სააკაშვილს შესაძლოა, აგვისტოს ომის თემაზე საგამოძიებო კომისიასთან მოუწიოს საუბარი - რატომ არ გასცა მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება?

სააკაშვილს შესაძლოა, აგვისტოს ომის თემაზე საგამოძიებო კომისიასთან მოუწიოს საუბარი - რატომ არ გასცა მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება?

ვინ იძლეოდა ომში ბრძანებებს - პოლიტიკური ელიტა თუ სამხედროები? - შესაძლოა, 2008 წლის ომის საქმეზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოიკითხოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიბარონ და თავად უპასუხოს იმ კითხვებს, რაც მასთან კომისიას აქვს.

თუმცა, სანამ სააკაშვილს მოუწევს კომისიის წინაშე პასუხების გაცემა, მანამდე სპეციალური საგამოძიებო კომისია 4 საათის განმავლობაში, 2008 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსს, ზაზა გოგავას უსმენდა. ასევე გამოიკითხება გენერალი მამუკა ყურაშვილი.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, კი რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, რადგან მას არალეგიტიმურად მიიჩნევს, აცხადებს, რომ სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილება პარტიის აწ უკვე ყოფილმა წევრებმა გენერლებმა ზაზა გოგავამ და მამუკა ყურაშვილმა მიიღეს.

პარტიის ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვების გადაწყვეტილება გენერლებმა ჯერ კიდევ 2025 წლის 18 თებერვალს მიიღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე.

მე-6 სხდომაზე, საგამოძიებო კომისიამ 3 ყოფილი თანამდებობის პირი გამოჰკითხა. კომისია იკვლევდა - არსებობდა თუ არა, სამხედრო დაპირისპირების წინაპირობა და როგორ ვითარდებოდა ომის დროს მოვლენები.

რა მოყვა ზაზა გოგავამ, რის გამოც სააკაშვილს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს?

7 აგვისტო, 23 საათი და 45 წუთი - გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა ბრძანება ტელეფონით, ყოფილი პრეზიდენტისგან მიიღო. გენერალი გოგავა ადასტურებს, რომ თავდაცვის სამინისტროში, მინისტრ კეზერაშვილთან რამდენიმე საათით ადრე, გაფართოებულ თათბირზე მიღებული გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის ზარმა შეცვალა. გენშტაბის უფროსი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს, მთავარსარდლის შემდეგ პირველი იყო, ვინც ბრძანებებს გასცემდა, 2008 წლის ომის დროს მიღებულ სამხედრო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას თავად იღებს. აღიარებს, რომ კოდორის ხეობიდან ჯარის გამოყვანის ბრძანება მან გასცა, თუმცა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილება ვერ შეძლო.

ომიდან 17 წლის შემდეგ, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, საგამოძიებო კომისიასთან პირველად სისტემურ ხარვეზებზეც ისაუბრა. თქვა, რომ შეიარაღებული ძალების განლაგებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ პირდაპირ ეთერში გადაცემულმა ტაქტიკურმა ინფორმაციამ, ქართულ მხარეს კატასტროფული შედეგები მოუტანა. გენერალ გოგავას თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც ქართველი სამხედროები არიან დადანაშაულებული.

გენერალ გოგავას დავალებით, 8 აგვისტოს, ცხინვალში შესვლის ბრძანება, ვანო მერაბიშვილისგან მიიღო მისმა მოადგილემ. შალვა ჯანაშვილი საგამოძიებო კომისიამ დღეს პირველად გამოჰკითხა. შსს მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ დაადასტურა, რომ საომარ მოქმედებებს შსს და თავდაცვის ძალები ერთობლივად ახორციელებდნენ. ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ცხინვალი უწყების სპეცდანიშნულების რაზმმა 9 აგვისტოს დატოვა და პოზიციები თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებს გადააბარა. კომისიას მერაბიშვილის მოადგილესთან შეკითხვები 7 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც ჰქონდა.

თავდაცვის სამინისტროში გამართული გაფართოებული შეხვედრა კომისიასთან დეტალურად გაიხსენა სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა. ლაშა ქოიავამ თქვა, რომ უწყებაში სამხედროების თათბირს დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ესწრებოდნენ. მოწმემ საგამოძიებო კომისიასთან დაადასტურა ისიც, რომ 2008 წლის თებერვალში, მანაც იცოდა, რომ საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა გაზაფხულზე დაწყებულიყო, ამისთვის კი საველე ჰოსპიტალიც უნდა მომზადებულიყო.

რის ჩვენებს ცდილობს ხელისუფლება ამ საგამოძიებო კომისიაზე საჯაროდ სამხედრო და პოლიტიკური თანამდებობის პირების გამოკითხვით და დასთანხმდება თუ არა სააკაშვილი საჯაროდ გამოკითხვას?

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-თან ფიქრობს, რომ სააკაშვილის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა მან გამოკითხვაზე უარი თქვას. თუმცა ეს არსებითად არაფერს შეცვლის.

