მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა ირაკლი ოქრუაშვილს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხვნის შეუსრულებლობის ფაქტზე წარუდგინეს. ოქრუაშვილმა კომისიას უნდობლობა გამოუცხადა, შესაბამისად, მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
ბრალის წარდგენის შემდეგ ოქრუაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და იმედი გამოთქვა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით „პატარა ფასდაკლებას“ გაუკეთებენ სასამართლოში. მისი თქმით, არავის აქვს არანაირი მორალური უფლება არანაირი არგუმენტით, გამოცხადდეს იმ მასკარადზე და იმ ე.წ. კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მათ შორის მზია ამაღლობელი.
„არანაირი კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ხარება დღეს, ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შენობაში და, ზოგადად, ხელისუფლებაში სხვა კალენდრით მუშაობენ, მათთვის უცხოა ეს წესი და სწრაფი წესით წამიყენეს ბრალი. იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, „პატარა ფასდაკლებას“ გამიკეთებენ“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
საგამოძიებო კომისიაში დღეს ელოდებიან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებს, ნიკა გვარამიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. ასევე კომისია განიხილავს ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევის და ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეს. სხდომაზე მოწვეულნი არიან ია მეტრეველი; გოჩა მუკბანიანი; ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი; ლერი ბერიტაშვილი; ლევან ტერაშვილი და ბესიკ ბერიტაშვილი. ცნობილია, რომ კომისიაზე მისვლას არ აპირებენ გვარამია და ჯაფარიძე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცემა.
ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ კომისიაზე გამოუცხადებლობას მთავრობის მეთაური იმით ხსნის, რომ ეშინიათ, რადგან უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი.
„ირაკლი ოქრუაშვილსაც არაფერი აქვს სათქმელი, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს. ბუნებრივია, რომ მათ საგამოძიებო კომისიის სხდომებზე დასწრება ეშინიათ. ამ ადამიანებს უამრავი დანაშაული ჩადენილი აქვთ, შესაბამისად, იმ პროცესზე გამოცხადება ეშინიათ, სადაც მათი მხილება მოხდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოქრუაშვილს უპასუხა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რომლის განცხადებით, ოქრუაშვილი უფრთხის, საგამოძიებო კომისიაზე პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს, რომელიც ცხადია, კიდევ ერთხელ იმ რეჟიმის მხილებას გამოიწვევს, რომელსაც ის ემსახურებოდა.
„ამ ადამიანს პრინციპულობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. კარგად გვახსოვს ჩვენ ისტორია „პრინციპული“ ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ. ეს არის ის ფორმატი, სადაც ყველას შეუძლია თავისი, თუ მიაჩნიათ, რომ რაიმეში მართლები არიან, სიმართლე დაამტკიცოს და ამას ყველა უყურებს. მთელი მსოფლიოს ხელის გულზე დევს საგამოძიებო კომისიის საქმიანობა. რატომ არ მოდიან? რატომ არ წარდგებიან კომისიის წინაშე? იმიტომ, რომ ამ ყველაფრის ეშინიათ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
რამდენად შორს წავა საგამოძიებო კომისია და რა დასკვნას გადააგზავნის უკვე პროკურატურაში, რთული მისახვედრი არ არის. თუმცა, დაველოდოთ კომისიის საბოლოო ვერდიქტს, რომელიც მაისში გახდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, კომისიამ უკვე გამოკვეთა კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც აგვისტოს ომის ნაწილში, ასევე საკუთრების ჩამორთმევის მიმართულებით, რომელშიც ფიგურირებენ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.
ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც ჩართულია საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, აცხადებს, რომ სამხედროებთან და ჯართან ანგარიშსწორებას საფუძველი ჩაეყარა 2004 წელს, ჯერ კიდევ გიორგი ბარამიძის თავდაცვის მინისტრობის დროს. როგორც გაირკვა, ძირითად თათბირებს ატარებდა მისი თანაშემწე ელენე ხოშტარია, როდესაც მოხდა იმ პირველი ნაკადის - 2500 პროფესიონალი სამხედრო პირის სისტემიდან გაშვება. მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობისას მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა თავდაცვის აკადემია, სამხედრო დაზვერვა, სახმელეთო ჯარების შტაბი და ა.შ. უბრალოდ გააუქმა.
