პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა სულ უფრო საინტერესო და სკანდალური ხდება. კომისიის გუშინდელი სხდომა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა, თავისი შინაარსით უმძიმესი იყო და, როგორც ჩანს, სულ უფრო საინტერესო ინფორმაცია გახდება საჯარო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესახებ. კომისიის მეექვსე სხდომაზე სკანდალური განცხადებები გააკეთა სახმელეთო ჯარების, სამედიცინო ბატალიონის უფროსმა ლაშა ქოიავამ.
ქოიავამ დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, რა ხდებოდა საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე. ქოიავას ჩვენებიდან კარგად ჩანს, რომ ნაცმოძრაობამ სამხედრო ოპერაცია ცხინვალში დაიწყო სრულიად მოუმზადებლად და წამყვანი ელემენტი იყო პიარ-აქცია სამიტინგო ამუნიციით დატვირთული მანქანები და ასევე სამოქალაქო პირების, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ჩარევა სამხედრო ოპერაციებში, რაც ყველაზე მძიმე შეცდომა იყო.
ლაშა ქოიავას განცხადებით, ჯარში ძირეული ცვლილებები თავდაცვის მინისტრად გიორგი ბარამიძისა და მის თანაშემწედ ელენე ხოშტარიას დანიშვნის შემდეგ დაიწყო. კერძოდ, მათ ჯარიდან ყველა ვეტერანის გაშვება სურდათ, თუმცა, იმის გამო, რომ გიორგი ბარამიძე მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მან ეს ვერ განახორციელა. მისივე თქმით, აღნიშნული გეგმა სისრულეში მოიყვანა უკვე თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც ერთი ბრძანებით 2 000 ოფიცერი გაუშვა ჯარიდან.
ლაშა ქოიავას განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილმა ასევე გააუქმა: სახმელეთო ჯარების შტაბი, სამხედრო დაზვერვა, ამერიკელების მომზადებული კომანდოსების 10 ბატალიონი, ფრანგებისა და შვეიცარიელების მიერ მომზადებული და აღჭურვილი სამთო-მსროლელთა ბატალიონი, სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც შემდეგ გორში გადაიტანეს, ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი, სამხედრო აკადემია, რომელიც შემდეგ აღდგენილი და გადატანილი იყო გორში, რვათვიანი კურსით, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა ოფიცრის ჩამოყალიბებას.
ლაშა ქოიავას თქმით, 2008 წლის თებერვალში მან სახმელეთო ჯარების სარდლისგან იცოდა, რომ საბრძოლო მოქმედებები მაისის თვეში უნდა დაწყებულიყო. მისივე განცხადებით, 2008 წლის 7 აგვისტოს დილის 5 საათზე ჩაინიშნა სამხედრო თათბირი, რომელიც დაგვიანებით დაიწყო და განხილული იყო წინასწარ შემუშავებული სამხედრო მოქმედებების გეგმა.
„გეგმის მიხედვით, ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო, უნდა მომხდარიყო როკის გვირაბთან გასვლა და მისი ჩაკეტვა, რათა რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში ვერ შემოსულიყვნენ. ამის შემდეგ, ჯარები უნდა განლაგებულიყვნენ ცხინვალის გარშემო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკება ჯარისა და პოლიციის ცხინვალში შეშვებასთან დაკავშირებით, რომ სისხლისღვრა არ მომხდარიყო“, - აღნიშნა ლაშა ქოიავამ და დასძინა, რომ, სწორედ, არასამხედრო პირების ჩარევის შედეგად მოხდა გეგმაში ცვლილებების შეტანა, რამაც გაუგებრობა გამოიწვია.
ლაშა ქოიავას განცხადებით, გეგმის თანახმად, საბრძოლო მოქმედებები 8 აგვისტოს 7:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, 7 აგვისტოს, 23 საათზე 42 წუთზე დაიწყო „ცხინვალის საარტილერიო ცეცხლით დამუშავება“. მისი თქმით, უკვე 8 აგვისტოს, საბრძოლო მოქმედებები 7- 8 საათის დაგვიანებით დაიწყო, ვინაიდან გაცემული მითითების მიხედვით, უნდა დალოდებოდნენ ჟურნალისტების ჩასვლას. ასევე, მოგვიანებით სატვირთო მანქანით ჩატანილი იყო მიტინგის ჩასატარებლად აუცილებელი ინვენტარი.
როგორც ლაშა ქოიავამ აღნიშნა, საბრძოლო მოქმედებების დროს თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ გაცემული ბრძანების შემდეგ, რისი უფლებაც მას, როგორც სამოქალაქო პირს, არ ჰქონდა, მოხდა საბრძოლო ბრიგადების ისეთი გადაადგილება, რამაც რუსეთის სამხედრო ძალებს საშუალება მისცა გადმოეკვეთათ საქართველოს საზღვარი და ცხინვალში შესულიყვნენ. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გორიდან გაქცევის ფაქტმა ჯარის სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია და აქვე განმარტა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე საბრძოლო ქვედანაყოფების მეთაურებს მმართველი პარტიის წარმომადგენლები მიამაგრეს.
საგამოძიებო კომისიის წევრებმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შალვა ჯანაშვილს მოუსმინეს, რომელმაც განმარტა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს დილით გამართულ თათბირს არ ესწრებოდა, ვინაიდან შვებულებაში იმყოფებოდა და თბილისში 7 აგვისტოს შუადღეს ჩამოვიდა. ჯანაშვილმა კითხვებზე პასუხის დროს დეტალურად ისაუბრა 7-9 აგვისტოს ვისგან იღებდა დავალებებს, რა ღონისძიებები გაატარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ძალებმა და განსაკუთრებულ დავალებათა ბატალიონმა. ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალში შესვლის ბრძანება მან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილისგან მიიღო.
