„ტრამპს მშვიდობა უნდა, მაგრამ პუტინს, მის გარემოცვას, რუსეთის ელიტას შექმნილი აქვთ განწყობა, რომ იმარჯვებენ და ახლა გაჩერება ღალატი იქნება“

„ტრამპს მშვიდობა უნდა, მაგრამ პუტინს, მის გარემოცვას, რუსეთის ელიტას შექმნილი აქვთ განწყობა, რომ იმარჯვებენ და ახლა გაჩერება ღალატი იქნება“

ინაუგურაციიდან მეასე დღის მოახლოებასთან ერთად დონალდ ტრამპს პუტინის მიმართ განხიბვლის ფაზა დაეწყო. შესაბამისად, იგი მოქმედებებზე გადადის. მართალია, აშშ-ის ლიდერმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის გონივრული და ფსიქოლოგიური ვადა დაუწესა, მაგრამ პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს.

ენბისი ნიუსთან ინტერვიუში ტრამპი არ მალავს, რომ ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებულია პუტინზე და ეს პუტინმაც იცის.

გაბრაზებული ტრამპი ჩვენ გვინახავს თუნდაც მაშინ, როცა ზელენსკიმ ოვალურ კაბინეტში წყობიდან გამოიყვანა, მაგრამ რას განიცდის პუტინის მიერ გაბრაზებული ტრამპი, ძნელი სათქმელია. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ზელენსკისმოძულე ტრამპი ამჯერად ზელენსკის აუგად მოხსენიებას არ პატიობს პუტინს. პუტინი კი უკრაინაში გარდამავალი მთავრობის შექმნას მოითხოვს, რომელიც გააძევებს ზელენსკის.

თუ მე და რუსეთი ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე და, მე ვფიქრობ, ეს რუსეთის ბრალია, შეიძლება არც არის, მაგრამ თუ მე ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, ვაპირებ მეორადი ტარიფების დაწესებას ნავთობზე, რომელიც რუსეთიდან მოდის, - ამბობს დონალდ ტრამპი და აკონკრეტებს, თუ ვინმე ნავთობს რუსეთიდან იყიდის, ის ვერ შეძლებს შეერთებულ შტატებში ბიზნესის კეთებას, ყველანაირ ნავთობზე იქნება 25%-იანი ტარიფი.

ცნობილია, რომ ტრამპმა ადრე გააკრიტიკა ზელენსკი, მას ავადმყოფი უწოდა იმის გამო, თუ როგორ წარმართავდა ომს და დიქტატორადაც მოიხსენია. დღეს კი ზელენსკის დაუთბა.

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბიც ადასტურებს, რომ ამერიკულ მხარეს მოთმინება ეწურება პუტინის მიმართ. დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ სტუბმა აღნიშნა, რომ აშშ ახალ სანქციებს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ან დადებულ შეთანხმებას დაარღვევს.

სტუბის თქმით, ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება 20 აპრილამდე სურს, ვინაიდან წელს ამ დღეს მართლმადიდებლური და კათილიკური აღდგომა აღინიშნება, ამასთანავე, ტრამპის ინაუგურაციიდან 100 დღე იქნება გასული. სტუბი ამტკიცებს, რომ ამერიკის მოთმინება იწურება, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპისაც.

ტრამპი ძალიან შეუწყნარებელია რუსეთის მოქმედებების მიმართ და იმით, რომ რუსეთი აჭიანურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მე მას ვუთხარი, რომ ეს რუსეთის ტიპური ქცევაა, ჯერ თქვენ მოილაპარაკებთ რაღაცაზე და შემდეგ რუსეთი ახალ პირობებს აყენებს, - განაცხადა სტუბმა.

სანქციების თაობაზე ტრამპი და სტუბი სენატორ ლინდსი გრემს ესაუბრნენ, რომელიც სანქციების ახალი პაკეტის არქიტექტორია.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი სანქციებს დაუწესებს პუტინს, რომლის შესახებაც იძახის, ჩემი მეგობარიაო? სანქციების შემდეგ პუტინთან მოსალაპარაკებელი პირი თუ ექნება და როგორ დაიყოლიებს შემდეგ პუტინს?

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ტრამპმა თვითონვე დაურეკა NBC News-ის ჟურნალისტს და უთხრა, რომ გაცოფებულია პუტინის მიმართ.

