ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ტრამპთან ურთიერთობაზე, რუსეთ-უკრაიანის ომზე და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.
ტაკერ კარლსონი: თქვენ ხართ ტრამპის გუნდში, იღებდით მონაწილეობას მის საარჩევნო კამპანიაში, თუმცა თანამდებობაზე უარი თქვით და ბოლო ორი თვეა მხოლოდ მოლაპარაკებებში ხართ ჩართული...
სტივ უიტკოფი: პრეზიდენტი ტრამპი ნამდვილად დებს მთელ ძალისხმევას სამშვიდობო პროცესებში. ეს არ არის მხოლოდ რაღაც ლოზუნგი. ის რეალურად მუშაობს. ასე რომ, ის აწყობს მოლაპარაკებას, რომელიც მიმართულია შედეგებზე.
თქვენ იცით, რა სურს პრეზიდენტს, მაგრამ ასევე ჩანს, რომ წინასწარ ყურადღებით სწავლობთ მათ, ვისთანაც მოლაპარაკებას აწარმოებთ…
- დიახ, ასეა, რადგან კარგი გარიგება ყველასთვის უნდა გამოვიდეს. როცა ვთქვი, რომ პრეზიდენტის სახელით ვლაპარაკობ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვიცი, რას ფიქრობს ის ახლა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდე ან მქონდეს წარმოდგენა იმაზე, თუ რისი მიღწევა სურთ ებრაელებს. რაც შეეხება ყატარელებს, ისინი არიან შუამავლები მოლაპარაკების მაგიდასთან. რაც შეეხება ჰამასს, სად არიან ისინი? მართლა დემილიტარიზაციას აპირებენ? აუცილებლად გააკეთებენ? ამოიღებენ თუ არა ღაზას „ოქროს ხიდს“? (ოქროს ხიდს უწოდებენ მტრის უკან დასახევ გზას) ეს ყველაფერი კითხვებია, რომელიც უნდა დავსვათ და ამ კითხვებს სვამს პრეზიდენტიც.
და რა სურს ისრაელს?
- მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ თითოეულ მხარეს რაღაც სურს. ყატარელებს აკრიტიკებენ არასაკმარისი მოტივაციის გამო, ეს სასაცილოა. მათ სურთ ეფექტური შუამავლობა, რომელიც მშვიდობას გამოიწვევს. რატომ სჭირდებათ მათ ეს? იმიტომ, რომ პატარა ქვეყანაა და უნდათ, რომ მშვიდობისმყოფელებად გამოიყურებოდნენ. ვფიქრობ, პრეზიდენტს ეს ესმის. მაგრამ მათ თუ განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი, რადგან ასეთ მოლაპარაკებებში ბრმა მუშაობა არის რეალური პრობლემა.
შეგიძლიათ აღწეროთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილე სამი მოთამაშე, შეგიძლიათ გვითხრათ, თქვენი აზრით, რა სურს თითოეულ მათგანს?
- ყატარი არის პატარა ქვეყანა, ალბათ, ყველაზე მაღალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში. ვფიქრობ, მათ უნდათ სტაბილურობა. მათ სურთ მშვიდობიანი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან. სხვათა შორის, ეს საინტერესო მომენტია. ყველა ფიქრობს, რომ მშვიდობიანი თანამშრომლობა ნიშნავს ფიზიკურ დაცვას. სინამდვილეში, რაზეც ვსაუბრობთ არის ის, რომ შეერთებული შტატები იძლევა უსაფრთხოების გარანტიას, პირველ რიგში - ფინანსურს. ამ ქვეყნებში სესხზე განაცხადი არ შეგიძლიათ გააკეთოთ. ასე რომ, თუ გსურთ გარიგების დადება საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, უნდა არსებობდეს ჰიპოთეტური ბანკი, იგივე JP Morgan, რომელიც დააზღვევს ყველა სამხედრო რისკს. უნდა არსებობდეს გარანტია, რომ ჰუსიტები არ გაუშვებენ ჰიპერბგერით რაკეტას საუდის არაბეთში და არ გაანადგურებენ ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრს, რომელზეც ჩვენ უკვე 200 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ეს რეალური პრობლემაა. ბევრ მათგანს სურს თავდაცვის კონტრაქტები ისე, რომ ჯიბიდან ზედმეტი არ დახარჯოს. ისინი იღებენ ნავთობიდან ფულს და ინვესტირებენ მას გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთესი ეკონომიკის შესაქმნელად. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ ყატარელებს სურთ სტაბილურობა, მაგრამ, ჯერჯერობით, მათ არ აქვთ საკმარისი კრედიტი ასეთი მოტივაციისთვის.
მაგრამ ამერიკულ მედიაში მათ ხშირად ადანაშაულებენ, რომ იყვნენ ირანის აგენტები…
- ეს სასაცილოა. მუსულმანური ქვეყანაა, რომელსაც წარსულში ჰქონდა რადიკალური შეხედულებები, მაგრამ ახლა ამ გზას გადაუხვიეს და შეერთებული შტატების მოკავშირეა. რაც შეეხება, რა სურს ჰამასს? მათ სამუდამოდ უნდათ მართონ ღაზა - ეს მიუღებელია. ჩვენთვის მისაღები იქნება, რომ დემილიტარიზაცია განახორცილონ, მაშინ იქნებ შეძლონ დარჩენა კიდეც. მაგრამ ამ შემთხვევაში, მათ არ შეუძლიათ სამხედრო მოქმედებების გაგრძელება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ ღაზა მართოს, რადგან ეს მიუღებელია ისრაელისთვისაც. ასეთ შემთხვევაში ყოველ ხუთ, 10, 15 წელიწადში ერთხელ გვექნება 7 ოქტომბრის გამეორება.