„ის, რა შეცდომებიც 2008 წელს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნა დაშვებული, რა თქმა უნდა, გასააზრებელი და დღის სინათლეზე გამოსატანია. ეს კომისია შეიქმნა არა იმისთვის რომ ვიღაცების სისხლის სამართლის საკითხი დადგეს, არამედ პოლიტიკური შეფასება მიეცეს მაშინდელი ხელისუფლების ქმედებას. ოპოზიცია ავრცელებს ვერსიებს იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს მიეწებოს იარლიყი, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. ეს, რასაკვირველია, არარეალისტური ვერსიაა. თუმცა მაინც მგონია, რომ ასეთი ტიპის ამბები სატელევიზიო ეთერში არ უნდა გამოვიტანოთ. ჩვენთვის ძალიან ბევრი ნიუანსი ცნობილი იყო და ზოგადი სურათი რა მოხდა, ვიცოდით. ის, რომ ომის დაწყების პირველივე წუთებიდან ქაოსი იყო, ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვინ ხელმძღვანელობდა ოპერაციას, კაცმა არ იცოდა. იმაზე საუბარი ხომ ზედმეტია ვინ რა სახის რესურს იყენებდა და ა.შ. ეს გაუგებრობა მაშინვე ჩანდა. მაგალითისთვის, ფეხოსნებს ერთი ტიპის რაცია ჰქონდათ და ჯავშანტექნიკის მძღოლებს მეორე ტიპის, ხოლო ეს რაციები ერთ არხზე ვერ სხდებოდნენ. ქაოსი იყო და ამ შემთხვევაში ყურადღება მინდა იმაზე გამახვილდეს, რამდენად მოუმზადებელი და არასწორად იყო გააზრებული ამ ომის წარმოების პროცესი“, - ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ რუსეთი თავდასხმას აპირებდა. აქედან გამომდინარე, უფრო მაღალი დონის მომზადება უნდა ყოფილიყო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მასშტაბური ზრუნვა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციაზე. ხოლო რაც შეეხება სააკაშვილის დაკითხვას მოსახლეობის არგამოყვანაზე, არეშიძე ამბობს, რომ ამ კითხვის დასმა სააკაშვილის გარდა სხვა პირების მიმართაც საჭიროა.

„ეს კითხვები სააკაშვილის გარდა მაშინდელ უშიშროების მდივანთანაც უნდა დაისვას. თავდაცვის მინისტრთან დავით კეზერაშვილთან და სხვა პასუხისმგებელ პირებთან. თუმცა ისედაც კარგად ვიცით სააკაშვილი ამას რატომ აკეთებდა. მას უნდოდა, რომ უბედურების ეფექტი გაეზარდა, რაც იქ რუსეთმა დაატრიალა. შესაძლოა, სააკაშვილი, ერთი მხრივ სადღაც მართალია იმაში, რომ რუსეთი ასე შემოატრიალებდა მოსახლეობის ევაკუაციის საკითხს. თუმცა როცა იცის, რომ მეორე მხარე ომს აუცილებლად დაიწყებს, ამისთვის ყველაფერი მზადაა, ასეთ განცხადებებს ყურადღება როგორ უნდა მიაქციო და როგორ უნდა გაწირო ხალხი ამ უბედურებისთვის? ხალხის დაცვა ხომ უნდა მოეხდინა?!  მით უმეტეს რუსებმა ცხინვალიდან ამ დროს უამრავი ადამიანი გაიყვანეს. ისიც კარგად ვიცი, რომ ცხინვალში „რევოლუციის“ ქუჩაზე ბუნკერებსაც კი თხრიდნენ. რუსები ომისთვის წინასწარ ემზადებოდნენ, ეს ყველასთვის ცნობილი იყო. რა ხდებოდა ჯავაში, რამდენი ადამიანი ჰყავდათ რუსებს ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. სააკაშვილი მიიღებს თუ არა ამ კომისიის სხდომაში მონაწილეობას და გასცემს თუ არა კითხვებს პასუხს, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მე ველი რომ უარს იტყვის და ის მონაწილეობას არ მიიღებს. სააკაშვილი არაპროგნოზირებადი ფიგურაა და თუ ის მიიღებს მონაწილეობას, რასაკვირველია ის დაიწყებს დემაგოგიას და მისი ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ პოლიტიკურ ავტორიტეტს, კიდევ უფრო გააცამტვერებს“, - ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ომის დროს პროცესებიდან დისტანცირებული იყო.

„ერთ-ერთი რიგითი სამხედრო ჰყვებოდა, რომ როდესაც თავშეყრის ადგილას შევიდა და კეზერაშვილთან მოხსენების გაკეთება სურდა, ის სკამიანად გაიწია და უთხრა მე რას მელაპარაკები, აგერ ამათ ესაუბრეო. აქ ჩანდა, რომ სამხედრო ოპერაციას ერთი ხელმძღვანელი არ ჰყავდა. ცალკე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტინგენტი, ცალკე იყო თავდაცვის სამინისტროს კონტინგენტი, ამიტომ ვინ რა ბრძანებას იძლეოდა და რას ამბობდნენ, კაცი არ იყო გამგები. მე მაინც მგონია, რომ კომისიამ აქცენტი მოსახლეობის გაწირვაზე უნდა გააკეთოს. სამხედრო საკითხების განხილვა სახიფათოა იმ მხრივ, რომ ამას ჩვენი მოსახლეობის გარდა მტერიც უყურებს და არ მგონია, რომ ამის ღიად განხილვა სასურველი იქნება“, - ამბობს არეშიძე.