2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე უკვე არაერთი ისეთი დეტალი გამოიკვეთა, რაც პროკურატურამ შეიძლება ახალ გარემოებად მიიჩნიოს და კონკრეტული საქმეებით დაინტერესდეს. მათ შორის, ზოგიერთებს ახალ გარემოებად მიაჩნიათ ის ფაქტი, რის შესახებაც მოგვითხრო გენერალმა ზაზა გოგავამ, რომ მას თურმე დაავიწყდა კოდორელთა გაფრთხილება რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხის შესახებ. „არის ხანდახან ამბავი, რომ ერთმა კაცმა უნდა აკეთოს და ვერ შევძელი ამდენი“, - ასეთია ზაზა გოგავას ახსნა-განმარტება. მისმა ნათქვამმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ გენერალი მასზე რანგით მაღლა მდგომის მუნდირს უფრთხილდებოდა, თორემ აქ ხალხის დაცვაზე კი არ იყო საუბარი, არამედ უბრალო გაფრთხილებაზე, ადამიანებს საკუთარი თავისთვის ეშველათ. ის, რაც საუბრისას გენერალმა „გამოტოვა“, არის ის, რომ ნაცებს მეტი მსხვერპლი სჭირდებოდათ, ამიტომაც გაწირეს გაყიდული კოდორის მოსახლეობა.
გარდა ამისა, საპარლამენტო კომისიაზე კიდევ ერთხელ გახმიანდა კარგად დავიწყებული ძველი ფაქტი, როცა ნაცების შს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა აგვისტოს ომის დროს პირდაპირ ეთერში რუკაზე აჩვენა ჩვენი ჯარის განლაგება და სამომავლო გეგმების შესახებ გულახდილად მოუთხრო ტელეპუბლიკას, რაც ომის დროს მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს.
დროებით საგამოძიებო სხდომაზე იყო არაერთი „წამოცდენა“ და კიდევ არაერთი „წამოცდენებია“ მოსალოდნელი. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მთავარია, ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას და დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს, თორემ გამოდის, რომ უკვე მერამდენედ ვისმენთ ამ საზარელ ისტორიებს და ვისაც გაგება არ სურს, რა ხდებოდა ნაციონალების რეპრესიული რეჟიმის დროს, რამდენჯერაც არ უნდა მოისმინოს რეჟიმის მსხვერპლთა გულახდილი საუბარი, ეს მის სინდისს მაინც არ შეაწუხებს.
ერთ-ერთი ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ ამ კომისიის მუშაობის შემდეგ ყველა დამნაშავე უნდა გასამართლდეს, ლალი მოროშკინაა. მისი აზრით, ფუჭია ყველაფერი, თუ საბოლოოდ დამნაშავეებს არ დასჯიან.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს კომისია იმისთვისაა, შესაბამისი მასალები გადაუგზავნოს პროკურატურას, პროკურატურა კი იმისთვისაა, აღძრას საქმეები ცალკეული ფაქტების შესახებ, რომლებიც გაჟღერდა კომისიის სხდომაზე.
„ეს კომისია ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოიძიებს საქმეებს, საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილებაში არც შედის გამოძიება. ეს პროკურატურის პრეროგატივაა. ამიტომ ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ დასჯილნი არ არიან და რომელთა საქმეებზეც არ მოქმედებს ხანდაზმულობის ვადა, აუცილებლად უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე და პასუხი აგონ საშინელი დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩაიდინეს ღვთისა და ერის წინაშე. შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, ამ კომისიის მუშაობის დასასრულს რამდენი ადამიანი აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე, მაგრამ ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან ბევრი იქნება. უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იმოქმედონ აფთიაქის სასწორივით და ყველა დამნაშავემ საკადრისი სასჯელი მიიღოს. ჯარისკაცებსა და სამხედრო პირებზე სასჯელი არ გავრცელდება და არც უნდა ვრცელდებოდეს, ვინაიდან ისინი ასრულებდნენ ბრძანებას, მაგრამ იმ ე.წ. გენერლებზე კი უნდა გავრცელდეს სასჯელი, რომლებმაც შეატოვეს ხალხი სიკვდილს. მაგალითად, გოგავამ თქვა, ვერ მოვიცალე იმისთვის, კოდორის მოსახლეობისთვის მიმეხედაო. მაშინ რას აკეთებდა იქ? ამ დრომდე რატომ არ აღიარა ამის შესახებ? ბევრი ახალი დეტალი გამოიკვეთა საგამოძიებო სხდომაზე, გოგავამ რაც თქვა, ეს ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ვერ მოიცალეს მოსახლეობის ევაკუაციისთვის და ხალხი მიტოვებული იყო“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.
