„მეუღლის გამყიდველი ადამიანი“, „უდანაშაულო ხალხის დამჭერი“, - ამ სიტყვებით აშანტაჟებენ ნაცები აჭარაში სადისტურად მოკლული სერჟანტის როინ შავაძის მეუღლეს ციცინო შავაძეს და ემუქრებიან, რომ ცუდი ბოლო მოელის მასაც და მის და-ძმებსაც. მართალია, ნაცთა რეჟიმი დასრულდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ციცინო შავაძე მაინც შინაპატიმრობაშია და 16 წელია, გარეთ გასვლას ერიდება. მით უმეტეს, ერიდება თავისი ოჯახის წევრებთან ერთად მანქანით გადაადგილებას, რომ მათ უბედურება არ მოუტანოს.
ციცინო შავაძე შესაძლოა, გამონაკლისი არ იყოს და, მის მსგავსად, სხვა არაერთ ადამიანსაც ატერორებდნენ დამნაშავე პარტიის წარმომადგენლები. აქ უკვე მონანიებაზე საუბარი ზედმეტია, როცა დაზარალებული ქალბატონი 16 წელია, სახლიდან ვერ გამოდის.
აგვისტოს ომის შემდგომ დღეებში სპეცრაზმელების მხრიდან მოკლულ როინ შავაძეს 40 ტყვიით სიკვდილი, ძვლებისა და ფალანგების გადამტვრევა არ აკმარეს, ჩივილის შემთხვევაში, მოკლული ქმრის მოღალატედ გამოცხადებით დაემუქრნენ მის მეუღლეს და დაჰპირდნენ, რომ შვილებს ამ დაღის ტარება მთელი ცხოვრება მოელოდათ.
ციცინო შავაძის ნათქვამი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ნიშნავს, რომ ნაცებს დღემდე დაუსჯელობის განცდა აქვთ, რადგან ისევ ბედავენ დაზარალებული ადამიანების დაშანტაჟებას.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენი საზოგადოება გულისყურით ადევნებს თვალს საპარლამენტო კომისიის მუშაობას და უამრავ დეტალს ეცნობა. ამდენად, ეს დეტალები არ უნდა დარჩეს მხოლოდ საინფორმაციო წყურვილის დაკმაყოფილების დონეზე. თითოეული მსგავსი ფაქტი კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს მოიცავს და ექვემდებარება სისხლის სამართლის კოდექსის ამა თუ იმ მუხლს. ამიტომ შესაბამისი ორგანოები, პროკურატურა არ უნდა ტოვებდნენ მსგავს ფაქტებს უყურადღებოდ.
„ციცინო შავაძის მისამართით განხორციელებული მუქარა და, ზოგადად, ყველა ინფორმაცია, რომელიც ცნობილი ხდება დღემდე მიმდინარე დანაშაულის შესახებ, სამართლებრივი რეაგირების საგანი უნდა იყოს, თანაც უსწრაფესად, ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების გარეშე. პროკურატურას კანონით მინიჭებული უფლება აქვს, სოციალურ ქსელებში გაჟღერებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გაჩენისთანავე, ასევე, ტელევიზიით გაჟღერებული კონკრეტული დანაშაულის შესახებ რეაგირება მოახდინოს, აღძრას სისხლის სამართლის საქმე და შემდგომ ან მიიყვანოს სასამართლო პროცესამდე, ან თუ მტკიცებულებათა ბაზა არ იქნება დამაჯერებელი და საკმარისი, შეწყვიტოს ეს საქმე. უმოქმედობა, იგნორირება და უყურადღებობა ეს არის უკვე თვითონ პროკურატურის დიდი შეცდომა, რასაც საზოგადოება თვალს ადევნებს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
მისივე განმარტებით, ძნელია იმის თქმა, რამდენად ბევრია ასეთი საქმეები და რამდენად აშანტაჟებენ დამნაშავე ადამიანები დაზარალებულებს, მაგრამ იგი, როგორც პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი რიგითი წევრი, ფლობს ინფორმაციას უამრავ გზავნილთან დაკავშირებით, რომელიც შედის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ელექტრონულ მისამართზე. ჯერ კიდევ 3-4 კვირის წინ კომისია 200-მდე შესაბამის გზავნილს იღებდა ყოველდღიურად, სადაც ადამიანები 2003-12 წლების განმავლობაში მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულს აღწერდნენ.
