გიორგი ვაშაძის და ნიკა მელიას საქმე პროკურატურაშია - ასეთია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება. კომისიის მე-13 სხდომა სვანეთში, სოფელ ეცერში ჩატარებეულ სადამსჯელო სპეცოპერაციას მიაძღვნა. თავისი შინაარსით ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სხდომა, სადაც დაზარალებულებმა დეტალურად ისაუბრეს იმ სადიზმზე, რომელიც მათი ოჯახის მიმართ განხორციელდა და რომლის მთავარი მოქმედი „გმირები“ იყვნენ - მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიორგი ბარამიძე და ზურაბ ადეიშვილი. კომისიაზე მოწვეული იყვნენ დოდო, ლედი და გიორგი აფრასიძეები.
აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული სადამსჯელო სპეცოპერაციით დაიწყო „ვარდების“ ხელისუფლებამ ქვეყანაში მასობრივი ტერორი. 2004 წლის 24 მარტს, მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, დილის 7 საათზე სოფერ ეცერში შსს-ს და უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმი და მათ შორის 12 ვერტმფრენი იწყებს ფართომასშტაბიან სპეცოპერაციას აფრასიძეების წინააღმდეგ. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იხსნება ცეცხლი. სპეცოპერაციის დროს სახლში იმყოფებოდნენ ქალბატონები და 4 მცირეწლოვანი ბავშვი. სადამსჯელო ოპერაცია იმით დასრულდა, რომ ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 21 წლის წინ განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა დოდო აფრასიძემ.
„ადრე ვდგებოდი ყოველთვის და იმ დღესაც ადრე ავდექი, ჯერ კარგად გათენებულიც არ იყო. კარში გასული არ ვიყავი, დაიწყო სროლები. დილის შვიდი საათი იყო. როგორც სეტყვა, ისე მოდიოდა ტყვიები. ბავშვები შევყარეთ ლოგინის ქვეშ, ირგვლივ ყველაფერი დავყარეთ, რაც იყო, მათ შორის, ქვაბები, ყველაფერი ლოგინის ირგვლივ დავყარეთ, რათა ბავშვებს ტყვიები არ მოხვედროდათ. ბავშვები რამდენადაც უფრო ჰკიოდნენ, მით მეტი ტყვია მოდიოდა. ბოლოს დაიწყეს დაბომბვა იმ სახლის, სადაც ბავშვები იყვნენ“, - განაცხადა დოდო აფრასიძემ.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დოდო აფრასიძეს ჰკითხა: „ბავშვები რომ შეყარეთ ლოგინის ქვეშ, თქვენ ამ დროს სად იყავით?“ რაზეც დოდო აფრასიძემ უპასუხა: „იქ ვიყავი. ბავშვები და ყველა რომ შევყარეთ, მეც შევედი ლოგინის ქვეშ, ბავშვებს ვამშვიდებდი. ერთი ლოგინის ქვეშ ვიყავით ყველა, გიოს გარდა. გიო უკვე გოჩას ჰყავდა გადაყვანილი მეზობელთან.
თითქოსდა გადაისროლა, შეუგდო იმ ოჯახს ბავშვი და თვითონ უცებ გამობრუნდა. ევგენი ხელებაწეული დაჭრეს, იღლიაში იყო დაჭრილი. გოჩამ და ომეხმა, მისმა შვილებმა შეიყვანეს და დააწვინეს დივანზე. მაშინვე შევარდნენ, ორივე დაიჭირეს. ომეხი შებორკეს და ისე გამოიყვანეს, გოჩა იქ გზაში დააგდეს, „შტიკნოჟით“ დასერეს. გოჩას ტყვია არ მოხვედრია, გოჩა დასერეს. მკვდარი ეგონათ უკვე და გადაფარებული ჰქონდა „ადიელა“. ომეხი ხელ-ფეხშებორკილი გაათრიეს პირდაპირ ქუჩაში, ტალახში და იქ დახვრიტეს. ისე დახვრიტეს, რომ საერთოდ გადაჭრილი იყო შუაზე ნატყვიარით“, - გაიხსენა დოდო აფრასიძემ.
