ბოლო რამდენიმე დღეა, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში მილიონობით ადამიანი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის პოლიტიკას აპროტესტებს. როგორც ცნობილი ხდება, საპროტესტო აქციები 1400-მდე ლოკაციაზე ამერიკის 50-ვე შტატსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა. ამასთან, დემოკრატები აპელირებენ, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დღის წერსიგში უნდა დადგეს. როგორც კონგრესმენმა, ალ გრინმა განაცხადა, 30 დღეში აშშ-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს.
„ის გოლიათია, ის აკონტროლებს სამხედრო გენერლებს, ის აკონტროლებს იუსტიციის დეპარტამენტს, ის აკონტროლებს „რესპუბლიკურ პარტიას“, მაგრამ ჩემო მეგობრებო, ყოველი გოლიათისთვის არსებობს დავითი. მინდა იცოდეთ, ბატონო პრეზიდენტო, ეს დავითი აპირებს თქვენს წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლების წარდგენას უახლოესი 30 დღის განმავლობაში“, - განაცხადა კონგრესმენმა.
სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი მისი განსხვავებული პოლიტიკის გამო ვერ დადგება. მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ აშშ-ში პროდუქტებზე ფასმა აიწია და არსებული ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა, რაც თავისთავად მოსახლეობის ჯიბეებზეც აისახება, შესაძლოა, ამ ფაქტმა ხელი შეუწყოს დონალ ტრამპის იმპიჩმენტის დაყენების საკითხს.
„ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროსაც იყო იგივე მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდათ. იმპიჩმენტისთვის მათ სჭირდებათ ხმები, თუმცა ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ და რესპუბლიკელების ბანაკში ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მომხრე არ მგონია ბევრი მოიძებნოს, რომ ეს დემოკრატებმა შეძლონ. ისეთი რამ უნდა მოხდეს ამერიკის ეკონომიკაში, ისე უნდა გაუარესდეს სოციალური პირობები, რომ რაღაც განსაკუთრებული ტალღა გამოიწვიოს. ვხედავთ, რომ ბევრ ქალაქშია გამოსვლები, მაგრამ როგორ ხდება ამ გამოსლვების ორგანიზება, ესეც ცნობილია - ტრამპის მოწინააღმდეგეები უზარმაზარ რესურსებს ფლობენ. იმ აქციებზე მისული ხალხის საკმაოდ დიდ ნაწილს თუ გაესაუბრებით, შეიძლება არც იცოდნენ რისთვის არიან მისულები.
ქუჩაში გამოსვლებით რევოლუციები ყოველთვის არ ხდება. ტრამპმა ეს არჩევნები მოიგო ისეთი უპრატესობით, რაც აქამდე არ ყოფილა, მოიგო ყველა მერყევი შტატი - ასე რომ, მას აქვს საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება პოლიტიკას ტარიფებთან დაკავშირებით, რაც იწვევს საკმაოდ სერიოზულ რყევებს საფონდო ბირჟებზე, მაგრამ ბირჟების დანაკარგები უბრალო მოქალაქეებს დიდად არ აწუხებთ, მთავარია მათზე როგორ აისახება. არის მოლოდინი, რომ გაიზრდება ფასები როგორც ამერიკაში, ასევე სხვაგანაც. ეს ყველაფერი კი აისახება საქონლის ფასებზე, შესაბამისად, აისახება მოსახლეობაზე.
ამასთან, ბევრი ეკონომისტი პროგნოზირებს ეკონომიკის შენელებას ამერიკაში, თუ ასეთი პროცესები განვითარდა, გააჩნია, რა დონეზე დააზიანებს ეს მოსახლეობას და რა შედეგებს მიიღებენ, მაგრამ ეკონომიკური პრობლემების და რეცესიის გამო, ტრამპის იმპიჩმენტი არ მგონია მოხდეს. იმპიჩმენტი უფრო ისეთმა ქმედებებმა უნდა გამოიწვიოს, როგორიც არის კორუფცია ან მორალური საკითხები და არა რეფორმები, იმის მიუხედავად, ეთანხმება ამას მისი პარტია თუ არა.
ტრამპის საწინააღმდეგო ისტერია არის ჩვენთანაც ოპოზიციაში, ვერ ჩამოყალიბდნენ - როდესაც აწყობთ, აქებენ ტრამპს და მის ადმინისტრაციას, თუ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ რაიმე ითქვა, თუმცა როცა აწყობთ, ისტერია აქვთ - ოპოზიცია მაინც დემოკრატების ბანაკში რჩება“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის განცხადებებს, უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერებასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსის შეფასებით, ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებები უფრო მეტად პოპულისტური იყო ვიდრე რეალისტური, თუმცა ასევე ფაქტია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მიმდინარე ომის შეჩერებას ცდილობს.
„არ მგონია, რომ ეს მის რეიტინგზე აისახოს ქვეყნის შიგნით, მის ამომრჩეველში. მცდელობები, რომ ის ცდილობს ომის შეჩერებას, სახეზეა, მეორე საკითხია, რამდენად სწორად წარმართავს ის ამ მოლაპარაკებებს, როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან. მცდარი იყო მისი დაპირებები თუ წინასაარჩევნოდ გააბუქა, არ ვიცი, მაგრამ უფრო მეტად ვიხრები იმისკენ, რომ ეს განცხადებები ტრამპის მხრიდან პოპულისტური იყო და ზოგადად, ტრამპს ახასიათებს პოპულიზმი. ვფიქრობ, გაზვიადებული იყო მისი დაპირებები. ეჭვი მეპარება, თითქოს მას სჯეროდა, რომ ომს 24 საათში დაასრულებდა, მაგრამ არჩევნების წინ ყველაფერი მოსულა, როგორც ჩანს“, - აღნიშნა სალუქვაძემ.