„5 დღე რომ არ ყოფილიყო ასეთი წინააღმდეგობა, ძირითადად, თავდაცვის სამინისტროს სამხედროების, დარწმუნებული ვარ, რუსეთი მთელი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდა. ტყუილად არ იყო დაღუპულების თავგანწირვა და გმირობა, მათ ქვეყანა იხსნეს ოკუპაციისგან. წინასწარ რომ ყოფილიყო დაგეგმილი, ასეთ რამეს ვაკეთებთ, შეიძლებოდა გეგმის გაუმჯობესება, ქალაქში არშესვლა, სხვა რაღაცა გეგმის დადება, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ასე... შვებულებიდან დამაბრუნეს, უცებ წინა ხაზზე გამომიძახეს, დავალებაც უცებ მომცეს, გადატანაც ვერ ხდებოდა რუკაზე, თორემ გეგმის გაკეთებაც ვიცით...
ჩემი დანაყოფები მე განვათავსე სადაზვერვო დანიშნულებით, სნაიპერები დაკვირვებას აწარმოებდნენ საკმაოდ დიდ მანძილზე, სანამ შევდიოდი კარგა ხნის განმავლობაში. ბრმად არ შევსულვართ ცხინვალში, ჩვენი დანაყოფების გადაადგილებას ისინი უკეთებდნენ უზრუნველყოფას“, - განაცხადა შალვა ჯანაშვილმა.
კომისიის წევრების კითხვაზე, ხომ არ გაუჩნდა მას განცდა, რომ უაზროდ, სასიკვდილოდ გაუშვეს, როცა ცხინვალში 3 ტანკის ამარა დატოვეს ის და მისი დანაყოფი, ჯანაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა - „სამასი სპარტელი რაზე ფიქრობდა, როცა უკან ამხელა ქვეყანა ედგა, კითხეთ მათაც“.
კომისიამ აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელს, ზაზა გოგავას მოუსმინა, რომელაც აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არ იწვრთნებოდა იმისთვის, რომ ისინი შესულიყვნენ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე. ზაზა გოგავას განცხადებით, 2008 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო კონფლიქტის ზონაში მდგომარეობის დაძაბვა, ჯერ დაიბომბა ქართული სოფელი, შემდეგ კი, 6 აგვისტოს დაიბომბა ქართული სამშვიდობო ძალების პუნქტი, რის შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა.
მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტების საპასუხოდ რაიმე კონკრეტული ღონისძიებების ჩატარების გადაწყვეტილებები მიღებული არ ყოფილა, არამედ მიჩნეული იქნა, რომ ქართულ მხარეს მოთმინება უნდა გამოეჩინა და საპასუხო ქმედება არ უნდა განეხორციელებინა. როგორც გოგავამ თქვა, 7 აგვისტოს, 23 საათსა 45 წუთზე უმაღლესმა მთავარსარდალმა დაავალა, რომ მიეღო ზომები მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩასახშობად, საიდანაც ქართულ დასახლებაზე და სამშვიდობო ძალების დისლოკაციის ადგილებზე ცეცხლი იყო გახსნილი, რა დროსაც გამოყენებული იყო ისეთი იარაღი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო სამშვიდობო ძალების მოქმედების არეალში.
როგორც მან აღნიშნა, 8 აგვისტოს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიგეგმა მანევრული თავდაცვითი ოპერაცია. ზაზა გოგავას განცხადებით, ქართული შენაერთების მიერ განხორციელებული მანევრების შედეგად, ხეობის სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა წვერიახოს გზით კონფლიქტის ზონიდან გამოსულიყო. მისივე განცხადებით, ცხინვალში შესვლის ბრძანება თავად გასცა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა მის მოადგილეს გადასცა.
„არ ვეთანხმები ევროსაბჭოს 1633-ის რეზოლუციის იმ პუნქტს, სადაც ნათქვამია, რომ ქართველი სამხედროების აქტიურმა ქმედებებმა კონფლიქტი აქტიურ ფაზაში გადაზარდა. ისევე როგორც არ ვეთანხმები შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის ქმედებას, რომელიც აგვისტოს ომის დროს, პირდაპირ ეთერში რუკაზე აჩვენებდა განლაგებას და სამომავლო გეგმებზე საუბრობდა. უტიაშვილის ქცევა იყო კატასტროფული შეცდომა“, - აღნიშნა ზაზა გოგავამ.
კომისიის წევრი სოზარ სუბარი კოდორის ხეობით დაინტერესდა და მიმართა კითხვით, ხეობოდან შსს-ს ნაწილის გამოყვანის შესახებ ბრძანება ვის მიერ იყო გაცემული, რაზეც გოგავამ უპასუხა, რომ ბრძანება მან გასცა. შემხვედრ კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა კოდორის მოსახლეობის გაფრთხილება, გოგავამ განაცხადა, რომ ვერ შეძლო გაფრთხილება. „ვერ გავაკეთე და იმიტომ, ვერ შევძელი, არის ხანდახან ამბავი, რომ ერთმა კაცმა უნდა აკეთოს და ვერ შევძელი ამდენი“, - უპასუხა ზაზა გოგავამ.