შპს „მაგნატის“ საქმემ ხაზარაძე-ჯაფარიძის ბედი გამოკვეთა

შპს „მაგნატის“ საქმემ ხაზარაძე-ჯაფარიძის ბედი გამოკვეთა

მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო - მიზეზი, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაა. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის, კერძოდ, შპს „მაგნატის“ საქმე განიხილა. შესაბამისად, სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, თუმცა ხაზარაძემ კომისიას „ფეისბუკის“ საშუალებით უპასუხა და დაწერა, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში მისვლას და ცირკში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

შესაბამისად, კომისიის წევრებმა მისი საქმის პროკურატურაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა „სისხლის სამართლის კოდექსით“ ისჯება და ამისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სასჯელი, მათ შორის, ერთ წლამდე პატიმრობა. ხაზარაძეს უკვე დაუკავშირდნენ პროკურატურიდან, რაზეც ის ამბობს, რომ მისი დაკავება უნდათ და მზად არის მაგისტრ მოსამართლესთან მივიდეს.

„პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ, მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე. კიდევ ერთხელ ვამბობ, გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ, ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს შეეშინდათ კომისიაზე მისვლა, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ არ დაენახა მათი  მახინჯი სახე. როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, სხდომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ბადრი ჯაფარიძის საქმე პროკურატურას გადაეგზავნოს, მამუკა ხაზარაძეს კი უფლება აქვს თავი ან გამოძიებას დააკითხინოს, ან მაგისტრატ მოსამართლეს.

„სხდომის დასრულების შემდეგ გადაიგზავნება ბატონი ბადრის საქმეც. ჩვენ დღეს დილით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადაგვეცა საქმე, შესაბამისად, დოკუმენტების შეკრება და გადაგზავნა რამდენიმე საათს მოითხოვს. რაც შეეხება ბატონი მამუკას შემთხვევას, მისი უფლებაა, ნებავს, გამოძიების წინაშე დააკითხინებს თავს, ან მოითხოვს მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვას. ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ მას მოუწევს დაკითხვაზე მისვლა და მოუწევს, გასცეს პასუხი შეკითხვას, რატომ არ გამოცხადდა კომისიის წინაშე, რადგან ამაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული.

პირიქით შევუბრუნებდი მათ შეფასებას და რიტორიკულად ვეტყოდი, თუ ის ყველაფერი მართალია, რასაც ჩვენ გვწერს არაერთი ბიზნესმენი, მესაკუთრე, თუ მართალია, რასაც ბატონი ჯემალ ლეონიძე ჰყვება, ეს წერილები, სადაც „თიბისი ბანკი“, ბატონი მამუკა, ბატონი ბადრი ფიგურირებენ ბევრ საქმეში, მაშინ გამოდის, რომ სწორედ მათ არ ჰქონდათ ამის ლეგიტიმაცია და კანონიერი საფუძველი. ისინი ყოფილან წინა რეჟიმის ინსტრუმენტები და, რეალურად, რეკეტის განმახორციელებლები კეზერაშვილის და სხვათა ხელში“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

მეტი სიცხადისთვის კომისიის თავმჯდომარე აზუსტებს, რომ ყველა საქმეზე, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე ფიგურირებენ, ერთი და იგივე სქემაა. სქემა კი ასეთი იყო - ხელისუფლება ინტერესდება საკუთრებით, შემდეგ სცენაზე შემოდის „თიბისი“. „თიბისი“ უფორმებს ბიზნესმენს მემორანდუმს და შემდეგ ხდება დაშლა საკუთრების, ქონების, ბიზნესის, რომელიც დროებით გადაეცემა „თიბისის“.

„შემდეგ აღმოჩნდება რომელიმე ხელისუფლის ხელში და რეალურად ხდება მონოპოლიზაცია. ამაში მონაწილე არალეგიტიმური, მაგრამ მონაწილე პირები იყვნენ. მე მხოლოდ შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა, რომ მათ შეეშინდათ კომისიაზე მოსვლის, რადგან შეეშინდათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ დაენახა მათი რეალური სახე. მათი რეალური სახე არის ძალიან მახინჯი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახლა პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის ბედი და დიდი ალბათობით „ლელოს“ ლიდერები სამართლებრივ პასუხისმგებლობას თავს ვერ დააღწევენ. თავად ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და საქმეში პროკურატურის ჩართულობაც ამის მაგალითია. ანალიტიკოსის დავით ჩიხელიძის განცხადებით, თავდაპირველად უნდა ვთქვათ, რომ საგამოძიებო უწყებების მხრიდან კანონის აღსრულება და კანონდამრღვევის მიმართ, წარმოების დაწყება არ შეიძლება პოლიტიკური იყოს. მისი თქმით, კანონდარღვევა ხელისგულზე დევს, სამწუხაროდ, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი დემონსტრაციულად ცდილობს ხელი შეუშალოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას და მასში მონაწილეობა არ მიიღოს.

