდა მის გარშემო მოვლენები, მის ტყუილს ფარდა აეხადა და წუწუნით, ტირილით შეაღონა ქართველი ხალხი, მისი რეიტინგი დაეცა. ამასთანავე ვადევნებთ საგამოძიებო კომისიას თვალს და უფრო მეტი სიცხადე შემოვიდა ამ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. შესაბამისად, სააკაშვილსაც და მის პარტიასაც ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოების მხრიდან სათანადო ადგილი მიეჩინება. ის ამას მშვენივრად ხვდება, მაგრამ რის გაკეთება შეუძლია, როცა საკუთარ პარტიაშიც კი არ უსმენენ“, - ამბობს მამრაძე.

რაც შეეხება ვერსიას, რომ ნაციონალებზე გაბრაზებულმა სააკაშვილმა, შესაძლოა, პარტიისგან დისტანცირება გადაწყვიტოს, მამრაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეს არ არის მოსალოდნელი, თუმცა სააკაშვილის ექსცენტრიკული ხასიათიდან გამომდინარე, არაფერია გამორიცხული.

„სააკაშვილს 2024 წლის არჩევნებამდე ამის გაკეთება შეეძლო. მას ჰქონდა შანსი, რომ ნაციონალების სიის დაკომპლექტების შემდეგ ეთქვა, რომ ეს სია არ არის მისი შედგენილი და საერთოდ, ამ პარტიას ემიჯნება, ახალ პოლიტიკურ ძალას აყალიბებს და ა.შ. ახლა ამის რესურსიც აღარ გააჩნია, მით უმეტეს საგამოძიებო კომისიის შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ნაციონალების განშტოებებსაც, კრებსით ნაციონალებს, შესაძლოა, პარტიის ქონა და პოლიტიკურ ძალად ყოფნა აეკრძალოს. ამიტომ სააკაშვილი ვერც იმას იზამს, რომ ახალი პოლიტიკური ძალა შექმნას. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ მის სიტყვებს, რაც არ უნდა თქვას, ყურადღებას არავინ არ მიაქცევს“, - ამბობს მამრაძე.