„მე ვიცი, რომ როდესაც პარლამენტის შტურმი მიმდინარეობდა, გახარიასთან ოთახში ლომჯარია ბრძანდებოდა და მაინტერესებს, უთანხმებდა თუ არა ამ პროცესებს ლომჯარიას“

„მე ვიცი, რომ როდესაც პარლამენტის შტურმი მიმდინარეობდა, გახარიასთან ოთახში ლომჯარია ბრძანდებოდა და მაინტერესებს, უთანხმებდა თუ არა ამ პროცესებს ლომჯარიას“

ექს-პრემიერ გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიისთვის პასუხების გაცემა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ მის ოჯახს კომისიაზე დაბარების უწყის ჩაბარდა. თავად პრემიერი საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ მივა თუ არა ის კითხვებზე პასუხის გასაცემად, ჯერჯერობით, მისი პოზიცია უცნობია. გახარიას მიმართ კი კითხვები თეა წულუკიანს 2019 წლის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით აქვს. საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება - ეს ის მთავარი საკითხია, რომელზეც კითხვები კანონმდებლებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს. სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე იუსტიციის სამინისტროშიც ისაუბრეს. უწყებაში განმარტეს, რომ სასამართლოს სახელმწიფოს მოქმედებასთან კითხვები არ აქვს, ინტერესის თემა მხოლოდ დაგეგმვის ტაქტიკაა, რომელზეც პასუხისმგებელი მაშინ სწორედ გახარია იყო.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ამბობენ, რომ დაბარების შემთხვევაში კომისიაზე ისინი აუცილებლად მივიდოდნენ.

დროებითი საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიასთან ერთად, პარლამენტში ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძეს და ნიკა მელიასაც იბარებს. ასევე, არ არის გამორიცხული კომისიაზე ექს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაიბარონ. ეს ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც საპარლამენტო კომისიის მანდატი გაფართოვდა და კანონმდებლებს 2012-24 წლებში მიმდინარე მოვლენების შესწავლაც დაევალათ, კომისიამ სამუშაო ვადის გახანგრძლივებაც მოითხოვა. თეა წულუკიანმა გასული 12 წლის განმავლობაში არაერთი გახმაურებული საქმის დეტალური მოკვლევა დააანონსა.

საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ პარტია „ახლის“ ლიდერები. ისინი მედიასთან ჯერ არ გამოჩენილან, თუმცა რამდენიმე დღის წინ პოზიცია სოციალურ ქსელში გამოხატეს. საჯარო ჩვენების მიცემაზე უარი „ფეისბუქზე“ დაწერა გიორგი ვაშაძემაც.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, ოპონენტებს დღეს მმართველი გუნდის წევრებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს. კანონმდებლების აზრით, გასული 12 წელი ოპოზიციამ ქვეყანაში არაერთი დესტაბილიზაციური პროცესის მოსაწყობად გამოიყენა, რაზეც ჭეშმარიტების დადგენა ხელისუფლების ვალდებულებაა.

„კომისიის მანდატი გაფართოვდა, ის თავდაპირველად იყო 2012 წლამდე მოვლენების შემსწავლელი კომისია, შემდგომ უკვე მოხდა მისი მანდატის გაფართოება. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ყველა იმ პირის პასუხი საზოგადოებისთვის და კომისიისთვის, ვინც იქნება კომისიაზე დაბარებული.

ამიტომ, ბუნებრივია, ყველა ვალდებული იქნება, გახარია იქნება თუ სხვა პირი, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, მობრძანდეს და კომისიას გასცეს ის პასუხები, რაზეც დაუსვამენ კითხვას“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია უკვე მეცამეტე სხდომას ჩაატარებს. კანონმდებლები საქართველოს უახლესი ისტორიის ორი ათწლეულის პოლიტიკური პროცესების შესახებ, საბოლოო დასკვნას მიმდინარე წლის ზაფხულში გამოაქვეყნებენ.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-თან ამბობს, რომ გიორგი გახარიას მიმართ კითხვები, დიდი ალბათობით, სპეცოპერაციის დაგეგმვასა და მის განხორციელებაზე ექნებათ - რა სახის გადაცდომებიც იყო და რატომ მოხდა ეს გადაცდომები. ქადაგიძე ამბობს, რომ გახარია ახლა დილემის წინაშე დგას, თუ მივა საკმაოდ მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, თუ არ მივა, კიდევ უფრო დიდ შარში ეხვევა.

„აქ კითხვები დაიბადება იმაზე, რამდენად იყო საჭირო იმ მეთოდების გამოყენება, რაც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა. ეს ერთი და მეორე, გიორგი გახარია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში რამდენად მოქმედებდა. გეტყვით ერთ დეტალს, რომელიც მე ვიცი. გიორგი გახარია როდესაც პარლამენტში იყო და იქ ნაცრადიკალების შტურმი მიმდინარეობდა, მასთან ერთად იმ ოთახში ქალბატონი ნინო ლომჯარია ბრძანდებოდა, მაშინდელი სახალხო დამცველი. მე უფრო ამ კუთხით მაინტერესებს, რამდენად უთანხმებდა გახარია ამ პროცესებს ლომჯარიას და აყენებდა თუ არა მას საქმის კურსში.

ხომ არ მოქმედებდა გახარია მიზანმიმართულად კონკრეტული ორგანოს დისკრედიტაციისთვის. გახარიას მოღვაწეობის დროს ერთი ასეთი ფაქტიც ფიქსირდება, გახსოვთ, ალბათ, პანკისის ეპიზოდი, როცა სპეცრაზმსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა. ისმის აქაც კითხვები, იყო თუ არა ამ ძალის გამოყენება საჭირო. შემდეგ გვახსოვს, გახარია ჩავიდა პანკისში და სიტუაციის განმუხტვა მოახერხა. არ ვიცი ბევრი უცნაური ამბებია მის გარშემო მომხდარი და მას კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი. ჩემი აზრით, ის ახლა გამოუვალ სიტუაციაშია. მივა - ვაი, არ მივა - უი. თუ არ მივა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ასევე კითხვებია ნიკა მელიას დაკავების ეპიზოდის დროს, როდესაც გახარია მოულოდნელად გადადგა და მთელი ქვეყანა უდიდესი რისკის წინაშე დააყენა.

„გახარიამ სახელმწიფო დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა. ასეთი ადამიანისგან რაღაცა სპეკულაციები და საუბარი იმაზე, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ამის გამო არ მივა, არც ეს გამიკვირდება. თუ კომისიის უფლებამოსილების გაფართოვდება და საქართველოში გარედან მართული პროცესების შესახებ გამოკითხვა გახდება საჭირო, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი პირველი კანდიდატი იქნება. თუკი ასეთი რამ მოხდება, მაშინ ზურაბიშვილის მიმართ სამართლებრივი წესით გამოძიებაც უნდა დაიწყოს, რადგან ზურაბიშვილი დეკლარირებული მოღალატეა“, - ამბობს ქადაგიძე.