საქართველოს ხელისუფლებასთან და 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ევროპაში და მის სტრუქტურებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა. 9 აპრილს ევროსაბჭოს ასამბლეის სხდომაზე ზოგიერთი წევრის მხრიდან გაკეთებული განცხადებებით ცნობილი ხდება, რომ საქართველოს საკითხთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თქვა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის მომხრეა. ბერსე გამოდის ინიციატივით, რომ არ იქნას ევროსაბჭოს მხრიდან შემდეგი ნაბიჯები გადადგმული და საქართველოს პრემიერთან შეხვედრის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.
არსებობს ასევე მოლოდინი, რომ მიიღებენ რეზოლუციას, სადაც საქართველოს ევროსაბჭოდან გარკვეული დათქმებით არ გარიცხავენ. თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროსაბჭოს ასამბლეაში ზოგიერთ წევრს უნდა ყვირილი და არა – დიალოგი.
ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ვიდრე ქართველი ხალხისა და სუვერენიტეტის პატივისცემა არ იქნება და ეს პატივსაცემი ასამბლეა ივლის ესტონეთის, ლიეტუვის თუ მსგავსი ხელისუფლებების ჭკუაზე, რომლებიც პირდაპირ ცდილობენ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ, მანამდე წარმოუდგენელია, ქართველმა ხალხმა ასეთ დებატებში მონაწილეობა მიიღოს ან რაიმე დიალოგზე საუბარი იყოს.
ალენ ბერსემ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, სადაც ევროსაბჭოს ასამბლეაში შვედი პარლამენტარის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ მართალია ამ თვეების განმავლობაში სიტუაცია არც თუ კარგად მიდის, მაგრამ ამაზე უარესიც შესაძლოა ყოფილიყო. ის აპირებს საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ შეხვედრას და დიალოგის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჩვენ გვჭირდება მეტი კონტაქტი. გვინდა, მეტად ვიმუშაოთ ერთად და ასევე უნდა მივცეთ შანსი სტრუქტურირებულ დიალოგს, რომ იმუშაოს. თქვენი კენჭისყრისა და გადაწყვეტილების შემდეგ, რაც უფლებამოსილება მანდატების პირობებით სცანით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სიგნალი ნათელი იყო. ახლა უნდა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ამ სიგნალის საფუძველზე რაიმეს გაკეთება, რომ ისევ სწორი მიმართულებით ვიმოძრაოთ. მე მალე დავუკავშირდები, იმედია, საქართველოს მმართველ პარტიას და პრემიერ-მინისტრს, რათა ვნახოთ, რა შეიძლება, ერთად გავაკეთოთ, რომ კვლავ სწორი მიმართულებით წავიდეთ. თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ნათელი პასუხი დასმული კითხვის შესახებ და ვფიქრობ, ნამდვილად ნაადრევია, ახლა შემდეგი ნაბიჯის, ეტაპის დაწყება“, – განაცხადა ბერსემ.
მმართველი გუნდის წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია.
„ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი დიალოგი და მეტი მზაობის გამოჩენა, რომ ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები. ბატონ ბერსეს ვიზიტს ბულინგი მოჰყვა როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკური აქტორების მხრიდან. ამიტომ თუ რაიმე პოზიტიური ძვრები იქნება, ჩვენ ამას მივესალმებით. უბრალოდ ყველამ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის არჩევანი, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც აუცილებელია დიალოგის წარმოება“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ამის პარალელურად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდა. პაპუაშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყველამ პატივი სცეს ეუთო/ოდირის ანგარიშს და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არსებული სპეკულაციები დასრულდეს.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ ახლა ყველაზე მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსაბჭო. სწორედ ეს გახდება მდგენელი იმის, დარჩება თუ არა საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი.
„სამწუხაროდ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ფაქტები ისევეა დამახინჯებული, გაყალბებული და დეზინფორმაციის ნიაღვარი მოედინება, როგორც მიხეილ სააკაშვილის ვითომ ცუდად ყოფნასთან დაკავშირებით. როგორც ეს ტყუილები გასკდა საპნის ბუშტივით, ისევე მოხდება არჩევნების საკითხთან დაკავშირებითაც. ფაქტი ერთია, რომ ოპოზიციამ გაყალბების ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა და ყველაფერი მხოლოდ მათ მიერ გამოგონილ ტყუილებზეა აგებული. არჩევნების გაყალბებასთან და ვითომ პოლიტიკურ პატიმრების ყოლასთან მოგონილი ტყუილები, ადრე თუ გვიან, დასრულდება. თუმცა ცუდი ისაა, რომ ამის ფონზე საქართველოსთან ურთიერთობა ისე არ გაფუჭდეს, რომ ბოლოს ამ დიალოგის რესურსიც ვეღარ მოინახოს. რა თქმა უნდა, ევროპაში არიან ადამიანები და პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი რადიკალიზმი დამღუპველია. თუკი ევროპას საქართველოს დაკარგვა არ სურს, რაღაცა გამოსავალი უნდა მოიძებნოს. სწორედ ასეთი ადამიანია ევროსაბჭოს პრეზიდენტი ბერსე, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვა სცადა და გვახსოვს ამის გამო თავად ევროსაბჭოშიც რა დღეში ჩააგდეს. ამიტომ არაა გამორიცხული, სიტუაცია შეტრიალდეს იქით, რომ მიხვდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან ამ ენით საუბარი არ გამოდის და სხვა რესურსი მოძებნონ“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ევროპაშიც არის ჭიდილი და დისკუსია იმის შესახებ, გაჰყვნენ თუ არა საქართველოსთან დაკავშირებით ამ აგრესიულ და არაფრისმომცემ რიტორიკას.
„ძალიან კარგი იქნება, თუკი ევროსაბჭოს წევრები საკუთარ თავს ამ ჩიხიდან, რომელშიც თავადვე შევიდნენ, გამოსვლას შეძლებენ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია საუბარი იმაზე, რეალურად რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა ის, რომ საქართველო ევროსაბჭოდან გარიცხონ, ამას ბოლომდე არ ველი. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის რეჟიმის დროს უმძიმესი დანაშაულები, რომელზეც არაერთი თუნდაც უცხოელი საუბრობდა, მაგრამ არც ერთი სიტყვა თუნდაც ამ ევროსაბჭოდან და მისი წევრებისგან სააკაშვილის საწინააღმდეგო მაშინ არ გაგვიგია. მაშ, ახლა რის გამო შეიძლება ხელისუფლება და, პირველ რიგში, ქართველი ხალხი დასაჯონ? იმის გამო, რომ მათ აირჩიეს ის ხელისუფლება, რომელიც თავად სურდათ და არა ის, რომელიც ამ რადიკალურ ძალებს უნდათ? ამაზე ხომ ღიად საუბრობენ. ყურებს არ ვუჯერებდი და გაოცებული ვიყავი იმით, რომ ევროსაბჭოს წევრები თუთიყუშებივით იმეორებდნენ იმას, რასაც თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილის და სხვა ჩვენი ოპოზიციონერი ლიდერები ამბობდნენ. თითქოს მათ მიერ დაწერილ ტექსტებს კითხულობდნენ. ამიტომ მოლოდინი არის ერთი, რომ გონს მოეგებიან, მიხვდებიან, რომ ამ რიტორიკით საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარი არ გაუვათ და მოძებნონ გამოსავალი. თუკი ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში ისევ არ იქნება დირექტივები, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და მითითება ხელისუფლებისთვის რა უნდა გააკეთოს, დიალოგის რესურსი გამოიძებნება“, - ამბობს მამრაძე.