კომისიის სხდომაზე დოდო აფრასიძეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა: „ხელ-ფეხ შეკრულს რომ მიათრევდნენ, მაშინ მოხვედრილი ჰქონდა თუ არა ტყვია ომეხ აფრასიძეს, რაზეც მოკლულის დედამ უპასუხა: „ომეხი რომ დაიჭირეს, მაშინ არ იყო დაჭრილი. ვიდრე გაიყვანდნენ გზაში, არ იყო დაჭრილი. დიდი ტალახი იყო, იქ დააგდეს და დაუწყეს სროლა. ბეჭედს რომ ვერ აძრობდნენ, თითი წააჭრეს ცხედარს და შემდეგ ყელსაბამს რომ ვერ უხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დააბიჯეს, ისე ამოგლიჯეს. ამას ყველაფერს უყურებდნენ პატარა ბავშვები. წარმოიდგინეთ, რა აქვთ ამ ბავშვებს გადატანილი“, - აღნიშნა დოდო აფრასიძემ.
სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის შვილიშვილმა, ლედი აფრასიძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ თავდამსხმელების მიზანი იყო, ცოცხალი არავინ გადარჩენილიყო. მისი თქმით, ბავშვების ტირილის ხმა როცა იმატებდა, ტყვიებიც იმატებდა, ამიტომ მამამ ბავშვებს უთხრა, თავი შეეკავებინათ, რომ ხმა არ გასულიყო.
„ძალიან კარგად იცოდნენ სპეცოპერაციის შემკვეთმა სააკაშვილმა და ხელმძღვანელმა ბარამიძემ, რომ იმ სახლში იმ დროს ვიყავით პატარა ბავშვები. ჩვენს ოჯახში ერთადერთი ძებნილი იყო, ომეხ აფრასიძე, რომლის დაკავებაც ნებისმიერ დროს შეეძლოთ, რადგან ის სრულიად თავისუფლად გადაადგილდებოდა მთელ სვანეთში და არამარტო სვანეთში. ომეხი ცოცხლად აიყვანეს, ხელბორკილები დაადეს, გადაიყვანეს მეზობლის ეზოში და უკვე დაკავებული ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებდა, დახვრიტეს. დახვრიტეს ისე, რომ ჯერ დანით მიაყენეს ჭრილობები, შემდეგ ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით უამრავი ჭრილობა მიაყენეს და მისი ცხედარი იყო მთლიანად დაფლეთილი.
გიორგი ბარამიძემ გაბედა, ეთქვა მეზობლებისთვის, სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცით და იქნებ გაგვიმასპინძლდეთო. ესეც კი იკადრა მაშინ, როცა წინ სახლი იწვოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო, გვერდით კი - ომეხ აფრასიძის ცხედარი. ბარამიძე დღეს ბედავს და იმასაც კი ამბობს თითქოს არ ესწრებოდა ამ სპეცოპერაციას. სინამდვილეში, ის იქ ბრძანდებოდა და კადრებიც ადასტურებს. ასევე ადასტურებს მეზობლების ჩვენებები პროკურატურასთან. გიორგი ბარამიძე იდგა ჩვენს სახლთან. უკადრისობს და უარყოფს ამ ფაქტებს, თუმცა ამ ფაქტის ძალიან ბევრი მოწმე არსებობს“, - განაცხადა ლედი აფრასიძემ.
გიორგი აფრასიძემ აღნიშნა, რომ დასახმარებლად ვინც მოვიდა, ეზოშიც არ შეუშვეს, ვიდრე სახლი ბოლომდე არ დაიწვა. „ამ დროს ბაბუაჩემი, ცოცხალი, დაჭრილი ადამიანი, სახლში ცოცხლად იწვოდა, რაც შესანიშნავად იცოდნენ იმ სპეცრაზმელებმაც და ამ სპეცოპერაციის დამკვეთებმაც, მაგრამ მეზობლებს არ მისცეს საშუალება, ადამიანი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოეყვანათ“, - განაცხადა გიორგი აფრასიძემ.
დაზარალებულებთან გასაუბრების დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ შემზარავ ისტორიაზე სულ მცირე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება გიორგი გაბარამიძეს, ხოლო დანარჩენი კი მისი თქმით, დასადგენია.
