„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება. „ქართული ოცნების“ ახალი დადგენილებით, საერთო ჯამში, 2003 წლიდან მოყოლებულ დღემდე პერიოდს მოიცავს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგები „აგენტურული პარტიების მხილებისა და მათი აკრძალვის“ კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის დამატებითი საფუძველი გახდეს.
„აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებმა რაც წარსულში ჩაიდინეს, იმისი გაგრძელებაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში სჩადიან. მეტიც, მუდმივად არიან დაკავებულები მცდელობებით, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება და სხვა ფორმებით დაუპირისპირდნენ საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს. ერთი სიტყვით, 2012 წლის შემდგომაც მათ აქვთ ჩადენილი უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს.
ამ საკითხებზე საქართველოს პროკურატურაშიც მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. დაველოდებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შედეგებსაც, რაც, არ გამოვრიცხავთ, რომ ასევე გახდეს აგენტურული პარტიების მხილების და მათი აკრძალვის მიზნით კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის დამატებითი საფუძველი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძე აცხადებს, უკვე აშკარაა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
„საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები - ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პარტიები, უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას. წარსულის ცოდვებით დამძიმებულ ე.წ. პოლიტიკოსებს დღეს მთლიანად აქვთ ათვისებული ოპოზიციური ველი და შანსს არ უტოვებენ სხვას ხელისუფლების ოპონენტად ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესებში.
მოგეხსენებათ კოლექტორი „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. ჩვენ უკვე დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, თუ პარტიის საქმიანობის არსი, გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დიდი ალბათობაა იმისა, რომ „ძალიან უსამართლო პროცესი“, როგორც ამას რადიკალურმა ოპოზიციამ უწოდა, იმით დასრულდება, რომ პოლიტიკური პარტიები ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდება და გარდა ამისა, გარკვეული პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ერთგვარად ქვეყნის ისტორიის გადახედვა და ყველასთვის იმის ჩვენებაა, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
„საჭიროა არა მხოლოდ 2012 წლამდე პერიოდი იყოს გამოძიებული, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები 2012 წლის შემდეგ რას აკეთებდნენ, როგორ მოქმედებდნენ და არის თუ არა კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლის ნიშნები. რა თქმა უნდა, ამას თავად კომისია გამოიძიებს და შესაბამის პირებს გამოკითხვაზე დაიბარებს.
კომისიის არსია არა მხოლოდ ის, რომ ეს პერიოდი იყოს გამოძიებული, არამედ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მოისმინოს, რა ხდებოდა ზუსტად იმ ადამიანებისგან, ვინც დაზარალდა. ეს არის ჩვენი ისტორიის გადახედვა და ყველასთვის იმის ჩვენება, ვინც არ იცის, მაშინ რა ხდებოდა და ვისაც დაავიწყდა, იმის შეხსენება, რა ხდებოდა და რა ტრაგედიები ხდებოდა“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაში „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების გეგმას ხედავს პარტიის წევრი გიორგი ბარამიძე, რომელის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა მხოლოდ პოლიტიკური ძალა, არამედ იდეა, რომელსაც ვერ გაანადგურებენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ხალხი, რომელიც გაერთიანებულია ყველაზე ძვირფასი - ერთიანი, ძლიერი, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფოს იდეის გარშემო. ეს ნიშნავს ევროკავშირში და ნატო-ში წევრობას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა და არა რაღაც დოკუმენტი, ამიტომ, რაც არ უნდა წრეები ურტყათ, ამ პარტიას ვერ გაანადგურებთ, ისევე როგორც ვერ გაანადგურებთ ქართველ ხალხს და იმ იდეას, რომელიც არის უზენაესი ჩვენი ხალხისთვის, რასაც თავისუფლება, ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო ჰქვია“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
„ლელოს“ წევრის ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არ არის კავშირში სამართლიანობასთან, სამართალთან ან დაზარალებულის უფლებების აღდგენასთან, კომისია არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი, რომლის ამოცანაა, მოამზადოს ისეთი თხრობა, მათ შორის, აგვისტოს ომის შესახებ, რომელიც რუსეთს და რუსეთის ხელისუფლებას ესიამოვნება.
„ჩვენთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა ის მუქარა, რომელიც თეას კომისიიდან მოდის. კომისიაც და პარლამენტიც სრულიად ბუტაფორული და არალეგიტიმურია. ყველა ის საქმე, რომელიც კომისიის წინაშე აქამდე წარსდგა და მომავალში წარსდგება, პირდაპირ დაკავშირებულია მოსამართლეთა კლანთან, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში ადამიანის უფლებების შელახვას აგრძელებს და რომელთაც 53 პოლიტპატიმარი ტყვედ ჰყავს აყვანილი. ისინი არიან პრივილეგირებულ მოსამართლეთა სიაში და დღეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას განაგრძობენ“, - ამბობს ანა დოლიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის არაღიარებული ვიწრო დაჯგუფება, რომელიც იზოლაციაშია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
„მინდა მივმართო ამ უბადრუკებს: მიდი, გაგვაუქმეთ, ხომ მაგარი ბიჭები ხართ? დღესვე გაგვაუქმეთ! რისი თავი გაქვთ? - თქვენ უკვე ხართ გაუქმებულები საერთაშორისო სამართლით. პარტიების გაუქმება რა არის? ქვეყანას გვიუქმებენ. სუვერენიტეტის ხელყოფა უნდათ, საქართველოს იზოლაციაში მოქცევა უნდათ. „ქართული ოცნება“ არის არაღიარებული ვიწრო დაჯგუფება, რომელიც იზოლაციაშია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. გაუქმებულები ხართ, აბა რა ხართ, არავინ გელაპარაკებათ. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან დადექით, გეგონათ რომ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენებდით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.