„საგამოძიებო კომისიის სხდომას მონაწილეობის არმიღება კანონმდებლობის დარღვევაა. შესაბამისად, საგამოძიებო უწყებებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის ზომად და სახედ ჯარიმას ან ერთ წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე რთული სათქმელია პროკურატურა სასამართლოს რა სახის შუამდგომლობით მიმართავს, იქნება ეს ჯარიმა თუ თავისუფლების აღკვეთის შუამდგომლობა, მაგრამ ფაქტია, კანონი დაირღვა, რასაც შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს.

ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე უარს აცხადებს, სასჯელის სახედ პატიმრობა უნდა შეეფარდოს. კანონზე მაღლა არც ერთი ადამიანი არ დგას, პოლიტიკაში ყოფნა ინდულგენცია არ არის, ყველა ადამიანი ვალდებულია კანონის მოთხოვნას დაემორჩილოს. მაშინ, როცა საქმე სახელმწიფოს ეხება, იმპროვიზაციის და თვითნებობის უფლება არავის აქვს.

ერთადერთი მიზანი, რის გამოც ეს ადამიანები კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე უარს აცხადებენ, მათ მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულია. დიახ, იმ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ხაზარაძე, გვარამია და ა.შ. კრიმინალი და ავაზაკია, რომელთაც უკანონო ქმედებით დააზიანეს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო პირების ინტერესები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძე.

პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ცოტა ნაჩქარევია პროკურატურის დონზე საკითხის დაყენება, რადგან ჯერ პოლიტიკური მექანიზმი უნდა გაირკვეს, რატომ იყო ჩართული ამდენი ადამიანი სისტემურ დანაშაულში, როგორი იყო მმართველობა და მათ შორის როგორი იყო საომარი მექანიზმი.

„ვიცით, რომ აბსოლუტურად მოუწესრიგებელი იყო ომის თვალსაზრისით ყველა დეტალი, ისევე როგორც პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ანუ, ეს კონკრეტული პირების დანაშაულია, თუ სისტემის დანაშაული, რომელმაც კონკრეტული პირები შეიწირა? პრინციპულად სხვადასხვა არის სისტემის შემქმნელი და შემსრულებელი. მე, მგონია, რომ ჯერ ესაა გასარკვევი და ამის მერე უნდა დაისვას პროკურატურის საკითხი. პროკურატურის მხრიდან შეიძლება სხვადასხვა დასკვნა აღმოჩნდეს იმის მიხედვით, რასთან გვაქვს საქმე არსებული ბრძანების შესრულებასთან, თუ ბრძანების შექმნასთან და გენერირებასთან.

რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძეს და ზოგადად, მათ, ვინც უარს აცხადებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რა თქმა უნდა, ყველას ვალია, სახელმწიფოებრივი საკითხის დროს, მაგრამ აქ კამათიც სწორედ სახელმწიფოებრობაშია და პოლიტიკურია მათი უარის მოტივიც. ამიტომ, ჯერ პოლიტიკურად უნდა მოევლოს თემას და მერე სამართლებრივად. ანუ, ჯერ მთლიანი პოლიტიკური სურათი არის გასარკვევი, მათ შორის ომის თემაშიც - რა პოლიტიკური ინტერესები, მოტივები, მექანიზმები მოქმედებდა 2008 წლის ომში“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხს, პოლიტილოგის განცხადებით, ისურვებდა, რომ შექმნილიყო პირობები მათი გამოცხადების, ვიდრე ეს არის პასუხისმგებლობა, რადგან პასუხისგების დაყენებამ ისინი შეიძლება გმირად აქციოს.

„ყველა შეუწყობს ხელს მათ გაგმირებას. იტყვიან, რომ ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ებრძოდნენ და ახლაც ებრძვიან რუსულ გავლენას და ა.შ. იყო თუ არა რეალურად რუსულ გავლენასთან ბრძოლა მაშინ და გინდა ახლა იმათგან, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი ჰქვია, ეს არის ჯერ გასარკვევი, რომ ამას დამატებითი პოლიტიკური მსვლელობა არ მისცენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

Gami საყვარელიძე ბოდავს.
3 დღის უკან
თომა ესენი! იდიოტი ბუაძესთვის და ტოპ ტვინა გეგელიასთვის იქნებიან გმირები, მათთვის ლაზარეც გმირი იყო.
3 დღის უკან