„ასე ვამბობთ, რადგან ასე მოითხოვს კანონი, რომ ასე ვთქვათ. ასევე, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც განცხადებაში ამბობს, რომ ის იყო პირადად დამკვეთი ამ უბედურების. სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, რადგან ეს ბავშვები გადარჩნენ და ცოცხალია გიორგი აფრასიძეც. მათ ჰყავთ კიდევ ორი დედმამიშვილი და ეს ბავშვები აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს, გიორგი ბარამიძის ნებისდა მიუხედავად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომისიის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, არანაირი დაკავება არ იგეგმებოდა. დაგეგმილი იყო აფრასიძეების მკვლელობა, რაც დაადასტურა მიხეილ სააკაშვილმა.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა მოხდა. ბოდიში იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე არაა მიყვანილი და ამ დრომდე არ დამდგარა სამართლიანი განაჩენი. ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა - ეს არის, უბრალოდ, სირცხვილი ჩვენი ხელისუფლების. გიორგი აფრასიძემ თქვა, რომ სრულიად წარმოუდგენელი რაღაცები დააბრალეს მათ ოჯახს - თითქოს აფრასიძეების მოკლული იყო 15 წლის მარიამ გოგინაშვილი და კახა კალაძის ძმა, ლევან კალაძე, თუმცა მოგვიანებით ფაქტებით დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი იყო შეთითხნილი ბრალდებები და სრული სიცრუე.
მაშინდელი რეჟიმის წარმომადგენლებმა აიტანეს თბილისიდან ტრიბუნა სვანეთში, იქ ჩაატარეს ბრიფინგი მერაბიშვილმა და ადეიშვილმა და თქვეს, რომ ეს ორი საქმე არის გახსნილი და თითქოს მათი გვამები არის ამოცნობილი. სინამდვილეში კი, ნაპოვნი გვამები ერთი საუკუნის წინანდელი აღმოჩნდა. 15 წლის მარიამ გოგინაშვილის საქმე, სამწუხაროდ, ამ დრომდე არ არის გახსნილი, ლევან კალაძის საქმე კი, გახსნილია და დამნაშავეები გასამართლებულები არიან. მისი საფლავი კი, თბილისში, ვაზისუბანში იქნა აღმოჩენილი, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა კი სვანეთში ჩაატარეს ბრიფინგი, თითქოს იქ იყო დამარხული. აი, ასეთ რამეებს ჩადიოდნენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ ფაქტებზე ისაუბრა მთავრობის ხელმძღვანელმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესი კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რა ხალხი მართავდა ჩვენს ქვეყანას 2003 წლის ბოლოდან 2012 წლის ჩათვლით. ეს იყო უცხოური აგენტურა, ხშირ შემთხვევაში, აქ იყვნენ წარმოდგენილები ჩვეულებრივი სადისტები. მისივე თქმით, ესენი იყვნენ არა მხოლოდ უპრინციპო ადამიანები, არამედ სადისტურად ეპყრობოდნენ სხვებს და სწორედ ამ საერთო სულისკვეთებით გამოირჩეოდა მაშინდელი ხელისუფლება.
„მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ „დიფ სთეითი“ ევროპული ბიუროკრატიის ხელით, მანამდე ამერიკული ბიუროკრატიის ხელით ცდილობდა, მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლებაში დაებრუნებინა ეს ადამიანები, ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ სადიზმით, ადამიანების მკვლელობით, წამებით, რომლებმაც ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20% და ა.შ. ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს „დიფ სთეითი“, მანამდე ცდილობდა ამერიკული სტრუქტურების ხელით.
საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან და რაც მთავარია, უნდა დადგეს შედეგი. ეს შედეგი უნდა იყოს იმ ძალების ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან, რომლებმაც არა მხოლოდ წარსულში ჩაიდინეს დანაშაულები, არამედ მომავლისთვისაც უქადდნენ ასეთი დანაშაულების ჩადენას ჩვენს ქვეყანას. ჩვენი დემოკრატიული სისტემა რომ გაჯანსაღდეს, არ შეიძლება, ასეთი პოლიტიკური ძალები დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.