ვინ არის ამერიკისთვის ანგარიშგასაწევი ძალა?!

ვინ არის ამერიკისთვის ანგარიშგასაწევი ძალა?!

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი არც ერთ ქვეყანას არ მიიჩნევს ანგარიშგასაწევ ძალად, გარდა რუსეთის და ჩინეთის. ეს თუნდაც უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამოჩნდა, როცა მოლაპარაკების პროცესიდან ევროპა გამორიცხა და მხოლოდ რუსეთი ჩართო მოლაპარაკებებში. ასევე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტრამპმა ჩინეთსაც სთხოვა შუამავლობა უკრაინის ომის დასრულების საქმეში.

ტრამპის მსგავსად, ანგარიშგასაწევ ძალად არ მიაჩნიათ ევროპა მისი გარემოცვის წევრებსაც. სულ ახლახანს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ორი მაღალჩინოსნის საუბარმა გაჟონა საიდუმლო ჩატით, საიდანაც ვლინდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და თავდაცვის მდივნის ზიზღი ევროპელების მიმართ.

მე უბრალოდ მძულს ევროპის ხელახლა გადარჩენა, - დაწერა ჩატში ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და დასძინა, რომ ჰუსიტებზე დარტყმები გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ევროპას, ვიდრე შეერთებულ შტატებს.

სრულიად ვიზიარებ შენს ზიზღს ევროპული მუქთახორობის მიმართ. საცოდაობაა, - უპასუხა ჯეი დი ვენსს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა.

ვის უწევს ანგარიშს ტრამპი? რატომ ცნობს მხოლოდ ორ ძალას - რუსულს და ჩინურს და რატომ მიიჩნევს ყველა დანარჩენ ძალას ზედმეტად? ეს იმითაც ხომ არაა განპირობებული, რომ რუსეთსა და ჩინეთს შეუძლიათ აგრესიის გამოვლენა, განსხვავებით ევროპისგან, რომელსაც მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთება შეუძლია გამოხატოს და არაფრისმთქმელი რეზოლუციები მიიღოს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს ტრამპი ანგარიშს არ უწევს ევროპას და არც გაუწევს მანამ, სანამ ევროპა ფეხზე არ დადგება.

