„გრანტები რომ საქართველოში პოლიტიკის ინსტრუმენტია და მას ღიად იყენებენ ქართული ოცნების წინააღმდეგ, ამაზე ბევრი მაგალითი მეტყველებს“

„გრანტები რომ საქართველოში პოლიტიკის ინსტრუმენტია და მას ღიად იყენებენ ქართული ოცნების წინააღმდეგ, ამაზე ბევრი მაგალითი მეტყველებს“

უცხოეთიდან გრანტის საქართველოში მისაღებად, მთავრობის თანხმობა სავალდებულო გახდება, ამიტომ მათ გარეშე უცხოური გრანტის მიღება პასუხისმგებლობის დაკისრების მიზეზი შესაძლოა გახდეს. „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. თუ სუბიექტი კანონს არ დაემორჩილება გრანტის ორმაგი ოდენობით ჯარიმაა გათვალისწინებული. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მანკიერი პრაქტიკა შესაცვლელია და დონორებს მოუწევთ გრანტის გაცემამდე მთავრობის თანხმობა მიიღონ. თუმცა ინიციატივა გამონაკლისსაც ითვალისწინებს. შეზღუდვები არ შეეხებათ სპორტულ ასოციაციებს, ფედერაციებს და კომიტეტებს, განათლებისა და მეცნიერების სფეროს, ასევე, საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

მმართველი პარტიის ინიციატივამ „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი უნდა დაარეგულიროს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გრანტი უსასყიდლოდ გაცემული სახსრებია და ხშირ შემთხვევაში ფულადი რესურსის ჩარიცხვას დონორის ინტერესები მოჰყვება, ამიტომ სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია თანხის გაცემამდე დონორს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული ორგანოს თანხმობა ჰქონდეს.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ადრესატებისთვის არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გაგრძელებაა. მესამე სექტორი დაუმორჩილებლობას აცხადებს და ამბობენ, რომ არ აპირებენ კანონის მოთხოვნა შეასრულონ.

„აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს, მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას. „ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის დახმარების სისტემის განადგურების სტრატეგიის გაგრძელება იმ პირობებში, როდესაც, „რუსული კანონების“ მიღების, დევნის, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდების დაყადაღების მიუხედავად, ამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს საქართველოს ჩაკეტილ, იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცევას, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს პარტია „ქართული ოცნების“ ტოტალიტარული სტილის კონტროლს და გამოირიცხოს საზოგადოებისთვის საჭირო თანადგომის მიღება საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისაგან“, - წერია მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მესამე სექტორის ხელმძღვანელების ერთობლივი განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის ლუსტრაციაა. მამუკა მდინარაძე „ენჯეოების“ ერთობლივ ბრიფინგს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებები უტყუარი ტესტია, რომ ის, რაც ამ ხალხისთვის ცუდია, კარგია საქართველოსთვის“.

„გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ ოპოზიციაშიც.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან ამბობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში და მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ „ენჯეოების“ დაფინანსების და გრატების საკითხი გამჭვირვალე უნდა გახდეს. როგორც საყვარელიძე ამბობს, ფაქტი სახეზეა, რომ უცხოელი დონორები გრანტებს და მათ მიერ დაფინანსებულ ენჯეო სექტორს, მედიებს, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად იყენებს.

„გრანტები რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში და მანამდეც, პოლიტიკის ინსტრუმენტი და იარაღია, ყველასთვის ნათელია. ამ იარაღს რომ უკვე ძალიან ღიად იყენებენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ამაზე ბევრი მაგალითი მეტყველებს. ამიტომ ხელისუფლების მხრიდან საკითხის დაყენებას რომ ამ იარაღისგან ქვეყნის და სახელმწიფოს დაცვაა საჭირო, ლოგიკურია. ამ საფრთხისგან რომ ნებისმიერი ხელისუფლება თავს დაიცავს, მით უმეტეს, რომ ბოლო დროს, ამის აშკარა მაგალითებია.

