საქართველო ევროსაბჭოდან არ გარიცხეს, თუმცა... „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“

საქართველო ევროსაბჭოდან არ გარიცხეს, თუმცა... „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“

ევროსაბჭოს გადაწყვეტილება და ახალი რეზოლუცია, რომელიც ძველის ანალოგია, იანვარში დაყენებულ მოთხოვნებს უცვლელად იმეორებს. ოპოზიციის მოლოდინი რომ საქართველოს ხელისუფლებას მანდატებს შეუჩერებდნენ, არ გამართლდა. 7 აპრილს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, 89 წევრმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა, სადაც ბოლო დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. 

სტრასბურგში გამართული დებატების დროს გამომსვლელებს შორის იყვნენ ისინიც, ვინც უშუალოდ აკვირდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნებს. მათი თქმით, დარღვევები არ განსხვავდებოდა არც წინა არჩევნებისგან და არც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ზოგიერთი ხმის მიცემისგანაც. ნაწილი კი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე აკეთებდა აქცენტს.

რეზოლუციის მიღების პარალელურად, ასამბლეას უნდა გადაეწყვიტა ცნობდა თუ არა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის რწმუნებათა სიგელებს. თუმცა გაირკვა, რომ წინა შემთხვევის მსგავსად, ეს საკითხი უცვლელად რჩება. სიგელების ცნობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. ევროპის საბჭოს წევრების ნაწილი ასამბლეიდან საქართველოს გარიცხვის წინააღმდეგია და აცხადებენ, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი დიალოგშია.

„მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიალოგი ღია დარჩეს. ჩვენ არ ვიზიარებთ წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას, და, რა თქმა უნდა, არც იმ წინადადებებს, რომლებიც საქართველოს ამ ასამბლეისგან გარიცხვას ისახავს მიზნად. მე ვფიქრობ, უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მთავრობაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ხალხზე, რომელიც იმედით უყურებს ევროპას.

მკაფიო და ძლიერ მოწოდებას ვუგზავნით ქართულ ხელისუფლებას: მოუსმინეთ ამ ასამბლეის რეკომენდაციებს, გაითვალისწინეთ ვენეციის კომისიისა და ადამიანის უფლებათა კომისრის დაკვირვებები. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ქართული დელეგაცია მალე შეძლებს ამ დარბაზში დაბრუნებას, რადგან ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, როდესაც პოზიციები ერთმანეთისგან შორსაა, დიალოგი ყოველთვის სჯობს სიჩუმეს. ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი, არა იმისთვის, რომ ვინმეს მოვეწონოთ ან დავსაჯოთ, არამედ იმისთვის, რომ ერთად ავაშენოთ ევროპა, რომელიც უფრო სამართლიანი, თავისუფალი და მყარად დაფუძნებული იქნება თავის ფუნდამენტურ ღირებულებებზე“, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ელიზაბეტა გარდინიმ.

ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში მუშაობაზე უარი დაახლოებით 2 თვის წინ თქვა. მიზეზი PACE-ს მიერ დაყენებული წინაპირობები გახდა. ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა სახელისუფლებო პარტიისთვის ქვეყნის სუვერენიტეტის იგნორირებაა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობას „ქართული ოცნება“ მხოლოდ ობიექტური დამოკიდებულების შემთხვევაში განიხილავს. მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ უსამართლო შეტევის პირობებში, ასაბლეაში საქართველოს დელეგაცია არ იმუშავებს.

„PACE-ში დღეს დელეგაციით წარმოდგენილი არ ვართ იქამდე, ვიდრე პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. რთულია, აქ ისაუბრო რაიმე კონსტრუქციულ დიალოგზე. PACE-ში იმავე ადამიანებს ვხედავთ, რომლებიც ევროპარლამენტში არიან, იგივე პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომლებიც ყვირიან და არ საუბრობენ. საბჭოთა სტილის ქცევაა, რომელიც ვირუსივით შეეპარა ევროპის სხვადასხვა ქვეყანას და სულ უფრო მეტად ემსგავსებიან საბჭოთა კავშირში არსებულ ქცევის სტილს. 9 აპრილის აღნიშვნის ფონზე, იმისთვის არ ვიბრძოდით და არ გვინდოდა დამოუკიდებლობა, რომ დღეს ესტონეთმა გვიკარნახოს, ხან ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საფრანგეთის ზოგიერთმა დეპუტატმა ან შვედმა დეპუტატმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე „მაიდანს“ ითხოვდა, უკარნახოს ქართველ ხალხს, ვინ აირჩიოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ელოდებოდა ოპოზიცია. მათი უმრავლესობის მოლოდინი არ გამართლდა, თუმცა ფიქრობენ, რომ რეზოლუციის ზოგადი შინაარსი მათი მორიგი გამარჯვებაა.

ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-თან ამბობს, რომ ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია აჩენს იმის შთაბეჭდილებას, რომ იანვრის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით ამ ადამიანებს არ უმსჯელიათ. არც რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიუღიათ და არც ახალი ინფორმაცია გაუანალიზებიათ.