შეძლებთ მათთან მოლაპარაკებას?
- ძნელია. ისრაელის სამხრეთ სარდლობამ მაჩვენა ფილმი, თუ რა მოხდა 7 ოქტომბერს და ეს საშინელი კადრებია. საუბარია მასობრივ გაუპატიურებებზე. ეს სცილდება ყველაფერს, რაც კი ოდესმე მინახავს. ეს კადრები რეალურია. შემდეგი ნაბიჯი არის იმის გარკვევა, თუ რა შეგვიძლია მივცეთ მათ. ჰამასში მზად არიან მოკვდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო. ჩვენ ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა შევაჩეროთ ისრაელის ზოგიერთი დარტყმა და შესაძლოა, დავასრულოთ ეს კონფლიქტი დიალოგის გზით.
როგორია ისრაელის სტრატეგიული პოზიცია ამ შემთხვევაში?
- რთულია ამის თქმა. ვფიქრობ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს მძევლები სახლში დააბრუნოს, მაგრამ მას მიაჩნია, რომ ამის ერთადერთი გზა არის ჰამასზე ზეწოლის შენარჩუნება. გარკვეული თვალსაზრისით, ის მართალიც არის. კვირანახევრის წინ არაბთა სამიტზე ვიყავით. ჩვენ წარვუდგინეთ წინადადება ჰამასს.
ღაზას მომავალს როგორ ხედავთ?
- პრეზიდენტ ტრამპის მიდგომამ ღაზას სექტორთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჩვენი შემდეგი ნაბიჯები ღაზასთან დაკავშირებით უფრო ნათელი გახდება მომდევნო ექვსი თვის ან ერთი წლის განმავლობაში. ღაზა არის ცეცხლის წერტილი და ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მას. ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ ძველი გეგმები არ მუშაობს. ძველმა გეგმებმა, ბოლო 40 წლის ან ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ღაზას მოუტანა მხოლოდ ომი. სწორედ ამიტომ დაიწყო პრეზიდენტმა საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა შევხედოთ ამას სხვანაირად. მას ამის გამო აკრიტიკებდნენ, რადგან ასე ხდება ყოველთვის, როცა ძველ აზროვნებას ეწინააღმდეგები და ახლის დანერგვა გინდა.
ძალიან კარგი გეგმა გვჭირდება ღაზასთვის. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა ღაზაში. უნდა მივიდეთ ისეთ ადგილას, სადაც ღაზაში მცხოვრები ხალხი უკეთ იცხოვრებს. მინდა, იქ მცოხრებმა ბავშვებმა მიიღონ განათლება. სწორედ ამაზე ლაპარაკობდა პრეზიდენტი ტრამპი, როდესაც ღაზაზე ახალ აზროვნებაზე საუბრობდა.
ანუ ისრაელს არ სურს ტრამპთან ჩხუბი?
- არა მარტო ისრაელს, ასევე ჰამასს, ყატარს - ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ კონფლიქტს.
რუსეთზეც ვისაუბროთ, პუტინი ხელისუფლებაში 25 წელია. ამ ხნის განმავლობაში ის მოითხოვს, რომ ნატომ შეწყვიტოს წინსვლა რუსეთის საზღვრებისკენ, ასევე მისი მოთხოვნაა, რომ უკრაინა არ გახდეს ალიანსის წევრი. რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია აშშ-ს ამ საკითხთან დაკავშირებით?
- უპირველეს ყოვლისა, მე ვფიქრობ, რომ მთავარი საკითხი ამ კონფლიქტში არის ე.წ. ოთხი რეგიონი - დონბასი, ყირიმი.
კურსკის რეგიონი რუსეთია.
- დიახ, კურსკის ოლქი რუსეთია. რუსებმა დაიბრუნეს იგი და უკრაინის ჯარები ხაფანგში ჩავარდნენ.
ლუგანსკი?
- დიახ, ლუგანსკიც და კიდევ ორი, სადაც რუსულენოვანი ხალხი ცხოვრობს. იქ ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთის კონტროლზე გადასვლას. ვფიქრობ, ეს არის მთავარი საკითხი ამ კონფლიქტში. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე არავის სურს საუბარი. ეს ის თემაა, რომლის თავიდან აცილებასაც ყველა ცდილობს. პრობლემა ის არის, რომ უკრაინაში არის კონსტიტუციური მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა დათმობებზე შეიძლება წავიდნენ ტერიტორიის კუთხით. რუსებს ახლა ამ ტერიტორიებზე დე ფაქტო კონტროლი აქვთ.
საკითხავია, აღიარებს თუ არა მსოფლიო, რომ ეს რუსეთის ტერიტორიებია? შეძლებს თუ არა ზელენსკი პოლიტიკურად გადარჩენას?
- ზელენსკი და მისი უახლოესი მოკავშირე, მისი მარჯვენა ხელი, იერმაკი აღიარებენ, რომ უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი. ვფიქრობ, უკვე შეთანხმებულია, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება.
რუსებთან ურთიერთობა ერთია, მაგრამ მარადიულ ბიუროკრატიასთან ურთიერთობა - ეს ნამდვილად რთულია...
- ვის არ სურს იცხოვროს მსოფლიოში, სადაც რუსეთი და შეერთებული შტატები ერთობლივად განახორციელებენ კარგ ინიციატივებს. რუსეთთან კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს ნდობითა და კარგი ურთიერთობებით.