„საბჭოეთის შვილებმა სიცოცხლე დადეს, რომ ეს ძეგლი იქ მდგარიყო, ხოლო ამ ვითომ პროევროპელებისთვის არაფერს ნიშნავს 9 აპრილის მემორიალი, რომელზეც იცეკვეს და შეურაცხყვეს“

„საბჭოეთის შვილებმა სიცოცხლე დადეს, რომ ეს ძეგლი იქ მდგარიყო, ხოლო ამ ვითომ პროევროპელებისთვის არაფერს ნიშნავს 9 აპრილის მემორიალი, რომელზეც იცეკვეს და შეურაცხყვეს“

„მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ვარ, დასაველთში ყოველთვის წარმოვადგენ რუსულ სკოლას. ჩემთვის დიდი პატივია, როდესაც მე მეძახიან „რუს ბანს“, იმიტომ, რომ ნამდვილად მე წარმოვადგენ „რუს ბანს“, - ამ განცხადების ავტორი არც მეტი, არც ნაკლები პაატა ბურჭულაძეა, რომელმაც რუსეთ-აფხაზეთის ომის შემდეგ მოსკოვში არაერთი კონცერტი გამართა. მეტიც, 2016 წლის სანკტ-პეტერბურგში მდებარე მიხაილოვსკის თეატრის საოპერო ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელობას დათანხმდა და Российская газета-სთან ინტერვიუში თქვა, მისთვის საინტერესოა ამ მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა.

2018 წელს სანკტ-პეტერბურგში ცნობილი რუსი დირიჟორისადმი მიძღვნილ კონცერტზე „დაისიდან“ არია შეასრულა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომლის მხურვალე ტაშიც დაიმსახურა ბურჭულაძემ. აღსანიშნავია, რომ პუტინის თანდასწრებით ეს ქართველი საოპერო შემსრულებლის პირველი საკონცერტო გამოსვლა არ ყოფილა. 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტის წინ შესრულებული „ღვინოვ, კახურო“; 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამაყად იმის აღიარება, რომ „რუსული ბანია“ დღეს პაატა ბურჭულაძეს უხერხულობას არ უქმნის, ისევე როგორც მის გვედით მდგომ იმ ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქვეყანას მართავს „რუსული რეჟიმი“.

ეს, ის პაატა ბურჭულაძეა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერის სანაცვლოდ 9 მილიონი დოლარი მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილისგან უარი მიიღო, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ შექმნა, თუმცა დიდი ფინანსური სკანდალის შემდეგ პარტია გააუქმა და ისევ დიდ რუსეთში გაემგზავრა. აი, ეს პაატა ბურჭულაძე, რომელიც სიამაყით აცხადებს, რომ „რუსული ბანია“ და მღერის პუტინის წინაშე, წყვეტს ვინ უნდა მიაგოს პატივი 9 აპრილს ღამეს დაღუპულებს.

9 აპრილის „ლიდერობა“ წილად ხვდა ბურჭულაძეს, რომელმაც კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, გამთენიისას ქაშუეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო, რაზეც უარი მიიღო. როგორც საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული. უარის მიუხედავად, ბურჭულაძემ მოიტყუა და თქვა, რომ პატრიარქისგან მიიღო კურთხევა, რომ 04:00 საათზე ზარები დარეკილიყო ქაშუეთის ეკლესიაში, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა და ვერ შეძლეს ზარების დარეკვა.

რადიკალების ამ პროვოკაციაში არ ჩაერთო საპატრიარქო და ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 36 წლის შემდეგ განმეორებულიყო ისევ 9 აპრილი, მაგრამ გეგმა ჩაუვარდათ. ხელისუფლება სამების ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდის დაესწრო.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამორალურია, რომ კაცი, რომელიც ამბობდა, რუსი ბანი ვარო, რუსთაველზე მისვლას უშლის 9 აპრილის აქციის წამყვანს, ირაკლი ქადაგიშვილს.

 „კაცი როცა თავის თავზე ამბობს, მე ვარ რუსი ბანიო და რუსთაველზე მისვლას უშლის 9 აპრილის მიტინგის, აქციის წამყვანს, ირაკლი ქადაგიშვილს, ეს ამორალურია, ეს უნდა ვიცოდეთ. ჩვენ შედარებით პატარები ვიყავით, მაგრამ ჩვენ შორის არიან უფროსი თაობის ადამიანები, რომლებიც უშუალო მონაწილეები არიან, წამყვანი იყო იმ აქციის ირაკლი ქადაგიშვილი.