ტრამპი ურთიერთობას ცდილობს ძირითადად რუსეთთან და ნაკლებად ჩინეთთან. მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს, რუსეთი ომობს უკრაინაში და არა ევროპა. ამ ეტაპზე ტრამპი ანგარიშს არ უწევს ევროპას და ამას არგუმენტირებულად აკეთებს, რომ ევროპის უსაფრთხოება ამერიკის კაპიტალზეა დამოკიდებული. ტრამპი თვლის, თუკი ამერიკამ უნდა უზრუნველყოს ევროპის უსაფრთხოება და ევროპამ არაფერი აკეთოს, მაშინ მოლაპარაკებებში ჩართვის უფლებაც არ უნდა ჰქონდეთ ევროპელებს. ამან გამოიწვია ის, რომ ევროპაში სხვაგვარად დაიწყეს ფიქრი, ამის გამო გერმანიაში კონსტიტუციაში ცვლილებებიც შეიტანეს, როდესაც მოხსნეს დეფიციტზე ვეტოს უფლება და გერმანიამ 500 მილიარდი გამოყო საკუთარი შეიარაღების გასაზრდელად. თუ შეიარაღების თვალსაზრისით ვლაპარაკობთ, დღესდღეობით ცალკე აღებული ევროპა მართლაც არ წარმოადგენს ანგარიშგასაწევ ძალას. ხვალინდელი დღისთვის თუკი ევროპა განახლებულ შეიარაღებას დაიწყებს, ეს იქნება, პირველ რიგში, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. პოლონეთმა უკვე გაზარდა თავდაცვის ხარჯები“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისივე მოსაზრებით, ახალი ეტაპი იწყება ევროპაში. შესაძლოა, ცხელი ომი, ანუ უკრაინაში კონფლიქტი დასრულდეს, მაგრამ აუცილებლად ცივი ომი დაიწყება. ევროპამ ნახა, რომ ამერიკის იმედად ყოფნა უკვე არ შეუძლია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსულმა არმიამ ამ სამი წლის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო თანამედროვე ომის წარმოებაში, რაც ევროპულ არმიებს არ გააჩნიათ. ევროპა რეალურად დგას ხიფათის წინაშე. თუკი რუსეთი მოგებული დარჩება უკრაინასთან ომში და გადაწყვეტს ყოფილი სოციალისტური ბანაკი აღადგინოს, რუსეთი ამას თავისუფლად მოახერხებს საკუთარი ძალებით. ამიტომ ჩქარობს ევროპა შეიარაღების გაზრდას. თუ ევროპა შეიარაღების გაზრდას დაიწყებს, ეს ნიშნავს, რომ ამაში რუსეთიც უნდა აჰყვეს. ჩინეთი რუსეთს არ დაეხმარება იარაღით, ჩინეთს რუსეთის დასუსტება აწყობს. ამ კონფლიქტში თუ ვინმემ რაიმე იხეირა, ეს არის ჩინეთი. დასავლური კაპიტალის გასვლის შემდეგ რუსეთში ჩინური კაპიტალი შევიდა, აღარაფერს ვამბობთ შორეულ აღმოსავლეთზე, სადაც დემოგრაფიული ვითარება კატასტროფულად შეცვლილია რუსეთის საწინააღმდეგოდ.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ტრამპი ამბობს, რომ ჩინეთი მძლავრი ეკონომიკური ძალაა, რუსეთი კი მძლავრი სამხედრო ძალა, რომელიც ფლობს 6 ათას ბირთვულ მუხტს. სინამდვილეში, ეს ტრამპის მხრიდან მორიგი უპასუხისმგებლო განცხადებაა, რადგან გაცილებით უფრო მძლავრი ეკონომიკური ძალაა ევროკავშირი, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 20 ტრილიონი დოლარია.

პლუს ამას, ევროკავშირი უახლოეს მომავალში არა, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში ანგარიშგასაწევ სამხედრო ძალად გადაიქცევა, რადგან ევროკავშირი აპირებს შექმნას 800 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდი, რომლის ფარგლებშიც მოხდება სხვადასხვა პროექტის დაფინანსება ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად. ამდენად, ტრამპის განცხადება ქედმაღლურია, რომ არავის არ მიიჩნევს ანგარიშგასაწევ ძალად, ეს ტრამპის მორიგი შეცდომაა, ის არ არის პოლიტიკოსი, ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ამერიკას თავისი გეოპოლიტიკური გავლენის დასამკვიდრებლად და გასაძლიერებლად ესაჭიროება მოკავშირეები. სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის მიუხედავად, ამერიკა ვერ შეძლებდა ცივ ომში გამარჯვებას, რომ არა მოკავშირეობა ევროპასთან. ცივი ომის დროს ევროპაში 300-ათასკაციანი კონტინგენტი ჰყავდა ამერიკას. ამიტომაც ახლა ამერიკა დარჩება იზოლირებული, მას სჭირდება მოკავშირეები, რასაც ტრამპი ჯერჯერობით ვერ აცნობიერებს, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას.

Gami ოო, საერთაშორისო პოლიტიკის ორი ტიტანი: ძაბირაძე და ჩიტაძე! კისინჯერი საფლავში ხტის! არ გრცხევენიათ ამათან ინტერვიუს აღება?!
2 დღის უკან
KAB დროს აცდენილები.
2 დღის უკან
ილია ტრამპი ვერ აცნობიერებს, სამაგიეროდ აზროვნების ტიტანი ჩიტაძე აცნობიერებს. აბა გადარჩენილა კაცობრიობა :))))
1 დღის უკან