დასავლეთიდან და ევროკავშირიდან საქართველოს ხელისუფლებაზე არნახული წნეხის მიუხედავად, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ გახდომაა. პრემიერმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება“.
თბილისში მის განცხადებას პოლიტიკური ინტერპრეტაციები მოჰყვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კობახიძემ დასავლეთიდან წამოსული ზეწოლის ფონზე რიტოტიკა შეცვალა. ნაწილის აზრით კი, პრემიერის ეს განცხადება გარე მოხმარებისთვის იყო განსაზღვრული და რეალურად „ოცნება“ არაფრის შეცვლას არ აპირებს.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის სიტყვა თურქეთში კონსტრუქციული და დიპლომატიური იყო. მათ თქმით, „დიფ სთეითის“, „გლობალური ომის პარტიის“ და ომში ჩათრევის მცდელობების შესახებ ანტალიაში შეკრებილებმა ისედაც იციან და მასზე ხაზგასმა საჭირო აღარ იყო. თუმცა პრემიერმა ღიად მაინც განაცხადა, რომ საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ.
მთავრობის მეთაურის თქმით, განვითარებისა და სხვადასხვა ქვეყნებთან სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მთავარი მშვიდობაა. მან აქცენტი კვლავ უკრაინის ომის დასრულებაზე გააკეთა და მიიჩნევს, რომ საქართველოსთან დამოკიდებულებაც ამ კონტექსტში შეიცვლება.
„დღეს, ორმხრივ შეხვედრაზე მე პირადადაც გადავუხადე მადლობა ბატონ ალიევს მისი მხარდამჭერი განცხადებების გამო. ვინც ობიექტურად აკვირდება და აფასებს მოვლენებს, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო. ყველასთვის ასევე ცხადია ის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს გარშემოც. თქვენ იცით, რამდენად დადებით როლს ასრულებს საქართველო მთლიანად სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს ფართო რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა - მშვიდობაზე ორიენტირება, განვითარებაზე, კეთილდღეობაზე. ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს, თუმცა დღეს, თანამედროვე მსოფლიოში მიდგომები არის, სამწუხაროდ, განსხვავებული. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება მიდგომები. ეს სჭირდება მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკის სწორი მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ოკუპაციის პირობებშიც კი „რუსეთთან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მიჰყვება“.
„შემიძლია გითხრათ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგვმართეს. მეორე თხოვნით 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგვმართეს. ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური წნეხი საკმაოდ უხეში იყო. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ იყო ქვეყნის ხელშემწყობი.
ამ დრომდე ვდგავართ გამოწვევების წინაშე და გვიწევს, უფრო მეტად უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები მშვიდობისა და ჩვენი ერის კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე, ვიდრე სხვადასხვა ქვეყნებთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე. ზოგიერთ კონკრეტულ ქვეყანაში ქართველი ელჩები პრაქტიკული სამუშაოს გარეშე არიან დარჩენილნი. იმიტომ, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ ქვეყნებთან ურთიერთობა და ისინი ხშირად ჩივიან. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მათ, რომ უნდა ველოდოთ მშვიდობის დროს“, - განაცხადა კობახიძემ.
საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი თამარ კიკნაძე for.ge-თან ამბობს, რომ საქართველოს პრემიერს რაიმე ახალი და განსაკუთრებული არ უთქვამს, რადგან ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა ისედაც ევროკავშირისკენ სვლაა და ეს საქართველოს კონსტიტუციით არის გაწერილი.
„საქართველო ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყანა სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში გახდა და ყველამ კარგად იცის, როგორ წინ არის იმ რეფორმების განხორციელების კუთხით უკრაინასა და მოლდოვაზე. საქართველო ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გამხდარიყო. თუმცა ბოლოს რა მოვლენებიც საქართველოს მიმართ განხორციელდა და რაც ჯერ კიდევ გრძელდება, მართლაც ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების შანტაჟია. საქართველოს მოსახლეობამ ხომ კარგად დაინახა და საბოლოო ჯამში, ამერიკის მაგალითიდანაც კარგად გამოჩნდა რა სახის გლობალურ გავლენებთან და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევასთან გვაქვს საქმე.
საქართველოს ხელისუფლებას კი არა, ამერიკის პრეზიდენტს ტრამპს ესხმიან თავს და ეს ევრობიუროკრატები რა აღვირახსნილადაც იქცევიან, ყველა კარგად ხედავს. საქართველოს ხელისუფლებამ ამ 3 წლის განმავლობაში რა წნეხსაც გაუძლო და რა ზეწოლის ქვეშაც იმყოფება, ვერც ერთი სხვა ხელისუფლება ამ წნეხს ვერ გაუძლებდა. რატომ ისჯება ჩვენი მთავრობა ესეც ხომ დღესავით ნათელია. მიზეზი არის ის, რომ „ოცნება“ მოქმედებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ის, რაც პრემიერმა თურქეთში განაცხადა, არაფერი რიტორიკის და პოლიტიკის ცვლილება არ იკითხება ამაში. ეს იყო გულახდილი და ღია საუბარი იმის შესახებ თუ რა სურს ჩვენს ხელისუფლებას და როგორ პასუხს იღებს ამაზე რიგი ევროპული ქვეყნებისგან, რომლებიც „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ იმყოფებიან და ერთმანეთის მიყოლებით საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ახალ წნეხს ახორციელებენ“, - ამბობს კიკნაძე.
მისივე თქმით, არ შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება შანტაჟის ბერკეტი გახდეს. ის, რომ ქართველი ხალხის ნება და სურვილი ევროპულ ოჯახში თავის დამკვიდრებაა, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას არ უნდა გულისხმობდეს.
„ბოლო დროს ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს წინააღმდეგ იარაღად იქცა გამოყენებული. ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს რა ბარიერი აღარ შეუქმნეს და არ აძლევდნენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამის შემდეგ დაიწყო ის, რაც დღეს გრძელდება, გვთხოვენ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას. სიმართლეს ამბობს პრემიერი, როდესაც იმედი აქვს და ვარაუდობს, რომ უკრაინის ომის დასრულების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. „დიფ სთეითი“, რომელიც ამ ომის შემოქმედია, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ საქართველოზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს. ამიტომ პრემიერმა, როგორც ევროპას, ასევე რუსეთსაც ამით გაუგზავნა მესიჯი, რომ არ სურს არც ერთთან კონფლიქტი და დაპირისპირება. ამაში უცნაური და გაუგებარი რა არის. ქვეყანას, რომელსაც 20% აქვს ოკუპირებული და ყურის ძირში იარაღი აქვს მობჯენილი, რა უნდა უთხრა, აბა! როცა მტერი შენზე ათჯერ და ასჯერ ძლიერია, ომი უნდა გამოუცხადო?!
ჩვენ რომ ის განგვეხორციელებინა, რასაც საქართველოს სთხოვდნენ და რაზეც პრემიერმა ღიად თქვა, დღეს საქართველო აღარ იქნებოდა. უკრაინა იმხელა ქვეყანაა, ის ახერხებს ჯერ კიდევ გამკლავებას, მაგრამ საქართველოში რა მოხდებოდა და რა კატასტროფა იქნებოდა, ამის წარმოდგენაც კი მიჭირს. ამიტომ ივანიშვილმა ხელისუფლებასთან ერთად აწარმოა ეროვნული პოლიტიკა, რომელსაც ვერ ბატონობენ. შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება დრო და მოთმინება, სწორედ ეს თქვა პრემიერმაც“, - ამბობს კიკნაძე.