„განაჩენი შეიარაღებულ ძალებს 16/33 რეზოლუციით, გამოუტანა სწორედ რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ქართულმა ოცნებამ“ ჰააგაში და სტრასბურგში გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მოეხდინა სრული რეაბილიტაცია ჩვენი რეპუტაციაშელახული სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული სამხედროების და ოფიცრების. არც ერთი ოფიცრის და არც ერთი გენერლის რეპუტაცია არ იქნება დაკნინებული კომისიის მუშაობის შედეგად. ჩვენ უნდა გავერკვეთ, რა იყო იმ ღალატის და დანაშაულის საფუძველი, რასაც ის ორი გამოკითხული გენერალი - გოგავა და ყურაშვილიც ადასტურებს.
ისინიც არიან უკმაყოფილოები 16/33 რეზოლუციის ნარატივით, რომელმაც სამხედროები გამოიყვანა ამ ვითარების მძევლებად, როდესაც მათ შეახოცეს ხელი იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მიიყვანეს სიტუაცია ტრაგედიამდე. კომისიის საბოლოო დასკვნაში ასეთი უამრავი დოკუმენტი გაჩნდება, საიდანაც ჩვენ გავიგებთ ისეთ ამბებს ჩვენი უახლოესი ისტორიიდან, რომლებიც, უბრალოდ, გაგაოცებთ. გაგაოცებთ იმ თვალსაზრისით, თუ რა დონემდე შეიძლებოდა მისულიყო მაშინდელი ხელისუფლების ღალატი“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანი - სიმართლის დადგენაა. ხოლო ეს სიმართლე კოლექტიურ ნაცებს სახელმწიფოს ღალატში ამხელეს. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, სიმართლე ამხელს მათ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს დაუძინებელ მტრებს და სიმართლე ამხელს მათ, როგორც - სიმართლის, სამართლიანობისა და სამართლის მტრებს, ანუ უსჯულოებს.
„სიმართლეს უნდა ეშურებოდეს ეს კომისია და არა ნაცების „შავ პიარს“. სამართლიანობაზეც რომ არაფერი ვთქვათ, ეს პოლიტიკური მიზანშეწონილობითაც მარტივია, რადგან სიმართლე თავისთავადაა ნაცების „უშავესი პიარი“, იმაზე „შავიც“ კი, რაც კი საერთოდ ვინმემ შეიძლება წარმოიდგინოს. ხოლო სიმართლე, მაგალითად, აგვისტოს ომზე, ამ კომისიის მიერ, ჯერჯერობით, და ჩემდა სამწუხაროდ, მხოლოდ დოზირებულად იძიება.
მთავარი კითხვა - სააკაშვილის რეჟიმის მიერ აგვისტოს ომში ჩადენილი ღალატის და ეს ღალატი - აბსოლურტურად უდავო იურიდიული ფაქტია და მაინცადამაინც საპარლამენტო კომისიის მიერ დადგენა არ სჭირდება, არამედ - კონკრეტული დამნაშავეების ღალატში მხილიება. შესაბამისი საბრალდებლო დასკვნის მომზადება პროკურატურის ექსკლუზიური კომპეტენციაა, პოლიტიკურ მოტივების გამჟღავნება, გამოკვლევა და სამართლებრივ პოლიტიკური შეფასებაა. ვიმეორებ, მოტივების მიუხედავად - ღალატის ჩადენის იურიდიული ფაქტი უდავოა. ცხადია, მე მაქვს საკუთარი ვერსია მოტივების თაობაზე, რაც არაერთგზის დამიწერია კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ ვერსიაა.
სიმართლე შეიძლება სხვაა და გაცილებით ბანალური მოტივები ჰქონდა სააკაშვილის მოღალატე რეჟიმს. მაგალითად, თუნდაც მხოლოდ ის, რომ ცხინვალში ტრიბუნა აღემართა და მსოფლიოს ტელეეკრანების წინ „ემარიაჟა“ იმწუთიერი დიდებით. სააკაშვილი მანიაკია, როგორც ნარკომანი, ე.ი. წუთიერი დიდებისთვის მზად არის, ნერონივით, რომი რომ გადაწვა, თუნდაც მთელ მსოფლიოს ცეცხლი წაუკიდოს, მაგრამ ეს - ბანალური მოტივია, რაც სხვა, უფრო მთავარ მოტივებს არ ეწინააღმდეგება“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.