„ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლის ტაქტიკას ცვლის და როგორც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა, პირდაპირ ძალადობრივ მოქმედებაზე გადასვლას აპირებენ. ხაბეიშვილმა გეგმაზე დაწვრილებით პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თან დანარჩენ ოპოზიციას თითი დაუქნია. ხაბეიშვილმა თქვა, რომ წინააღმდეგობის ჯგუფს შექმნის, რომელიც საკადრის პასუხს გასცემს ყველას, ვინც მისი პარტიის იდეებს არ გაიზიარებს. ერთიანობა თუ კოორდინაცია - ხაბეიშვილი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს ყველას, ვინც პოზიცია არ გამოხატა „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების ინიციატივაზე.
ხაბეიშვილის რისხვის ობიექტები აღმოჩნდა: გახარია, ზურაბიშვილი და „ძლიერი საქართველო“.
ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ძალას დაუპირისპირონ ძალა და თუ საჭირო იქნება, ფიზიკურად დაიცვან ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია.
„მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს, ამასთან დაკავშირებით დააფიქსიროს პოზიცია. ეს არ ეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის ქვეყნის სახელმწიფოებრივი საკითხი. მდინარაძე აპირებს, სავარაუდოდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში ჩაატაროს. „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს, ამ ქვეყნის პატრიოტებს, არაპარტიულებს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ, მოვუწოდებ, ფიზიკურად, იქნება ეს ბათუმში თუ სხვა ადგილას, სადაც ამ პროცესს დაიწყებენ, თუნდაც დაგვჭირდეს ძალის გამოყენება, აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია. მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების შესახებ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. მე, მაგალითად, პირდაპირი ეთერის მეშვეობით მოვუწოდებ ყველას, ვისაც სახელმწიფოებრივად აზროვნება შეუძლია, ვინც, მათ შორის, მზად არის, რომ ძალას დავუპირისპიროთ ძალა, გამომეხმაუროთ, უნდა შევგროვდეთ ძალიან ბევრი და მინდა, ვთხოვო ყველას, რომ ნიჰილიზმი, უიმედობა, ხელების ჩამოშვება, მაინც არაფერი გამოვა – არის რუსული პროპაგანდის ზეიმი. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ისეთი ჯგუფები, რომლებიც არ მისცემს შესაძლებლობას ე.წ. ძალოვან უწყებებს, რომ ადამიანები მოიპარონ აქციიდან, შემდეგ გაიტაცონ და აწამონ. ვიდრე აქამდე არ მივალთ და არ გვეცოდინება, რომ ძალას დავუპირისპირებთ ძალას, მუდმივად ვიქნებით თავდაცვის პირობებში. მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების თაობაზე გამოვიდნენ და ხმა ამოიღონ. ვინც არ იღებს ხმას, იგივე გახარიას პარტია, ჩემი წარმოდგენით, არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილს, გახარიას გუდიდან მეტი თანმიმდევრულობისკენ მოუწოდეს. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებს არასერიოზულად აღიქვამენ და ამბობენ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური გაერთიანება, მათთვის ისევ წითელი ხაზია.
ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბარს თავს არიდებს „ლელო“. „ძლიერი საქართველო“ არც „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს გამოხმაურებია. პარტიის ლიდერებმა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის გზავნილები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეეხება.
მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი უცხოური დირექტივების დაგვიანება გახდა. ბარიერგადალახულ პარტიებში კრიზისია, რადგან მათი მხარდაჭერა რადიკალურად შემცირებულია.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-თან ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადებები ხეირის მომტანი არ იქნება, არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და არც მათი მხარდამჭერებისთვის. ძაბირაძე ამბობს, რომ მსგავსი რადიკალური განცხადებები და კანონის წინააღმდეგ მოწოდებები ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა. მისი აზრით, ხაბეიშვილის საუბარი რაღაცა დაჯგუფებების შექმნაზე და წინააღმდეგობის გაწევაზე მოსახლეობაში ამ პარტიის მიმართ აგრესიას კიდევ უფრო გააღვივებს.
„აღარაფერს აღარ ვამბობ ქვეყანაზე, რომელსაც ოპოზიციის ასეთი ქცევა და რიტორიკა კარგს არაფერს მოუტანს. ლევან ხაბეიშვილი არ იყო რომ ბაქიბუქობდა ხალხს გამოვიყვან და მიშას ციხიდან დავიხსნიო? ვერ გააკეთა და დაფიქრდეს რატომ ვერ გააკეთა, გააანალიზოს და ნაკლები ილაპარაკოს, უმჯობესი იქნება. ეს არის აბსურდული განცხადებები, რომელსაც ხელისუფლება ისევ ნაციონალების წინააღმდეგ გამოიყენებს. ნაციონალებს ამდენი თუ შეეძლოთ, სააკაშვილი რატომ ვერ დაიხსნეს? რატომ ვერ შეძლეს იმ ნახევარი მილიონი კაცის გამოყვანა, რომელზეც ამბობენ მხარს გვიჭერენო.
