ვაჭრებს ყოველგვარი შეღავათი ჩამოაცილეს

ვაჭრებს ყოველგვარი შეღავათი ჩამოაცილეს


[ლელა კობერიძე]

მთავრობამ მოვაჭრეები კიდევ ერთხელ მოატყუა. ისინი მიკრობიზნესმენის სტატუსს აღარ მიიღებენ და გადასახადებით ჩვეულებრივად დაიბეგრებიან. ასე რომ, მათ არც ფიქსირებადი გადასახადის დაწესების დაპირება შეუსრულეს და ამჯერად, აღარც მიკრობიზნესმენთა სიაში მოხვდებიან.

მთავრობის დადგენილებაში, ცვლილება შევა და მიკრობიზნესის სტატუსით მოსარგებლე პირების ჩამონათვალში მოვაჭრეები ამოვარდებიან. ამ ჩამონათვალში რჩება მესაათეები, ფეხსაცმლის წმენდავები, ხალიჩების მწმენდავები, ფეხსაცმლის შემკეთებლები. ეს ადამიანები გადასახდებით ისედაც არ იბეგრებოდნენ. შესაბამისად, მთავრობამ მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ მცირე ბიზნესმენებს, მათ შორის მოვაჭრეებს, რომლელთა წლიური ბრუნვა 30 ათას ლარს არ აღემატება, მიკრობიზნესმენის სტატუსს მიანიჭებდა და გადასახადებისგან გაათავისუფლებდა.

ეს ინფორმაცია, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ გააჟღერა. მისი თქმით, წარმოდგენილი დადგენილების პროექტით აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალს, რომლის განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება პირისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება, ვაჭრობა დაემატება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ზურაბ მელიქიშვილის განმარტებით თუ ხორცილდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება, ასეთ შემთხვევაში ის მიკრო ბიზნესის სტატუს ინარჩუნებს, მაგრამ როდესაც პირი ყიდულობს და შემდეგ ყიდის პროდუქციას, მას მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება. მცირე ბიზნესმენები კი გადასახადებით იბეგრებიან.

თუ რატომ დატოვა ხელისუფლებამ მოვაჭრეები პირში ჩალაგამოვლებულები ამაზე განმარტებას არავინ აკეთებს. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება დაეჭვდა, რომ მსხვილი მოვაჭრეები ამ შეღავათებით ისარგებლებდნენ და ამ სექტორის ხელოვნული შემცირება მოხდებოდა.

„ესაა აბსოლუტურად კატასტროფული გადაწყვეტილება. მე ვეღარ ვხვდები, ეს კანონი საერთოდ რისთვის მივიღეთ და რატომ აპიარებდნენ იმას, რომ მცირე ბიზნესს შეღავათებს აძლევდნენ. თუ მოვაჭრე არ არის მცირე ბიზნესის წარმომადგენელი, მაშ ვინღა არის? ძალიან მაინტერესებს, ეს კანონი ასე რატომ გამოშიგნეს?  კარგად მახსოვს ის ფაქტიც, რაც საშუალო ბიზნესთან დაკავშირებით გააკეთეს – ჯერ 200-ათასიანი წლიური ბრუნვა განსაზღვრეს და მერე ისევ 100 ათასამდე ჩამოწიეს“, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, მთავრობა ბიუჯეტს ვეღარ ავსებს და ახლა ასეთ მეთოდებს ეძებს, რომ რამენაირად ფულის მობილიზება მოხდეს.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებამ იფიქრა, რომ მცირე ბიზნესის შეღავათებით ბევრი ადამიანი სარგებლობს და ბიუჯეტში ფული ვეღარ შედის. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ასეთი რამ გააკეთონ, რაც აბსოლუტურად უკანონოა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

ეს გადაწყვეტილება ექსპერტებისთვისაც გაუგებარია. როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში თემურ კოპალეიშვილი აღნიშნავს, „თუ ვაჭრობას არ ჩათვლიან მცირე ბიზნესად, მაშინ აღარ ვიცი, საერთოდ რა ითვლება მცირე ბიზნესად. წარმოება?“, - კითხულობს კოპალეიშვილი.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ბევრს არაფერს ცვლის, რადგან დღეს მოქმედი კოდექსის ნორმების მიხედვით, ვაჭრობის სფეროში მცირე ბიზნესის სტატუსის მიღება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი.

„ერთობლივი შემოსავალის შემთხვევაში, თუ მეწარმეს მცირე ბიზნესის სტატუსი ექნება, უფრო მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ინდივიდუალურ მეწარმე რომ ყოფილიყო. ინდივიდუალური მეწარმე დღეს იბეგრება მხოლოდ 20%-ით. მისი დასაბეგრი შემოსავალი კი არის ერთობლივ შემოსავალს მინუს ხარჯები და ფაქტობრივად არც ერთი მეწარმე 20%-ზე მეტს არ არიცხავს და მერე ხარჯებს რომ გამოაკლებს, დასაბეგრი ძალიან მცირე რჩება. ამიტომ ეს უფრო ნაკლებ გადასახადს უწესებს, ვიდრე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონეს. ამიტომაც, მათ ეს რეჟიმი თავად არ უნდა მოითხოვონ, რადგან ამგვარი სტატუსი წამგებიანი იქნება“, - ამბობს კოპალეიშვილი.

მისი თქმით, ერთადერთი სფერო, სადაც შეიძლება მცირე მეწარმის დაბეგვრის რეჟიმმა გაამართლოს, ეს არის მომსახურების სფერო, შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილება ისედაც არაფრის მომტანი იქნებოდა.

„ტყუილად შეუწუხებია თავი ფინანსთა სამინისტროსაც და პარლამნეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსაც. ვაჭრობისა და წარმოების სფეროს წარმომადგენლები მათ ამ სტატუსის მიღებით არ შეაწუხებენ“, - აცხადებს კოპალეიშვილი.