მას შემდეგ, რაც 31 მარტის აქცია ჩავარდა და ექს-პრეზიდენტმა რუსთაველის მოედანზე შეკრებილ ხალხს საქართველოს ისტორია წაუკითხა, ოპოზიციამ ახალი თარიღი ამოიღო მიზანში. ახალ მათ სურთ, რომ რუსთაველი 8 აპრილს დაიკავონ, რათა 9 აპრილს საქართველოს ხელისუფლებამ მემორიალთან მისვლა და 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივე ვერ მიაგოს. მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, რომელსაც 31 მარტს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს და მიკროფონი გამოურთეს, შეკრებილ ხალხს მეგაფონით მიმართა და განაცხადა, რომ 8 აპრილს შეკრებილიყვნენ, დაეკავებინათ რუსთაველი და იქიდან ფეხი აღარ მოეცვალათ.
სწორედ ამის შემდეგ ხდება ცნობილი, რომ 8 აპრილს აქციებისას დაკავებულების მშობლები და ოჯახის წევრები ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას: „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“ ქმნიან.
ახლად შექმნილი მოძრაობა 8 აპრილს ღამეს პარლამენტის წინ გაათევს. მათივე განმარტებით, საზოგადოებრივი მოძრაობის მიზანი „რეჟიმის ტყვეების“ დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა იქნება.
„8 აპრილს, 22:00 საათზე - 24-საათიანი აქცია პარლამენტის წინ. გავათიოთ ღამე გმირთა ხსოვნის პატივსაცემად. გავაგრძელოთ 24-საათიანი პროტესტი, რომ ეს ადგილი დავიცვათ თავისუფლებისთვის მებრძოლმა ხალხმა.
ჩვენი ერთად ყოფნით დავიცვათ ქვეყანა და არ მივცეთ რუსულ მარიონეტებს უფლება, წაბილწონ ეს დღე და ეს ადგილი!“ - წერენ ორგანიზატორები.
პატიმრების ოჯახის წევრების მიერ 8 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელიაც მიიღებს. შესაძლოა, მის გარდა აქციაზე სხვა პოლიტიკური ლიდერებიც ვიხილოთ.
„მორალური უპირატესობა მათ მხარეს არის. როდესაც შენ ოთხ კედელში უკანონოდ ხარ გამოკეტილი, გაძლიერებს. საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ ეს. პირველ რიგში, პოლიტიკოსებმა კეთილი უნდა ვინებოთ და ვიყოთ მკაფიოები საკუთარ გადაწყვეტილებებში და ყველა პროცესში უნდა შევიტანოთ სიცხადე. ჩვენ ვუერთდებით 8 აპრილის აქციას, ყველა ინიციატივაში მივიღებთ მონაწილეობას, თუკი რაიმე განსაკუთრებული მიუღებლობა არ იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან ამბობს, რომ 8 აპრილს დაგეგმილი აქცია და მანამდეც ყველა აქცია, ოპოზიციის პოლიტიკური წინასასიკვდილო ჭინთვებია. გვენეტაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ელექტორალურად უკვე იმდენად არის გაკოტრებული, რომ მისი ამომრჩეველიც კი მათ დაძახილზე ქუჩაში არ გადის.
„ეს არ არის ოპოზიცია, ესენი არიან დავალების შემსრულებელი მე-5 კოლონა, რომლებიც ქვეყნის დასანქცირებას, ომში ჩაბმას, განადგურებას და უცხო ქვეყნების კოლონიად გადაქცევას ითხოვენ. ამიტომ მიიღეს ის, რისი მოლოდინიც იყო. ეს სრულიად გაკოტრებული ოპოზიცია, პოლიტიკურად, მორალურად, ავტორიტეტულად, ცდილობს ე.წ. პოლიტპატიმრების ოჯახებს და მათ სახელს ამოეფაროს. საკითხავია, ვინ არის პოლიტპატიმარი? ხალხი, რომელიც ჩვენს პოლიციელებს ცოცხლად დაწვას უპირებდა? პატიმრები არიან ის სუბიექტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს ცეცხლს უკიდებდნენ და მის ფანჯრებს ლეწავდნენ? ქაშვეთის ეკლესიაში შარდავდნენ და სასულიერო პირებს შეურაცხყოფას აყენებდნენ? ესენი ჩადიან მეორე დიდ დანაშაულს, როდესაც მართლა პოლიტიკურ პატიმრებს და სამშობლოს პატრიოტ ხალხს ამ ავაზაკებს ადარებენ.
როგორ შეიძლება პოლიციაზე თავდამსხმელები შეადარო და გაუთანაბრო ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, სხვა ცნობილ დისიდენტებს. იმათ გვერდით უნდათ ანდრო ჭიჭინაძის და სხვების დაყენება. ეს არ გამოვა, ეს არის ძირშივე განწირული საკითხი. ხალხი კარგად არჩევს ამ ავაზაკებს ვინც არიან. 8 აპრილსაც ეს ფუჭი მცდელობები ისევე უშედეგოდ დასრულდება, როგორც 31 მარტს დასრულდა. მე მაგალითად ამათი მხარდამჭერების მიკვირს, ვინც იქ, რეალურად, ამათ გამო მიდის. 31 მარტის მერე, როცა ხალხი ტყუილად მიიყვანა იმ ე.წ. პრეზიდენტმა და ფაქტობრივად, დასცინა, იმის მერე კიდევ ამათ დაძახილზე როგორ მივიდოდი“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, ეს არის ოპოზიციის მცდელობა, საზოგადოებას თავი შეახსენონ, რომ არსებობენ, ასევე, ანგარიშვალდებულები არიან საკუთარ პატრონებთან, რომელთაც აჩვენებენ, რომ აი, რაც შეუძლიათ აკეთებენ.
„სამწუხაროდ, ამ უცხოური ძალის აგენტებს ისევ მსუყედ კვებავენ, როგორც ეს ადრე იყო. ფაქტია, ამერიკიდან დიდ ბრიტანეთში გადმონაცვლებული „დიფ სთეითი“ გაჩერებას არ აპირებს და გრანტების იმედად გახარებული ოპოზიცია, ენჯეო სექტორი, პატრონების გულის გასახარად, აქ არეულობის იმიტაციას ცდილობენ. გამოვიდნენ, დადგნენ და იყვნენ, მაგათი არავის ეშინია. 8 აპრილის მერე, ალბათ, იტყვიან, მოდი, 1-ელ მაისს შევიკრიბოთო, შეიძლება მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე აღნიშნონ. შემდეგ 9 მაისი მოდის და მასაც გამოიყენებენ, რომ რუსთაველზე დაფიქსირდნენ, რათა გრანტების ამბავი კიდევ უფრო გაინაღდონ. ახლა 26 მაისი მოდის და, რა თქმა უნდა, ეს დღე ხომ არ უნდა გაუშვან ხელიდან, მაგასაც გამოიყენებენ და ისევ იბოდიალებენ. ზაფხულში დაისვენებენ, ხოლო შემოდგომიდან თვითმმართველობის არჩევნები მოდის და გააგრძელებენ ასე ბოდიალს. ხალხს უკვე რუსთაველზე გასვლა და დგომა სამსახურად აქვს ქცეული და რას კარგავენ რო?“, - ამბობს გვენეტაძე.