ხაბეიშვილი როცა ენმ-ის თავმჯდომარე გახდა, 400 ათასამდე ამომრჩეველი ჰყავდა. დღეს ამ პარტიის ამომრჩეველი განახევრდა. მაშინ ვერ გააკეთა ვერაფერი და ახლა რა უნდა გააკეთოს?! „ოცნება“ ამას პიარისთვის გამოიყენებს და მის სატელიტებსაც ზედ მიაყოლებს. როცა არაფრის თავი არა გაქვს ადამიანს, გონება მაინც უნდა გეყოს, რომ გაჩუმდე“,-ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ვინც ხაბეიშვილი ისევ პირველ ფლანგზე გადმოიყვანა და ამას ალაპარაკებენ, ისინი გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და კარგად იციან, მსგავს განცხადებებს რა შეიძლება მოჰყვეს. თავად ჩრდილში ამიტომ დგანან და ხაბეიშვილს ალაპარაკებენ.
„ხაბეიშვილს და ნაცებს მივცემ ერთ რჩევას, გამოვიდნენ და დააანონსონ საკუთარი, პარტიული აქცია. ვნახოთ ერთი რა რაოდენობის ხალხი მივა. ხოლო ამის შემდეგ განსაზღვრონ შეუძლია თუ არა მერე ამ ჯგუფებით რამის გაკეთება. ხაბეიშვილის პარტიული ბოსები მასზე ჭკვიანები არიან, რაღა თვითონ გარისკონ, აგერ არის კაცი და ის ილაპარაკებს მაგათ მაგივრად. ეტყობა, ხაბეიშვილს კიდევ ჰგონია, ამით მაგარი ბიჭის როლშია და პოლიტიკურ დივიდენდებს მოიპოვებს.
რა წესია, როცა დანარჩენ ოპოზიციას აიძულებს მხარი დამიჭირეთ ამ დესტრუქციასა და რადიკალიზმშიო. არც ნაციონალები მადარდებს და არც ხაბეიშვილი, რაც უნდა ის უქნიათ, მაგრამ მეორე მხრივ, ოპოზიციას რატომ ითრევს ამაში? ასე, ვეღარც დასავლეთიდან და ჩვენი პარტნიორებიდან მიიღებენ მხარდაჭერას. ნაციონალებმა ხელების ქნევა და რადიკალიზმი ვერ მოიშალეს. იმაზე უარეს დაიმართებენ, რა დღეშიც ახლა არიან“, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილს და ნაციონალებს პოლიტიკური სიკვდილის ბუზი დააჯდათ. გვენეტაძე მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის საჭირო, რათა „ნაციონალები“ და მათი სატელიტი პარტიები პოლიტიკური ველიდან საბოლოოდ გაქრნენ.
„ხაბეიშვილი რა განცხადებებს აკეთებს, ალბათ, ამას ქართველი ხალხი ვერც ინატრებდა, რადგან ესენი საკუთარ დასაკლავ დანას თავად ლესავენ. ხაბეიშვილის განცხადებები ჰგავს იმას, როცა ბრძოლის შემდეგ, წაგებული მხარე ჰაერში უაზროდ ხელებს იქნევს. ამათი დასასრულის დასაწყისია უკვე დაწყებული, ქვეყანაში კაცი არ იქნება ამათი დამხმარე. ხაბეიშვილი ვის ემუქრება, ვის იბარებს, რა ახალ ბრძოლის ტაქტიკაზე გადადიან, საერთოდ, ნაციონალების ჩრდილიღა დარჩა, ხოლო მათი ბელადი პოლიტიკური ბანკროტია.
ხაბეიშვილი იმდენს იზამს, ბოლოს ნაცჯალათები გვერდით აღმოჩნდება, როგორიც არის შამათავა, მეგის ქარდავა და სხვები. რისი მხარდამჭერები ჰყავთ, რა მხარდამჭერებზე ლაპარაკობს? ბელადი ჩამოუვიდათ, დაიჭირეს და გარეთ კაციშვილი არ გამოვიდა. რას ბაქიბუქობს ეს უბედური, თავს გაუფრთხილდეს ჯობია და ვურჩევ, ცოტა ტვინი დააყოლოს რასაც ლაპარაკობს. არც ქართველ ხალს არ სურს რადიკალიზმი და დაპირისპირება ქვეყანაში. ამიტომ ხალხის სახელით საუბარს თავი დაანებოს. მორჩა, დასრულებულები არიან“,-ამბობს გვენეტაძე.