ასევე, განმარტა, რომ პასუხი უნდა აგოს უტიაშვილმა, დღეს რომ გამოდის და ენა წაუგდია თავისი ცოლივით, არადა, თვითონ ზაზა გოგავამაც თქვა მის შესახებ, ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული, რაც უტიაშვილმა ჩაიდინა, რომ მტერს პირდაპირ ეთერში აჩვენა, სად იდგა ჩვენი ჯარიო.
„ვინ იცის, რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა უტუაშვილის ენით, იცის ეს ვინმემ?! უტიაშვილისნაირებმა უსიტყვოდ უნდა აგონ პასუხი. მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს და ვფიქრობ, არც დადგება, არამედ ეს უნდა იყოს პოლიტიკურ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ზუსტად ნიურნბერგის პროცესის საწყისი ეტაპია დაწყებული“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ დღის წესრიგშია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ყველა ჯალათის პასუხისმგებლობა. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ნაცარსებები რეჟიმის მსხვერპლთა (რობაქიძე, ვაზაგაშვილი, გირგვლიანი და სხვა) მიმართ ჩადენილ საზარელ საქმეებს ვითომ აუბრალოებენ.
„ნურავის ეგონება, ვინმე აიცილებს მართლმსაჯულებას. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ გააფართოვა თავისი მანდატი წლებთან დაკავშირებით და ეს ძალიან კარგია. ჩვენ ვხედავთ, რომ სამშობლოს ღალატის ახალ-ახალი გარემოებები იკვეთება და ეს უწინარესად ჩაიდინეს სააკაშვილის რეჟიმის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა და არა ჯარისკაცებმა. ძალიან დიდი უსინდისობა იქნებოდა ამაში ოფიცრებისა და ჯარისკაცების დადანაშაულება. გარდა ამისა, იკვეთება მასობრივი ხასიათის რეკეტი, რომელშიც მონაწილეობდა არა მხოლოდ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ამაში ჩართულნი იყვნენ „თიბისი“ თუ სხვა ბანკის უმაღლესი რანგის მენეჯერები. ასე რომ, ამ კომისიისგან ბევრ რამეს ველოდები, ერთხელ და სამუდამოდ სამართალმა იმგვარად უნდა იზეიმოს საქართველოში, რომ არც ერთ ხელისუფალს ათწლეულების განმავლობაში ხელი არ წაუცდეს საკუთარი ხალხის დასატერორებლად, როგორც ამას ნაცრეჟიმი აკეთებდა“, -აღნიშნა გია აბაშიძემ ჩვენთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად უფრო მეტი დამნაშავე გამოიკვეთება, საგამოძიებო კომისიის სხდომები შოუ არ არის, აქ ხდება სკრუპულოზურად, დეტალურად ყველაფრის გამოძიება, გაანალიზება და შემდეგ ეს ყველაფერი გადაეგზავნება სამართალდამცავ სტრუქტურებს.
გია აბაშიძის თქმით, ტყუილად ჰგონიათ კოლექტიურ ხაზარაძეებს, გვარამიებს და სხვა მოღალატე ყაჩაღებსა და ავაზაკებს, მართლმსაჯულებას ასცდებიან და ტანჯულთა მანტიას მოირგებენ. ვერავინ გაექცევა თემიდას და სამართლიან მართლმსაჯულებას.