და კაცი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ამბობდა, მე რუსი ბანი ვარო, ცდილობს, ხელი შეუშალოს ირაკლი ქადაგიშვილს მისვლაში. წარმოუდგენელი ამბავია. აქედან გამომდინარე, ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით და 9 აპრილის მემორიალთან მისვლის გამო მუშტი-კრივი არ ავტეხეთ, ამით ძალიან ნუ გაიხარებენ. რეალურად, საქართველო არასდროს დათმობს თავისუფლებას, რომელიც, მათ შორის, 9 აპრილის გმირებმა მოიპოვეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ხელისუფლებისგან მოქმედებას და რუსთაველის გამზირის განთავისუფლებას ითხოვენ ანალიტიკოსები. როგორც ლევან ადეიშვილი აცხადებს, ომის დამწყები გარეწრები 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებენ იმ ხალხს, ვინც ომის დაწყებას ეწინააღმდეგება.

„იქ დგას - „მედასვლეთეები“, რომლებიც ჩვენს თაობას აგდებულად მოიხსენიებს და გვიწოდებენ საბჭოეთის მემკვიდრეებს და მონებს. ამ „მონების“ და „საბჭოეთის მაცხოვრებელმა“ დედებმა და მამებმა შეძლეს გაეზარდათ შვილები, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს იმისათვის, რომ ის ძეგლი იქ მდგარიყო. ხოლო ამ „პროდასავლურად“ გაზრილმა ოპოზიციამ თუ მათმა გაზრდილმა მოაზროვნეებმა ის ქნეს, რომ ამ ძეგლზე იცეკვეს და შეურაცხყვეს მათი სულები.

ხედავთ რა ხდება - საბჭოეთის შვილებმა სიცოცხლე დადეს, რომ ეს ძეგლი იქ მდგარიყო და ამ ვითომ პროევროპელებმა მათი ძეგლი შეურაცხყვეს. ამით ხომ ყველაფერია ნათქვამი, მათ არ იციან რა არის პატრიოტიზმი და სამშობლოსთვის სიცოცხლის გაწირვა, მათთვის არაფერს ნიშნავს 9 აპრილის მემორიალი, რომელზეც იცეკვეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ადეიშვილი.

ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, კომკავშირელი მამუკა ხაზარაძის, რომელმაც 9 აპრილის ერთ-ერთ უმთავრეს გმირ მერაბ კოსტავას სილა გაარტყა, და იმ ბანის, პაატა ბურჭულაძის, რომელიც ხელოვანად სწორედ საბჭოთა კავშირმა შექმნა, ავანგარდში ყოფნა 9 აპრილის მემორიალთან, შეუძლებელია დასათაურდეს. მისი თქმით, რადიკალებს 9 აპრილს, ჩაფიქრებული ჰქონდათ პროვოკაცია, რომელსაც შეტაკება უნდა მოჰყოლოდა პოლიციასთან, რათა შემდეგ გადაეღოთ და დაემონტაჟებინათ იაფფასიანი პარალელი, თუ როგორ ებრძვიან დღესაც თავისუფლების მოსურნენი თანამედროვე როდიონოვის ჯარისკაცებს, რისი საშუალებაც ხელისუფლების მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯების გამო არ მიეცათ.

„9 აპრილი არ არის სპექტაკლი, 9 აპრილი ტრაგედიაა, რომელთანაც ამ პროვოკატორ ადამიანებს საერთო არ გააჩნიათ.1989 წლის 9 აპრილი მონობაზე, ვასალობასა და კოლონიალიზმზე გამარჯვების თარიღია. დღეს კი ამ ყველაფერს უპირისპირდებიან მონობისკენ მისწრაფების მქონე ადამიანები - ლაქიები, მარიონეტები და აგენტები.

როგორ შეიძლება აგენტმა 9 აპრილის მემორიალთან მიახლოებაც კი გაბედოს, მაგრამ არათუ გაბედეს, იქ ხელისუფლებისა და ჯანსაღი საზოგადოების წარმომადგენლებიც კი არ მიუშვეს. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - იმ იაფფასიანი, ბინძური სპექტაკლის თავიდან ასარიდებლად, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ რადიკალებს, ყველაზე სწორი იყო ხელისუფლების ის ნაბიჯი, რაც გადადგა“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.