საქართველოს მიმართ, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან დიდი ინტერესი არსებობს. ასევე, 2003 წლის რევოლუციის მაგალითი გვაქვს, სადაც ძალიან აქტიურად ენჯეო სექტორი და მედია მონაწილეობდა. საიდან იღებდა ეს ხალხი ფულს, ყველამ კარგად ვიცით. ასევე ე.წ. მდიდარი ენჯეოები, რომლებიც პირდაპირ და ღიად არიან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულები. ისინი არიან აფილირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ვერ გაარკვევთ რომელია პოლიტიკოსი და რომელი „ენჯეოშნიკი“. ამიტომ როცა ხელისუფლებამ დაინახა, რომ გრანტები უცხო ქვეყნების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის საბაბი გახდა, რა თქმა უნდა, მის ავკარგიანობის გარკვევას მოინდომებს. ლამის რევოლუცია და გადატრიალება მოაწყვეს, ტექნიკურ ხელისუფლებას ნიშნავდნენ და გასაკვირია, რომ ხელისუფლება მათი ფულის წარმომავლობით დაინტერესდება?“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ამერიკის ახალმა ხელისუფლებამ პირდაპირ აღიარა, რომ ენჯეო სექტორის დაფინანსებით უცხო ქვეყნების შიდა საქმეში ჩარევას ცდილობდნენ, რაც ამერიკას კარგი არაფერი მოუტანა. ასევე სკანდალები, რომელიც ევროკავშირის ირგვლივ ყოველ დღე სკდება და პირდაპირ ხდება მათი მხრიდან აღიარება, რომ ფული, რომლითაც ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ, მათ იდეებს და ინტერესებს ატარებენ.

„საქართველოში გრანტით ნამდვილად ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთებულა და რომ არა მართლაც ბევრ სფეროში ჩადებული უცხოური ფული წლების განმავლობაში, ეს სფეროები ვერ განვითარდებოდა. თუმცა ვხედავთ ტენდენციებს იმის ირგვლივაც, რომ ვიღაცები წყლის ამღვრევას და იქ თევზის დაჭერასაც ცდილობენ. ამიტომ ახლა ხელისუფლება ცდილობს ამ ამღვრეული წყლის დაწმენდას და იქ კონკრეტული რაღაცების დანახვას. ბავშვი და ჭუჭყიანი წყალი ერთმანეთისგან ნამდვილად გასაყოფია. თუმცა აქ ახლა ისაა მთავარი, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას. ამის მოგვარება იქნებოდა სასურველი ისე, რომ ხელისუფლების მიმართ პრეტენზია არ გაჩენილიყო. ახლა ეს ენჯეო სექტორი ბრძოლას ამ დროშით დაიწყებენ, თითქოს ხელისუფლება თავის თავზე ზრუნავს. ამიტომ შესაძლოა უპრიანი იყოს ისეთი საბჭოს შექმნა, რომელიც საზოგადოებრივი წევრებისგან იქნება დაკომპლექტებული. ეს კი ხელისუფლების ჩართულობას გამიჯნავს და ბრალდებები მმართველი გუნდის მიმართ ნაკლები იქნებოდა“, - ამბობს საყვარელიძე.

KAB გრანტები მრავალფაროვანია, მათ შორის არის სამეცნიერო -საკვლევი გრანტები, მაგალითად, ევროგაერთიანების სამეცნიერო პროგრამების „ჰორაიზონ 2020 ან ჰორაიზონ ეუროპა“- ს ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება წმინდა სამეცნიერო მიზნებს ხმარდება. . ამიტომ, აუცილებელია მკაცრი დიფერენცირება, რათა თავიდან ავიცილოთ, იგივე ხაზინასთან, გაუგებრობები პროექტის შესრულების პროცესში.
4 დღის უკან
trampi რაც იმათ უნდათ და აწყობთ, იმ ფულს თუ არ შემოუშვებენ .....რაც ჩვენ გვაწყობს იმას საერთოდ რაღაზე მოგვცემენ??სუ კიტრზე არა ვკიდივაართ?/
იმ ერთი ორ კაპიკ გრანტს იმ ფონზე გვაძლევდნენ, რომ ქვეყნის ასარევად განკუთვილი ფულის შემოსვლა როგორმე გაეპრავებინათ, (რო აი გრანტებს გაძლევთო) თორე სინამდვილეში ქვეყნისთვის(ანუ ხალხისთვის) სასარგებლო გრანტების წილი შემოსულ თანხებში მხოლოდ მიზერი იყო, მაქსიმუმ მთლიანი შემოსული თანხის 10 პროცენტი
ასე რომ პრაშაი გრანტები, ემიგრანტები...(ნეტამც)..ქარისა არც მოტანილი გვინდოდეს და მით უმეტეს არც წაღებული
ჰოოდა რაღაში მოგვცემენ გრანტებს?? ...
4 დღის უკან