თავიდანვე ვამბობდი, რომ, მართალია, ტრამპს უნდა მშვიდობა, მაგრამ პრობლემაა ის, რომ ახლა პუტინს, მის გარემოცვას, რუსეთის ელიტას და რუსი ხალხის დიდ ნაწილს შექმნილი აქვთ ასეთი განწყობა, რომ ცოტაც და გასული ვართ ბოლოს. მათ მიაჩნიათ, რომ ისე კარგად მიდის უკრაინაში რუსეთის საქმე, ახლა თუ გააჩერეს, ღალატი იქნება. ამდენად, პუტინმა შეიძლება გაცილებით მეტი მოითხოვოს, ვიდრე ტრამპი შესთავაზებს, ანუ პუტინი აღარ გაჩერდეს. მაშინ ტრამპს მოუწევს რაღაც მომენტში უკვე მუშტის დარტყმა, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

ანალიტიკოსის აზრით, რუსულ ნავთობზე 25%-იანი ტარიფის დაწესება, ცხადია, წამგებიანი იქნება რუსეთისთვის, მაგრამ მთავარია, რომ სახეზეა ფინანსური კოლაფსის ნიშნები რუსეთში. ამის შესახებ გამოჩენილი რუსი ფინანსისტებიც წერენ. რუსებმა საპროცენტო განაკვეთიც ასწიეს 23%-ზე და უფრო მაღლა, ასეთ პირობებში რუსეთში ბიზნესს მუშაობის აზრი ეკარგება, ახლა მოინდომეს სახელმწიფოს ხელში გადასული აქტივების გაყიდვა, მაგრამ არ გაიყიდა, არავინ არ ყიდულობს.

პეტრე მამრაძის შეფასებით, პუტინი ტრამპს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. კომპრომისის გარეშე შეუძლებელია მშვიდობა, რაღაც კომპრომისი უნდა იყოს რუსეთის მხრიდანაც, ამ დროს კი პუტინი კომპრომისზე არ მიდის, ფაქტობრივად, პუტინს ტრამპის მიმართ ასეთი განწყობა აქვს, შენ მშვიდობა გინდა? მე მადა გამეხსნა, ხომ მოვითხოვე დეკემბერში, არავითარი ნატო უკრაინისთვის, არავითარი უცხოური ჯარი, არავითარი სამშვიდობოები, ყველაფერი უნდა გაუქმდეს, სრული დემილიტარიზაცია, ზელენსკის მოშორება, ზელენსკი არალეგიტიმურია, ვითხოვ 4 რეგიონს.

რეალურად, ამ დროს ამ 4 რეგიონს ვერ აკონტროლებს პუტინის ჯარი, ის კი არა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რაც ადრე აღებული ჰქონდათ რუსებს, რაღაცები დაკარგეს ლუგანსკში, სადაც უკრაინული ჯარი შევიდა. ჯერ კურსკიდან ვერ აგდებს პუტინი უკრაინელებს, ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინელები მაგრად დგანან კურსკში, რუსეთის ტერიტორიაზე. ასეთ პირობებში პუტინი ამბობს, ეს ოთხი რეგიონი სცანით რუსეთის ტერიტორიად, უკრაინული ჯარისგან მთლიანად დაიცალოს ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი, თავისთავად ყირიმიო. უფრო მეტიც, პუტინი მოითხოვს, საერთოდ, ნატო გავიდეს 1997 წლის საზღვარზე, რაც ჰქონდათ, ანუ არც პოლონეთი არ უნდა იყოს ნატოში. ცხადია, ასეთ პირობებს რომ აყენებს პუტინი, ტრამპიც კი ვერ დაუთმობს მას, - აცხადებს პეტრე მამრაძე და ადასტურებს, რომ ჩიხში შედის მოლაპარაკებები. სენატსა და კონგრესში ყველაზე უფრო ტრამპისტებიც კი არასდროს არ მისცემენ ამას ხმას, ახლა უკვე ეკონომიკური დინამიკაც ისეთია ამერიკაში, ასეთი დაბალი რეიტინგი არცერთ პრეზიდენტს არ ჰქონია ინაუგურაციის შემდეგ ას დღეში, რაც ტრამპს აქვს. ყველა ამბობს, რომ შუალედურ არჩევნებს ორ წელიწადში ტრამპი პირწმინდად წააგებს.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი თამარ კიკნაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ახლა ვაჭრობა მიმდინარეობს.

მე მგონი, ეს ვაჭრობის შემადგენელი ნაწილია. ვფიქრობ, მაინც რაღაც გზით წარიმართება მოლაპარაკებები. ეს გეოპოლიტიკური ინტერესებია და არა მგონია, საბოლოოდ არ მოხდეს მოლაპარაკება. სავარაუდოდ, ტრამპი იმიტომ აფრთხილებს პუტინს 25%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ, რომ იგი დათმობაზე წაიყვანოს. საბოლოოდ მაინც შედგება მოლაპარაკება, რადგან ორივე მხარეს აწყობს ომის დასრულება. თავისთავად ახლა პუტინი ცდილობს, მაქსიმალური ინტერესები გაატაროს და მეტი სარგებელი მიიღოს. ეს არის პროცესი, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

 

Aburjga Tasmanieli ეს ომი უნდა დასრულდეს უკრაინის შესვლოით რუსეთის შემადგენლობაში! ასე იქნება სამართლიანი და ორივე მეომარი მხარისათვის სასარგებლო!
1 დღის უკან