აკერმანის მსგავსი ძალადობრივი ტრენინგები საქართველოში ვეღარ ჩატარდება. ამიერიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტის მისაღებად მთავრობის ნებართვა დასჭირდებათ. გადატრიალების მოსურნე დონორებისა და ფულზე გაყიდული „ენჯეოების“ მოსათოკად მმართველმა გუნდმა ცვლილებები დაჩქარებულად დააინიცირა, რაც გრანტების მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, თუკი უცხოელ დონორს სურს გრანტის გაცემა, მან მთავრობას ან მთავრუბის მიერ განსაზღვრულ სუბიექტს უნდა მიმართოს და თანხმობა მოიპოვოს გრანტის გაცემაზე. ანუ დონორმა უნდა მიიღოს მთავრობისგან თანხმობა და არა „ენჯეომ“, ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე.
რაც მთავარია, ეს წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე. არადა, რადიკალებს ახალგაზრდები სწორედ იმ მოტივით გაჰყავდათ რუსთაველზე საპროტესტოდ, თითქოს ახალგაზრდების საგანმანათლებლო სტიპენდიებს საფრთხე შეექმნებოდათ.
თუკი „ენჯეოებს“ მაინც წაუცდებათ ხელი აკრძალული გრანტის მიღებაზე, ეს გამოიწვევს ჯარიმას გრანტის ორმაგი ოდენობით, ცრუ ჩვენების მიმცემ პირს კი 2000 ლარით დააჯარიმებენ. ამ ყველაფრის მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამიერიდან ყველას ეცოდინება, რა ფული ტრიალებს და რომელი პროექტები ფინანსდება. ეს პროექტები უნდა განხორციელდეს ქართველი ხალხის და არა ესტონეთის, ან რომელიმე ხელისუფლების ინტერესებით.
„სამწუხაროდ, ბევრი უპასუხისმგებლო დონორია, ვისთანაც თვეები, წლები ვსაუბრობდით იმაზე, რომ პასუხისმგებლიანად უნდა მოიქცნენ. ვხედავთ, ფულს მისცემენ, შემდეგ ამ ფულით ხდება მოლოტოვის კოქტეილის რეკლამირება, ფაშისტური კამპანიების განხორციელება, ძალადობრივი აქტები“, - ამბობს შალვა პაპუაშვილი და დასძენს, რომ დონორები ჩვენი საზოგადოების ინტერესებს აზიანებენ და შემდეგ ხელებს იბანენ. არადა, ისინი საკუთარი ქვეყნის ხალხის ფულს ხარჯავენ და პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამბობს, როდის აქეთ გახდა „ისფედი“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საერთაშორისო ორგანიზაციები?! მომავალში აღარ უნდა მოხდეს ადამიანების დატრენინგება ძალადობრივი აქციების მოსაწყობად.
გრანტების გამჭვირვალობამ არაკეთილსინდისიერი „ენჯეოები“ დააფრთხო. ისინი ირწმუნებიან, თითქოს „ქართული ოცნება“ უცხოური გრანტის მიღებას კრძალავს, თუმცა რატომღაც მალავენ, რომ ფინანსების გამჭვირვალობის გაკონტროლება შეეხება არა სპორტის, განათლების სფეროებს და ინდივიდუალურ სტიპენდიებს, არამედ გარეშე ძალების და შიდა ამრევების რეაქციულ პოლიტიკურ ინტერესებს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რაც მეტად დაცული იქნება საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება და ეროვნული ინტერესები, მით უკეთესი. თავდაცვა უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი დასავლური სტილის კანონმდებლობითა და რეგულაციებით. უფრო ხისტი და მძიმე კანონები მოქმედებს ევროპის კონტინენტზე, ასევე, ამერიკაში საგარეო გავლენების მინიმიზაციისთვის. შესაბამისად, „ენჯეოების“ და მათ უკან მდგომი ძალების მორიგი, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი არაფრის მომცემია.
„რასაკვირველია, ახალი კანონპროექტით შეწუხებულნი არიან კოლექტიური ეკა გიგაურები და ნინო ლომჯარიები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ფუჭად ებრძვიან ლეგიტიმური „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ბუნებრივია, როდესაც მათ აქვთ შავბნელი წარმომავლობის ფინანსები, რომელთა გამოჩენაც არ სურთ და ხან ესტონეთში რეგისტრირდებიან, ხან ბრიტანეთის გრანტების მომლოდინე რეჟიმში არიან, ეს უკვე ეჭვებსაც აღარ აღძრავს, ეს პირდაპირ მეტყველებს, რომ მიმდინარეობს აგენტოკრატიის გაშმაგებული ბრძოლა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არავის ვასალი არ არის და არც არასოდროს არ იქნება“, - აცხადებს გია აბაშიძე.
ამასთან, განმარტავს, რომ დასრულდა ის ეპოქა, როდესაც საქართველოს ზემოდან უყურებდნენ, ეგონათ, რომელიღაც ბენეფიციარი „ენჯეო“ და არა სახელმწიფო, ამიტომაც მიმდინარეობს მრავალი მიმართულებით გაშმაგებული ბრძოლა. რასაკვირველია, არის და იქნება მრავალი ინსინუაცია და დეზინფორმაცია ამ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმასთან დაკავშირებით, ვითომც ეს ჯანდაცვას, განათლებას, სპორტს შეეხება, მაგრამ ეს ზუსტად იმ მახინჯი მარაზმის განმეორება იქნება, რაც თავის დროზე მოხდა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც უსინდისოდ დაარქვეს ე.წ. რუსული კანონი. ამ დროს ამაზე გაცილებით მძიმე კანონმდებლობა მოქმედებს ამერიკასა და მსოფლიოს რიგ ქვეყნებში. ასე რომ, მილევადი, რესურსგამოწურული ნაცმარგინალები ამიერიდან რას გააკეთებენ, რას იტყვიან, ამას ქართული საზოგადოებისთვის არანაირი პრიორიტეტული მნიშვნელობა არ აქვს. მით უმეტეს, მათი საგარეო პატრონების უსინდისო განცხადებები, ე.წ. სანქციები და რეზოლუციები სრულიად უინტერესოა.
გარისკავენ თუ არა ფულს დახარბებული არასამთავრობოები აკრძალული გრანტის მიღებას, ამის შესახებ გია აბაშიძე აცხადებს, რომ, ცხადია, ახლა წამოვა ტყუილის ნიაღვარი, რომ ეს სტუდენტ ახალგაზრდობას შეეხება, სხვადასხვა ტიპის გრანტების მიმღებთ შეეხება, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდება პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ ამით კიდევ ერთხელ ეცდებიან საზოგადოების მოტყუებას და გაჩუმებას. თუმცა ჩვენი საზოგადოება ხელმეორედ ასეთ შეცდომას არ დაუშვებს.
„აქ მთავარი ის არის, რომ გრანტის გამცემისგან უნდა მომდინარეობდეს განმარტება, თუ რა მიზნებისთვის იხარჯება გრანტი. თუ კვლავ ისევ ბუნდოვანი მიზანი ექნება, რომ თითქოს პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას ისახავენ მიზნად, სინამდვილეში, პარტიულ კონფერენციებს აწყობენ უცხოური ფულით, რასაკვირველია, ეს აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიაში, მაგრამ როდესაც საუბარია ქალთა უფლებების რეალურ დაცვაზე, სოფლის მეურნეობაში ახალი პროექტების წამოწყებაზე, საგანმანათლებლო რეალურ პროექტებზე, აქ რაც მეტი თანხები შემოვა გულუხვად, მით უკეთესი ქართული საზოგადოებისთვის. ანტიქართული საქმიანობისთვის გამიზნული ფინანსური ინექციები ვეღარ იმოქმედებს.