უკრაინა მზად არის, აშშ-სგან სამხედრო დახმარების პაკეტი შეიძინოს. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელებს არ უთხოვიათ მომავალი პაკეტი უფასოდ, ეს უკრაინელების უსაფრთხოების გარანტიაა, რისთვისაც უკრაინამ 30 და 50 მილიარდი უნდა მოიძიოს.
იმ დროს, როცა ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრობს, ზელენსკი ამერიკისგან იარაღის შეძენას აპირებს, რადგან ომის დასრულების მზაობა მართლაც არ ჩანს.
ამასობაში უკრაინის ორ სცენარზე საუბრობს უკრაინული წარმოშობის ამერიკელი კონგრესმენი ვიქტორია სპარცი.
ის ამბობს, რომ უკრაინელებს ორი არჩევანი აქვთ - ცუდსა და უარესს შორის. მათ შეუძლიათ, აირჩიონ ზელენსკი და დანარჩენი ტერიტორიებიც დაკარგონ, ან ზელენსკის გარეშე იცხოვრონ და ახალი ტერიტორიების დაკარგვას გადაურჩნენ, ოღონდ უკვე დაკარგულ ტერიტორიებს არაფერი ეშველება.
„უბრალოდ, ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება უკრაინა იმ პოზიციაში იყოს, რომ ტერიტორიის შენარჩუნება მოითხოვოს“, - ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი და უკრაინელ ხალხს მოუწოდებს, ხმა არ მისცენ ზელენსკის ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორია სპარცი უკვე კარგა ხანია, იმეორებს, რომ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხი დააღალატა, ქვეყანა ომისთვის ვერ მოამზადა, არ გაუწია საკმარისი მხარდაჭერა საკუთარ ჯარს, ვერ მოაგვარა კორუფციის პრობლემა, არ გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია და ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ვითარება. ამდენად, ეს ყველაფერი ზელენსკის პასუხისმგებლობაა.
პარალელურად, იბომბება უკრაინის ტერიტორია და ტრამპისგან დაპირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებას საშველი არ დაადგა. ტრამპი დაბომბვებით უკმაყოფილოა და პუტინის ამ საქციელს არ იწონებს. სამაგიეროდ, უფრო რადიკალურია მაკრონი. საფრანგეთის პრეზიდენტი თვლის, რომ მუდმივი დაბომბვებით რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზებას დასცინის.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთს არ სურს არანაირი მოლაპარაკება, არანაირი მშვიდობა, რუსეთმა ახლა რომ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები, პუტინის რეიტინგი დაეცემა. პუტინი ჰპირდებოდა თავის მოსახლეობას უკრაინის დენაციფიკაციას და კიევის სამ დღეში აღებას. აქედან გამომდინარე, პუტინის რეჟიმის შენარჩუნების ერთ-ერთი შესაძლებლობა ომის გაგრძელებაა.
