ის, რაც ბოკუჩავას ევროსაბჭოსგან ეიმედება, ხელისუფლებისთვის შაურის ფასი აქვს

ის, რაც ბოკუჩავას ევროსაბჭოსგან ეიმედება, ხელისუფლებისთვის შაურის ფასი აქვს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ დებატებს 10 აპრილს გამართავს. განხილვა 7 აპრილს იგეგმებოდა, თუმცა ხუთშაბათისთვის გადაიდო. დღის წესრიგშია 29 იანვარს მიღებული რეზოლუცია, რომელშიც საუბარია საქართველოს დელეგაციის მანდატების კონკრეტული პირობებით აღიარებაზე, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებაზე. ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. 

„ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა, პრაქტიკულად, გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ იქ, სადაც საქართველოს და ქართველ ხალხს ულტიმატუმებით ესაუბრებიან, ქვეყნის ადგილი იქ არ არის.

„ჩვენთვის საინტერესო არ არის, ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა, პრაქტიკულად, გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ. ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ კი განაცხადა, რომ რეზოლუციაში სააკაშვილის პოლიტპატიმრად და კეზერაშვილის მედიამენეჯერად ჩაწერის შემდეგ, თემა დამთავრებულია, მათთან საუბარს აზრი არა აქვს.

„რეზოლუციაში რომ ჩაგიწერენ, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და კეზერაშვილი მედიამენეჯერიო, იქ თემა დამთავრებულია. მათ რაზე უნდა ველაპარაკოთ? ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრებული ლობისტური ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულები არიან და ამ პოლემიკაში ჩვენ არ შევალთ. ჩვენ ვუთხარით, რომ ულტიმატუმებით ვერ დაგველაპარაკებით და კარგად იყავით, მორჩა“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ PACE ხუთშაბათს, საქართველოზე საგანგებო დებატის შედეგად, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ რეზოლუციით ევროსაბჭო ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას მოითხოვს.

ბოკუჩავას თქმითვე, ის მონიტორინგის კომიტეტს დაესწრო, სადაც სრული კონსენსუსია იმის შესახებ, რომ საქართველოში ავტოკრატია კონსოლიდირდა.

„ახლა კი საქმეზე - PACE ხუთშაბათს, საქართველოზე საგანგებო დებატის შედეგად, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს, სადაც კვლავ მოითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ოცნების დელეგაცია სხვაგვარად PACE-ში ვერ დაბრუნდება“, - წერს თინა ბოკუჩავა.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ საქართველოს საკითხის განხილვის გადატანა იძლევა იმის იმედის საფუძველს, რომ შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ევროსაბჭოდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიღებული არ იყოს. ყოფილი მინისტრი for.ge-თან ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროსაბჭოში ყოფნა მნიშვნელოვანია და ასევე თავად ევროსაბჭოს არაფერში უნდა აწყობდეს საქართველოს გარიცხვა.

„მაინც იმედს ვიტოვებ და ძალიან არ მინდა, ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვა მოხდეს. მე მაინც ასეთ რადიკალურ ნაბიჯებს ევროსაბჭოდან არ ველი. საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვა, ეს ქვეყნის იზოლაციის ძალიან მაღალი ხარისხი იქნება. ეს არც ხელისუფლებისთვის არის კარგი და არც ხალხისთვის. ეს გამოიწვევს საქართველოს იზოლაციას ცივილიზებულ სამყაროსგან, რაც არ არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა. ჩვენ კონსტიტუციაშიც კი გვიწერია, რომ ევროპა და ევროატლანტიკური გზა ჩვენი ისტორიული არჩევანია. მესმის, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც თავისი პრინციპი აქვს და მიაჩნია, რომ ულტიმატუმით საუბარი არ უნდა იყოს, მაგრამ დიპლომატია იმისთვის არსებობს, რომ დიალოგი მოხდეს და რაღაცა გზები გამოინახოს, რომ ამ უკიდურეს სიტუაციამდე არ მივიდეთ.

არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი ვერ მოინახება. დამოკიდებულება რომ მოდი, ყველასთან დიალოგი გავწყვიტოთ, იზოლაციაში მოვექცეთ, არაფერში წაგვადგება. ამიტომ ბოლომდე იმედის გადაწურვა არ მინდა. ვფიქრობ, რომ თუკი ორივე მხარე მოისურვებს გამოსავლის პოვნას, ასეთი მოინახება. ევროპის საბჭო ის სტრუქტურაა, რომლის წევრობა ცივილიზებულ სამყაროსთან ჩვენს კავშირს ნიშნავს. გასაგებია, რომ ორივე მხარეს საკუთარი პრინციპი და მოთხოვნები აქვს, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, საერთო წერტილის მოძებნა შესაძლებელია“, - ამბობს მენაღარიშვილი.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე ამბობს, რომ ევროსაბჭო საქართველოს წინააღმდეგ ანტიქართულ განცხადებებს აგრძელებს და ხელისუფლება, ფაქტობრივად, ყველა სცენარის განვითარებისთვის მზად არის. ჩიბურდანიძე for.ge-თან ამბობს, რომ ეს არის „დიფ სთეითის“ სტანდარტული და შაბლონური მოქმედება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დიდი ხანია ამოქმედებულია.

„თურმე მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა ყოფილა. გვესმის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს და განმეორებით, მაგრამ რატომ, რა სახის ფაქტები და მტკიცებულებები აქვთ გაყალბების შესახებ, ერთხელაც არ წარმოუდგენიათ. მათი მიზანია საქართველოს ხელისუფლების შეცვლა. ხოლო ხელისუფლების ცვლილების იქით რა მიზნები იმალება, ესაა ყველაზე სახიფათო. მათ ხომ კონკრეტული მოტივი ამოძრავებთ, რატომაც არ მოსდით ეს ხელისუფლება თვალში. მათ ქვეყნის ამ საშინელ პროცესებში ჩართვა უნდათ, რასაც მსოფლიო გადის. უკრაინის ომში საქართველოს ხელისუფლების არნახული გამჭრიახი პოლიტიკის შედეგად, ვერ ჩართეს. თუმცა ეს საფრთხე ჯერ კიდევ დასრულებული არ არის, მოვლენები როგორ განვითარდება არავინ იცის.

ეს რისკები ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ასევე, სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ, როგორც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდგომარეობის ქვეყანა, სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის დასაყრდენები ვართ. მათ სომხეთთან, აზერბაიჯანთან ასეთი პარტნიორობა არ ჰქონიათ. ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ მათი ფულით და პოლიტიკით გაზრდილი სახეები შემოჰყავთ ოპოზიციაში და ქართულ პოლიტიკაში. ბუნებრივია, თავიანთ დღის წესრიგს მიჰყვებიან, მაგრამ რამდენი განცხადებაც არ უნდა გააკეთონ ევროსაბჭოდან, დიდი ბრიტანეთიდან, დემოკრატებმა ამერიკიდან, ამას ხელისუფლებაზე ზეგავლენა ვერ ექნება, რადგან საქართველო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით და ინტერესებით მოქმედებს“, - ამბობს ჩიბურდანიძე.

quji თქვენი არ ვიცი და მე კი გამკვირვებია, ამ აწყვეტილ "პატრიოტებს" ევროპა-ამერიკა ფეხქვეშ რომ აქვთ ამოდებული და წამლავენ ყველას და ყველაფერს, ნუთუ ამ ქვეყანას პატრონი არა ჰყავს, ან ბილეთის ფული არა აქვთ, ან იმ დასავლეთში ჭკუათამყოფელი აღარავინ დარჩა რომ დაელაპარაკონ და გაარკვიონ რაღაცაში? ასე ყველა მტრად ხომ არ უნდა მოვიკიდოთ. ჩვენ რას გვიხსნიან და გვიხეთქავენ გულებს, ისედაც კარგად ვარჩევთ მტერ-მოყვარეს.
5 დღის უკან