„ალბათ, ათასამდე (ათი ათასამდე თუ არა) მაინც იქნება ჩვენი მოქალაქეების გულისტკივილი, რომელსაც, უბრალოდ, ფიზიკურად, კომისია ვერ განიხილავს. ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ უამრავ ამ მასალას გადავაგზავნიდით პროკურატურაში. ძალიან ცუდია, თუ ეს ფაქტები პროკურატურისთვის უკვე ცნობილი იყო წლების განმავლობაში და არაფერი გაკეთებულა კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ადასტურებს, რომ, ცხადია, ნაცებს დაუსჯელობის განცდა აქვთ, რადგან, ფაქტობრივად, დღემდე სასჯელი მოიხადა მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის მქონე მხოლოდ რამდენიმე პირმა. აქედან გამომდინარე, სასჯელს გადარჩენილ დანარჩენ დამნაშავეებს უდავოდ ექნებათ დაუსჯელობის განცდა. ანალიტიკოსის განმარტებით, ნაცების პარტია არ იყო ისე აწყობილი, რომ მხოლოდ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობა ყოფილიყო გადამწყვეტი ჩადენილი დანაშაულების გამო. აქ ბევრი ადამიანი ჩადიოდა დანაშაულს.
„ცხადია, არსებობს ასეთი მოდელი, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ პირველ პირს, დავუშვათ, სააკაშვილს ეკისრება და დანარჩენები მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ, რომლებიც თურმე არ უნდა დაისაჯონ. ანალოგიური მოდელი ნიურნბერგის პროცესზეც ხშირად თამაშდებოდა, დამნაშავე შემსრულებლები იძახდნენ, „ჩვენ რა შუაში ვართ, ბრძანება ზემოდან მოდიოდა“. მიუხედავად ამისა, მათი პასუხისმგებლობა მაინც დადგა, ვინც შუა რგოლს წარმოადგენდა ნიურნბერგის პროცესზეც კი. მართალია, ნაცისტური გერმანიის შუა რგოლში ყველას არ შეხებია სასჯელი, უფრო მაღალი სტატუსის პირებს შეეხო, მაგრამ დამნაშავე შუა რგოლმა მთლიანობაში მაინც ვერ მოახერხა პასუხისმგებლობის აცილება იმ არგუმენტით, რომ თვითონ არ იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებნი. ანალოგიურად ეს პრინციპი, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს შუა რგოლის დამნაშავემ, შესაძლოა, არც საქართველოში გამოდგეს, გააჩნია, როგორ წავა საპარლამენტო გამოძიების პოლიტიკური გააზრება, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი, დაისაჯა თუ არა ყველა, ვინც ჩასასმელი იყო“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსის მოსაზრებით, თუკი დღეს არსებობს ვინმე, ვინც ყურმილს აიღებს და პარტიის დაცვის მიზნით ბულინგს მოუწყობს სხვა ადამიანს, ე.ი. ჯერ კიდევ ბევრი პიროვნება ყოფილა სასჯელის ღირსი. თუ პარტიის დაცვის მოტივით ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის მიმართ აგრესია გაჩნდება, აგრესორი უნდა დაისაჯოს.
„დაშანტაჟება, იძულება, ბულინგი თავისთავად დასჯადი უნდა იყოს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. ციცინო შავაძის არ იყოს, ნაცების მხრიდან კიდევ სხვა დაზარალებული ადამიანების დაშანტაჟებაც არ გამოირიცხება. ჩვენ გახმაურებულ საქმეებზე ვსაუბრობთ, თუმცა არის ბევრი გაუხმაურებელი საქმე, რომელიც პროკურატურისგან განხილვას ელოდება“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.