ევროკომისია ახალ სკანდალში გაეხვა - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დიდი ფულის რესურსი იყო მობილიზებული არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში დესტაბილიზაციის განვითარებისთვის. საჯაროდ ამ სკანდალის დადასტურება აღიარება არ არის, რადგან გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და იძულებულები გახდნენ, სიმართლე ეთქვათ. რასაც ამ ხნის განმავლობაში თვალს ვადევნებდით, საქართველოს ჩათრევა სურდათ მსოფლიოს ირგვლივ მიმდინარე ქაოსში და დესტაბილიზაციაში. მმართველი გუნდის განცხადებების სიმრთლე თავად ევროკომისიამ დაადასტურა. დადასტურდა ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ ფონდები მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად გამოიყენა, რათა ევროპელი კონსერვატორების ხმები ჩაეხშო. ინფორმაცია ავსტრიულმა გამოცემამ „ეი ექსპრესმა“ გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, საუბარია სახსრებზე „ლაიფ“ პროგრამიდან, რომელიც გარემოსდაცვითი ინიციატივების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი. როგორც გამოძიებამ აჩვენა, ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების ნაწილი ევროპაში კონსერვატიული და ევრო-სკეპტიკური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა.
თავად ევროკომისიამ მოკლე განცხადება გაავრცელა: „კომისია მიიჩნევს, რომ აქტივისტური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა შეუსაბამო ლობისტურ საქმიანობას“.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროკომისიამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად, ლობიზმისთვის.
„ეს ლობიზმი საქართველოში ხილულია. ჩვენ ვნახეთ საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ ევროკავშირის ფული იხარჯებოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. ევროკავშირის ელჩი პირადად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში. ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა საარჩევნო ღონისძიებები, მათ შორის 20 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საბოლოო საჯარო აქცია ჩატარდა არა პარტიების მიერ, არამედ ევროკავშირისგან დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ. ზუსტად ეს გახლავთ ლობიზმი, კორუფცია და უცხო ქვეყნის არჩევნებში ჩარევა, რასაც საპარლამენტო არჩევნების წინ ვხედავდით. ეს აღიარა თავად კომისიამ, რომელმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად, ლობიზმისთვის, მათ შორის სპეციფიკურად იხარჯებოდა ოპონენტების გასაჩუმებლად, მათი დისკრედიტირებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ თუკი ვიღაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ახორციელებს საქართველოში, კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და გამოიძიოს. დანარჩენს ჭორაობად მიიჩნევენ.
„თუკი ვიღაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ახორციელებს საქართველოში, კეთილი ინებონ, გამოიძინონ შესაბამისი მტკიცებულებებით, დანარჩენი ყველაფერი არის ჭორაობა. ნებისმიერი განცხადება, რომელსაც არ მოსდევს კონკრეტული მტკიცებულება, არის ჭორაობა, მით უმეტეს იმ ადამიანების მხრიდან უტიფრობა, რომლებიც თავად იყვნენ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავად გასცემდნენ გრანტებს“, - აღნიშნა „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან ამბობს, რომ ევროკომისია იძულებული გახდა სიმართლე ეღიარებინა და საქართველოს ხელისუფლების არაერთგზის ნათქვამი დაედასტურებინა.
„გვახსოვს, ალბათ, ამერიკის ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, ტრამპმა შეაჩერა ამერიკული ფულის ხარჯვა მსგავს სიგიჟეზე, რასაც სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობა და დესტაბილიზაცია ჰქვია. ევროკომისიამ ამ აღიარებით დაადასტურა ის, რომ ტრამპის გადაწყვეტილება გონივრული და მართებული იყო. ასევე, ის, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს ამ ენჯეო სექტორზე, რომელსაც ხელისუფლების დამხობა უნდოდა, სიმართლეს ეუბნებოდა. აღმოჩნდა, რომ თვეების განმავლობაში, ევროკომისიის მხრიდან გამოყოფილი იყო 3 მილიარდამდე დოლარი, რათა ეს ფული იმ ენჯეოების ანგარიშებზე დარიცხულიყო, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ლიბერალური იდეების განსამტკიცებლად გამოიყენებდა.
მათი მიზანი იყო, რომ ამა თუ იმ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, კონსერვატორული შეხედულებები და პოლიტიკა განდევნილი ყოფილიყო და მათი საქმიანობა ჩაეხშოთ. ამავე ევროკომისიის აღიარებით, ირკვევა, რომ დაახლოებით ორი მესამედი თანხების, რომელიც ვითომ და კლიმატური გამოწვევების და პრობლემების მოსაგვარებლად უნდა დახარჯულიყო, აბსოლუტურად სრულიად სხვა საქმეზე იხარჯებოდა. სად ქრებოდა ეს ფული და რაში ხდებოდა მისი გამოყენება, საერთოდ უცნობი და გაუგებარია“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ გამოყოფილი თანხები მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იხარჯებოდა და მისი გათეთრება ხდებოდა.
„საუბარია არა მხოლოდ ფულის გათეთრებაზე, არამედ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე. ჩვენ ვხედავთ, როგორ ახშობენ კონსერვატორულ ძალებს და დევნიან სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთში, საფრანგეთში, სადაც დემოკრატიის აკვნად მოაქვთ თავი და ოპოზიციის ლიდერი მარი ლე პენი, ლამის, დააკავონ. ქვეყანა არ დარჩა, სადაც ეს ლიბერალური და მემარცხენე იდეები არ იკვებებოდა, რასაც დემოკრატიის სახელით ფუთავდნენ. არადა ეს არის ავტორიტარიზმის და დიქტატურის ნათელი მაგალითი. ჩვენი ხელისუფლება, როცა ზუსტად ამ ფაქტებზე ამახვილებდა ყურადღებას, გვახსოვს ყოველ ჯერზე, გამოდიოდა რომელიღაცა სპიკერი და მას კრემლის დეზინფორმაციას არქმევდა. ამბობდნენ, რომ თითქოს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა იყო. ვითომ „ოცნება“ ანტიდასავლურ და ანტიევროპულ რიტორიკას ეწეოდა.
ჩვენი ხელისუფლება ამბობდა სიმართლეს და სწორედ ამ სიმართლის გამოა, რომ ამხელა წნეხის ქვეშ არიან მოქცეულები. თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა აშკარავდება. ჩვენმა ხალხმა, რაც მთავარია, დაიჯერა, რომ ხელისუფლება ამათთან მართალია. კიდევ ველოდოთ ბევრი ასეთი საქმის გამოაშკარავებას. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ამათი მხილება არ გამოგვრჩეს. პროცესი დაწყებულია და კიდევ ბევრი სკანდალი გასკდება“, - ამბობს ქართველიშვილი.