„ზელენსკის განცხადება ამერიკული იარაღის შეძენასთან დაკავშირებით და საამისოდ 50 მილიარდი დოლარის მოძიება რეალობაა და ეს არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე. სავარაუდოდ, სერიოზული მოლაპარაკებები ჯერ არ დაიწყება. მართალია, ტრამპმა გააკეთა განცხადება ტრაბახის დონეზე, რომ უკრაინის ომს შეაჩერებდა და ახლა თითქოს ცდილობს, თავისი გაიტანოს, მაგრამ ეს ომი არ სრულდება. ტრამპს შეუძლია რუსეთის დასჯა იმით, რომ იარაღი მიაწოდოს უკრაინას, მაგრამ ახლა ტრამპისთვის მთავარია პირადი ინტერესი. ამიტომაც რუსეთის წარმომადგენელი დმიტრიევი სთავაზობდა ამერიკას რუსეთის ტერიტორიაზე მინერალების მოპოვებას. ეს სპეციალური გათვლა იყო იმაზე, რომ, მართალია, რუსეთი ომს არ აჩერებს, სამაგიეროდ, მინერალები ჩვენც გვაქვს და ამერიკელებმა აითვისეთ ეს მინერალები, უკრაინისგან რატომ უნდა აიღოთ მინერალები, აგერ, არ ვართ რუსებიო? ტრამპს რომ მორალური პრინციპები არ აწუხებს, ესეც ფაქტია. მას თავისი კომერციული ინტერესები აქვს“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
ამასთან, ჩიტაძე ეხმიანება ამერიკელი კონგრესმენის ვიქტორია სპარცის განცხადებას ზელენსკის დადანაშაულების შესახებ. ნიკა ჩიტაძის აზრით, ეს არის დეზინფორმატორობა, როცა ამერიკელი კონგრესმენი ზელენსკის აბრალებს ტერიტორიების დაკარგვას, შესაძლოა, ამ ქალბატონს რუსეთთან კავშირიც ჰქონდეს, არაფერს ნიშნავს მისი უკრაინული წარმომავლობა. ჯერ ერთი, ყირიმი როდესაც დაიპყრო რუსეთმა 2014 წელს, მაშინ ზელენსკი არც იყო პრეზიდენტად, პეტრო პოროშენკო იყო ამ პოსტზე. უკრაინაში ომი იმის ბრალია, რომ რუსეთს არ სურს დამოუკიდებელი უკრაინა. ზელენსკის ნაცვლად სხვაც რომ ყოფილო პრეზიდენტი, რუსეთი მაინც შეიჭრებოდა უკრაინის ტერიტორიაზე. ამდენად, წესით, ეს ქალბატონი უხერხულ მდგომარეობაში უნდა ჩავარდეს მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადების გამო.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინის ბედი გადაწყვეტილია. უბრალოდ, ტექნიკური საკითხია ამ გადაწყვეტილების გამოცხადება.
„ზელენსკის პერსონა იმიტომაა დღეს წინ წამოწეული, რომ ზელენსკის შეეწმინდება ხელი. უპირველეს ყოვლისა, ზელენსკი აღმოჩნდება ყველაზე დიდ განტევების ვაცად და დამნაშავედ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში. ზელენსკის ევროპელ პატრონებს, ანუ „დიფ სთეითელებს“ არ სურთ ზელენსკის შეცვლა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ზელენსკის შეცვლა გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას, მის სამართალში მიცემას და ზელენსკიც ალაპარაკდება, ყველას ჩაუშვებს და ნაწილობრივ მაინც იტყვის სიმართლეს. აქ უმთავრესია, რომ ზელენსკი აუცილებლად ხელს დაადებს ევროპელ ლიდერებს. ამიტომ ევროპელმა ლიდერებმაც და სხვებმაც ძალიან კარგად იციან ერთი ელემენტარული ჭეშმარიტება, მათ გარდაუვალად ელით სასამართლო პროცესი, რომელზეც წარდგენილ იქნება მათი საბრალდებო დასკვნებიც. არავინ იფიქროს, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ევროპელთა გასამართლების წინააღმდეგი იქნება. პირიქით, ტრამპის ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს, დღევანდელი ევროპის ლიდერებმა პასუხი აგონ იმისთვის, რა დანაშაულებიც ჩაიდინეს არა მარტო საკუთარი, არამედ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.
რაც შეეხება პუტინის ქმედებებს, რომელიც უკრაინის მასირებულ დაბომბვას ახორციელებს სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პუტინი ამას მარტო არ გააკეთებდა, პუტინი ამას აკეთებს იმ პროვოკაციების საპასუხოდ, რომელსაც ზელენსკის აკეთებინებენ მისი პატრონები, რომელთა შესახებაც, სამწუხაროდ, ჩვენთან ცნობები არ ქვეყნდება. თორემ პუტინი არც ისე ბრიყვია, თვითონვე ჩაშალოს მოლაპარაკებები, ვინაიდან პუტინსა და ტრამპს განაწილებული აქვთ უკრაინა და ახლა მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის გადაფორმების დროში გაწელილი პროცესი მიმდინარეობს.