ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ელჩი, რომელიც თავის დროზე საქართველოში ჩამოვიდა როგორც გერმანიის ელჩი, მას მოუწევს რაღაც ეტაპზე საქართველოს დატოვება როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ელჩს, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიამ მედიის შესახებ კვლევა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წარმომადგენელს დაუკვეთა.
„ბევრი კითხვა არსებობს ხოლმე მსგავსი კვლევების თუ აქტივობის ობიექტურობასთან დაკავშირებით, მაგრამ გარდა ამისა, მე მინდა თავად გერმანიის ელჩის ქმედებაც შევაფასო ამ მხრივ; ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ელჩი, რომელიც თავის დროზე საქართველოში ჩამოვიდა როგორც გერმანიის ელჩი, მას მოუწევს რაღაც ეტაპზე საქართველოს დატოვება როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ელჩს. ამიტომ, მოვუწოდებ მასაც, რომ ამ ამაზეც იფიქროს, ამაზეც გააკეთოს აქცენტები, როდესაც რაიმე კონკრეტული ტიპის აქტივობებს აფინანსებს, თუ სხვა მხრივ უწევს მხარდაჭერას“, - განაცხადა მახაშვილმა.
გერმანიამ, მედიის შესახებ კვლევა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წარმომადგენელს დაუკვეთა. პარტიის პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი მარიამ გერსამია „მედიახმას“ ხელმძღვანელობს და ორგანიზაციის დამფუძნებელია. გერსამია ირწმუნება, რომ მედიის შეფასებისას ობიექტურია, პარალელურად ამაყობს, რომ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
გერმანიის ელჩი კი ამბობს, რომ მარიამ გერსამიას პოლიტიკური წარსულის შესახებ ინფორმირებული არ არის. დიპლომატმა კვლევაზე პასუხისმგებლობა აიცილა, თუმცა გამოცემულ წიგნშიც და ღონისძიების ბანერზეც მითითებულია, რომ ამ კვლევის მხარდამჭერი გერმანულ ფონდთან ერთად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროა.