ვინ მიიღებს თვითმმართველობის საარჩევნო მარათონში მონაწილეობას და რა ტაქტიკით უნდა გააგრძელოს ოპოზიციამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, ამ საკითხების გარშემო ოპოზიციაში დაპირისპირება ყოველდღიურ სახეს იძენს. ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები და გაურკვევლობა ახალ ფაზაში გადადის და ისინი საჯაროდ ერთმანეთის ლანძღვასაც არ ერიდებიან. რღვევაა დაწყებული ოპოზიციურ კოალიციებში. სამოქმედო გეგმის ვერშეთანხმების გამო, ერთმანეთის მიყოლებით პარტიებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ტოვებენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ნიკა ობოლაძემ, რომელმაც მიზეზად პარტიის და ოპოზიციის გაურკვეველი სამოქმედო გეგმა დაასახელა. მისი თქმით, ოპოზიციამ ან უნდა აირჩიოს რევოლუციური სცენარი და ქუჩის აქციებს ბოლომდე მიჰყვეს, ან კიდევ არჩევნების და ხელისუფლებას მოლაპარაკება შესთავაზოს. გარკვეული პირობების სანაცვლოდ კომპრომისზე წასვლაც შეძლოს.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია იმაზე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება, ვიდრე ამჟამად არის. ობოლაძე მიიჩნევს, რომ ტყუილია იმ ნარატივის გაგრძელება, თითქოს დასავლეთიდან „ოცნებაზე“ სანქციების პოლიტიკა და ზეწოლის ტაქტიკა მის ჩამოშლას განაპირობებს. მას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი სანქციებს უძლებს და ის ამ პროცესს უკვე შეეგუა. მთავარი ქართველი ხალხია, რომელიც ოპოზიციას არ ენდობა.
პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ის ამ ოპოზიციას ემიჯნება.
„მე არ წარმოვადგენ ამ ოპოზიციას, მე მას ვემიჯნები, იმიტომ რომ ასე როგორც იქცევა ახლა ოპოზიცია, ეს არის სირცხვილი და დანაშაულიც. ამათ ხელში ჩვენ ვართ შავ დღეში. ისინიც კი, ვინც დღეს რუსთაველზე აპროტესტებენ, აპროტესტებენ გმირულად, სამაგალითოდ, მათი უმრავლესობა ამ ოპოზიციას მხარს არ უჭერს. ისინი ოპოზიციის გამო კი არ დგანან იქ, იმიტომ დგანან, რომ ამ ოპოზიციამაც მოგვაბეზრა თავი“,-ამბობს ახვლედიანი.
ზურა ჯაფარიძის პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება“ კი რამდენიმე წევრმა დატოვა. პარტიის დატოვების შესახებ ცოტნე კობერიძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსს მალევე მოჰყვა ბადრი გრიგალაშვილისა და ბორის ჩელე ყურუას იგივე შინაარსის განცხადებები.
ჯაფარიძის უკვე ყოფილი თანამებრძოლების თქმით, ამ შინაარსით პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვეღარ ხედავენ და არ სჯერათ „გამარჯვების იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღიც სალომე ზურაბიშვილია“.
რაც შეეხება არჩევნების გამო დაპირისპირებას, ამ დროისთვის, ცნობილია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ფედერალისტები“.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. ექსპრეზიდენტის პარტია კოლეგებსაც მოუწოდებს, რომ მუნიციპალურ არჩევნებზე უარი თქვან.
იმავეს ითხოვს პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც, რომელიც კოლეგებს მეტი სიცხადის შეტანას სთხოვს.
„ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა გასცეთ, აპირებთ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას“, - ამბობს გვარამია.
მისივე განმარტებით, როდესაც ასეთ ვითარებაში პოლიტიკოსი არ არის ჩამოყალიბებული იმაზე, სრულად ითანამშრომლოს თუ არა რეჟიმთან მომავალში, „უცნაური და საეჭვოა“.
ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასთვის კი ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია. სწორედ ეს პარტიაა ეჭვმიტანილთა სიაში, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ.
არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გაურკვევლობაა ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდშიც. კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ საბოლოო პოზიციაზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ. პარტიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მათთვის მთავარი დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნებია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. ხელისუფლების წევრებს არც ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება და გაურკვევლობა უკვირთ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათი ოპონენტები მხოლოდ უცხოელი დამფინანსებლების დაკვეთითა და მითითებით მოქმედებენ.
„ერთადერთი, რასაც უახლოეს პერიოდში ველოდები, არის - არა ამ კონფიგურაციით, არამედ, სავარაუდოდ, განსხვავებულ კონფიგურაციაზე იფიქრებენ, თუ რა შეიძლება გააკეთონ და როგორ შეიძლება იმგვარად გადაკეთდნენ, რომ არჩევნებში საზოგადოების მხრიდან გარკვეული მხარდაჭერის შანსი გაუჩნდეთ. ასევე, გარე ფაქტორები და ის, თუ რა ტიპის ინსტრუქციას მიიღებენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ამიტომ, ამ შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, მე არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ მონაწილეობას მიიღებენ, ან თუ მიიღებენ, სერიოზულ მხარდაჭერას მოიპოვებენ“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ მრავალი წელია ოპოზიცია ერთმანეთთან არის დაპირისპირებული. ხოლო, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისინი საკუთარ ამომრჩევლებსაც ატყუებენ. ამას უკვე დიდი ხანია ხალხი მიხვდა, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური პროცესისგან გარიყულები არიან. თუ არჩევნებშიც არ მიიღებენ მონაწილეობას, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო გახდება.
„რაღაცა გაურკვეველი ალიანსები, ერთობა, განცხადებები, რომელიც რეალურად არაფერს ნიშნავს, უკვე მათ ამომრჩეველსაც ყელში ამოუვიდა. დანიშნავენ რაღაცა საკრალურ თარიღებს, ხალხს უჩენენ მოლოდინს, რომ აი, 31 მარტს იქნება ყველაფერი და რაღაცა საბოლოო სიტყვას გეტყვით. მერე იტყვიან 8 და 9 აპრილს გეტყვით, მერე 26 მაისს გეტყვით და ასე გრძელდება წლიდან - წლამდე. აი, ამ ფერხულში ჩაება ასევე თვითმარქვია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ნაცოპოზიციაში მოლოდინს აჩენს, ხალხს რუსთაველზე იბარებს, მაგრამ იმის მაგივრად, რომ რამე ხელშესახები უთხრას, დგას და ისტორიებს ჰყვება.
გარდა ამისა, რღვევა თავად ოპოზიციის შიგნით დაიწყო. ზოგი ამას ხმამაღლა ამბობს, ზოგიც ჩუმად მიდის. ეს შიდა დინებები უკვე დაწყებულია. ვხედავთ ზურაბ ჯაფარიძის პარტიიდან ახალგაზრდები წავიდნენ. ასევე ნაციონალებიდანაც მიდის ხალხი. ახლა აღმოჩნდა, რომ არმაზ ახვლედიანი ოპოზიციის ოპოზიცია გახდა. თურმე ემიჯნება ამ ოპოზიციას. ბოლოს ისე გამოვა, რომ თავად ოპოზიციაც კი საკუთარ თავს გაემიჯნება. ანუ ოპოზიცია, რომელიც იძახის, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ოცნება“ სრულდება, თავად იშლებიან და ჩამოქცევის პირას არიან. ამდენი ხანი გავიდა არჩევნებიდან და ხალხს შეუქმნეს ძალიან ცრუ და ფუჭი მოლოდინი. ჯერ წაგებული არჩევნები აზეიმეს და მერე უთხრეს, რომ გაყალბდაო. ამის ერთი მტკიცებულებაც ვერ დადეს. ხალხს ატყუებენ და აქეთ-იქით დაატარებენ. ოპოზიციაში რღვევა დაწყებულია და გაგრძელება იქნება“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია ქვეყნის შიგნით რადგან ხალხს ვეღარ ატყუებს, ახლა იმედებს დასავლეთზე ამყარებს. თუმცა, ადრე თუ გვიან, ეს მარაზმიც დასრულდება.
„პოლიტიკური პროცესების დისტანციურად მონიტორინგი სხვა ქვეყნებში ძალიან რთულია, მით უმეტეს, როდესაც სოცქსელებში უამრავი ფოტოშოპი და ფეიკ ინფორმაცია ვრცელდება. ვიდეო მონტაჟით ატყუებენ ჩვენს პარტნიორებს, ვითომ რუსთაველი ათი ათასობით ადამიანით არის გადავსებული. რადიკალები ხომ ხედავენ, რომ ეს ქართულ საზოგადოებაზე საერთოდ არ მოქმედებს. პირიქით, ადგილობრივ მოსახლეობასა და ამ რადიკალ აქტივისტებს შორის დაპირისპირება ხდება. ხალხი არ იზიარებს ამათ პათოსს. არავინ უჯერებს ოპოზიციას, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია. თუმცა სამწუხაროდ, ამ ფეიკებით კვებავენ დასავლეთში ჩვენს პარტნიორებს და ემიგრანტებს. ტყუილს ხომ მოკლე ფეხები აქვს და ამიტომ ეს დასავლური მხარდაჭერაც ერთიანი არ აქვთ. ამერიკაშიც და ევროკავშირშიც უკვე სრულიად სხვა პოზიციები იკვეთება საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ ნელ-ნელა ამათი საგარეო მხარდაჭერაც მილევადია და ამას მშვენივრად ათვიცნობიერებენ. ზოგი გარბის და ეს დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავე სახეს მიიღებს“, - ამბობს აბაშიძე.