„ეს რეზოლუცია არც გამკვირვებია, რომელიც ერთი-ერთში იმეორებს იანვარის რეზოლუციას. ფაქტია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებენ - ისევ დირექტივები, თითის ქნევა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა და ტრამპი ევროკავშირის მიმართ არც თუ კეთილგანწყობილია. შესაბამისად, არაფერი არ არის შეცვლილი და ისევ სიტყვა-სიტყვით იმეორებენ იმავეს, რაზეც ხელისუფლებამ უკვე პასუხი გასცა. თუმცა ევროკავშირში ისეთი პროცესები განვითარდა, რომ ევროკავშირისთვისაც ეს რეზოლუცია ძალიან უხერხულ სიტუაციას ქმნის. პირველ რიგში ვგულისხმობ, ევროკავშირში 7 მილიარდ ევროსთან დაკავშირებულ სკანდალს, რამაც ევროდეპუტატები აიძულა, რომ ძალიან სერიოზული შეშფოთება გამოეხატათ და დაფიქრებულიყვნენ იმ კორუფციაზე, რომელიც ევროკავშირში ტრიალებს. ეს ფული, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის იყო გამოყოფილი, ღმერთმა იცის სად მიდიოდა. მთელი ევროპა საუბრობს იმაზე, რომ სასწრაფოდ ენჯეოების დაფინანსების და გრანტების შესახებ კანონია გასამკაცრებელი, ამავდროულად კი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, რომ ამერიკული კანონის „ფარას“ ანალოგის სასწრაფოდ გაწვევა მოხდეს. აი, ამ მარაზმს და ორმაგ სტანდარტებს აქვს ადგილი“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ევროკავშირი და მისი სტრუქტურები იმდენად ამორფული ორგანიზმი გახდა, რომ მათ საუბარში და ორმაგ სტანდარტებში ლოგიკა აღარ იკითხება. ის, რაც მათთვის მისაღები და აუცილებლად გასაკეთებელია, საქართველოს ხელისუფლებას უკრძალავენ.

„წარმოიდგინეთ, რას ითხოვენ და თავად რას აკეთებენ. მაგალითად, ევროსაბჭოს დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას უყენებენ ულტიმატუმს, რომ სახელმწიფოს შენობაზე, პარლამენტზე და პოლიციელზე თავდამსხმელი პირები სასწრაფოდ გამოუშვითო. ასევე ხალხის მწამებელი რეჟიმის ლიდერი და შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო. ამის პარალელურად, თვითონ მარი ლე პენს სახლში ჯდომის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 5 წელი თანამდებობაზე არჩევა აუკრძალეს. ჯორჯოსკუს მოგებული არჩევნები თავხედურად, ახსნა განმარტების გარეშე წაართვეს. გამოაცხადეს, „გერმანიის ალტერნატივასაც“ ამას ვუზამთ, თუ წესიერად არ მოიქცევიანო. ევგენია გუცული, მოლდოვის ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ დააპატიმრეს. მიზეზი კი მოუდეს ის, რომ თურმე რუსეთთან კონტაქტები ჰქონია. ამის გამკეთებელი ევროკავშირი გვიტრიალდება და გვეუბნება, რომ ყველა ის კრიმინალი უნდა გამოვუშვათ, რომლებმაც პოლიციელების დაწვა სცადეს და პარლამენტის შტურმის მცდელობაში მონაწილეობდნენ“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ასევე მოგვიწოდებენ იმ კაცის გათავისუფლებას, რომლის შესახებაც საგამოძიებო კომისიაზე არნახულ და ენით აღუწერელ სისასტიკეზე საუბრობენ. ასევე, ითხოვენ არჩევნების დანიშვნას და ამის მიზეზად ასახელებენ ვითომ გაყალბებას, რომლის ერთი მტკიცებულებაც კი ვერავინ წარმოადგინეს.

„არჩევნების გაყალბების ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ დაასახელეს არგუმენტად. არაფერი არ არსებობს და ისევ ერთი და იმავეზე საუბარი მიდის. ჩაატარეთ არჩევნები, რადგან ჩვენ საქართველო, როგორც ვასალი სახელმწიფო, ისე გვჭირდებაო. მათ საქართველო არ უნდათ, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. საქართველოს ხელისუფლება ისჯება ქვეყნის და ხალხის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკის გამო“, - ამბობს ახვლედიანი.

KAB ლგბტ-ს საკითხია ერთ-ერთი მთავარი, ევროპა ვერ და არ აპატიებს ქვეყანას ლგბტ იდეოლოგიის უარყოფას. უხვად არიან თავად ევროპარლამენტში და სტრუქრურებში წარმოდგენილნი. ჩვენს ფრონტს არ დათმობენ, ამერიკული წააგეს, ჯერ-ჯერობით. გულდასაწყვეტია რატომ არ აქტიურობს ამერიკა ჩვენს დასაცავად, რას მიგვატოვა ევროპასთან პირისპირ - ორბანი, ვენსი, ოჯახური ფასეულობების და ა.შ., რას დუმან?
2 დღის უკან
თომა ევრო ფაშისტების საბჭო თანამშრობლობს, აფინანსებს და ლეგიტიმაციას აძლევს სირიელ ტერორისტებს, ტერორისტულ ხელისუფლება სირიაში.
2 დღის უკან
ლაზი ფურთხის ფასია ასეთი რეზოლუცია, როცა მათი სამართლით, რაც ბერლინში სისხლის სამართლის დანაშაულია, იგივე ქმედება თბილისში, მშვიდობიანი გამოხატვა და გმირობაა.
1 დღის უკან