„დიფ სთეითის“ მხრიდან ზეწოლისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ გერმანიის მიერ დაწესებულ თანამდებობის პირების მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს.
თანამდებობის პირებს საქართველოში, გერმანულმა მხარემ დამატებითი შეზღუდვები დაუწესა. გადაწყვეტილების შესახებ გერმანიის საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელში დაწერა. მიზეზი, როგორც გერმანული მხარე განმარტავს, საპროტესტო აქციებისთვის ხელის შეშლა და მომიტინგეებზე ძალადობაა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებს. 2024 წლის 31 დეკემბერს, გერმანიის საგარეო უწყებამ, საქართველოს ცხრა მოქალაქეს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. კონკრეტული პირების ვინაობას, გერმანული მხარე არ ასაჯაროებს.
ამის შესახებ კი ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე დაწერა. დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე.
დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ მოხვდა სანქციათა სიაში.
„თითქმის 3 თვეა ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი მომავლისთვის ევროკავშირში და აპროტესტებს ხელისუფლების კურსს. დაშინება, დაკავება და ძალადობა გრძელდება. დღეს, გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები ქართველი მაღალჩინოსნების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც ხალხის დარბევაზე არიან პასუხისმგებელნი“, - წერია განცხადებაში.
გერმანული მხარის პოზიციას იზიარებს ოპოზიცია. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები, მსგავსი შეზღუდვების დაწესებას, ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებისგანაც ელოდებიან.
„ოცნებაში“ კი ფიქრობენ, რომ შეზღუდვები მოქმედებს საპირისპირო შედეგით და აზიანებს დასავლელი პარტნიორების რეპუტაციას. მმართველი გუნდი ოფიციალურ ბერლინს პასუხობს, რომ აკრძალვების დაწესების მიუხედავად, ეროვნულ ინტერესებზე უარს არ იტყვიან. ევროპული ბიუროკრატია, კონკრეტული ძალების მხრიდან ზეწოლას განიცდის, შეზღუდვების დაწესების პოლიტიკა კი მარცხისთვის არის განწირული.
„სამწუხაროდ, ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ და მათი სიარული ძალიან ჰგავს ერთი კონკრეტული ცხოველის მიერ ბრუნვას და სირბილს ერთსა და იმავე წრეზე. ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ ამ სანქციებს როდესაც აწესებენ, მას უნდა ჰქონდეს შედეგი და უნდა იყოს დამაშინებელი ეფექტის მქონე. ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესში.
ეს ყველაფერი მომდინარეობს ისევ და ისევ იმ ძალებისგან, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ უწოდებს, ხოლო ჩვენ - „გლობალური ომის პარტიას“.
როდესაც ჩვენი გუნდის ლიდერები საუბრობდნენ, რომ განსაკუთრებით გაძლიერდებოდა მომავალში ევროპიდან ზეწოლა „დიფ სთეითისა“ საქართველოს საქმეებში ჩარევის კუთხით, ამის მაგალითებს ვხედავთ ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ამის მაგალითები არის ბალტიელების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სკანდინავიელების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ჩეხეთში ზუსტად ანალოგიურად მოხდა საკითხის განხილვა. შედეგი არის ერთი და იგივე, რომ არც არავის აინტერესებს ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, უბრალოდ, ეს არის ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტი, როდესაც ყველანაირი საფუძვლის გარეშე რაღაც საკითხებზე მსჯელობენ, აფათურებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ხელებს. თავი დაანებონ ამ ქმედებებს, იმიტომ რომ ყოველთვის მიიღებენ ჩვენი ქართველი ხალხისგან ღირსეულ პასუხს“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაწყებული უსამართლობა, რომელსაც ბოლო არ უჩანს და არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„ეს სანქციები იმ ტყუილის და ფარსის მსგავსია, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება რომ „აწამებდა“, „აშიმშილებდა“ და „წამლავდა“. არადა ყველამ კარგად დაინახა, რამხელა აფერასთან ჰქონდათ საქმე. ახლა რატომ აღარ იხდიან ის ევროპარლამენტარები ბოდიშს ამის გამო? იგივე ხდება ამ სანქციებთან დაკავშირებითაც. თავად უარესად არბევენ მომიტინგეებს, იქნება ეს საფრანგეთში თუ გერმანიაში. გერმანიაში ვნახეთ პიროტექნიკის პოლიციელის წინააღმდეგ გამოყენების გამო ასაკოვანი ადამიანიც კი დააკავეს. ევროპის მხრიდან შერჩევითი სამართალი და თავში წამორტყმის პოზიცია გრძელდება. საქართველოს წინააღმდეგ ევროპაში აგორებულია ერთი ტალღა, ვითომ არჩევნები გაყალბდა, ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ქუჩაში მასობრივად არ გამოდის, ეს ადამიანები ამ აბსურდს ისევ აგრძელებენ. ამ ყველაფრის მიზეზი ყველამ კარგად ვიცით, რაც არის - ჩვენი ხელისუფლება უკრაინის ომის დაწყების პირველ თვეებში არ დაემორჩილა კოლექტიურ დასავლეთის მოთხოვნას მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკა, რის გამოც დღემდე მათი ამ ფორმით დასჯა გრძელდება“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ძალიან დასანანია, რომ გერმანიამ თავის ტრადიციებს უღალატა. ეს ქვეყანა ობიექტურობით იყო გამორჩეული, ახლა კი იცის მოქცეულია გარკვეული გავლენების ქვეშ და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მტკიცებულებების გარეშე, ბრმად მოქმედებს.
„გვახსოვს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს, სწორედ გერმანიის ელჩმა საქართველოში მოუწოდა ოპოზიციას, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და რომ არაფერი გაყალბება არ ყოფილა. გერმანიისთვის ყოველთვის მტკიცე და ძველი წესი იყო, რომ ჯერ ფაქტი უნდა დაედგინათ და მერე დასკვნა გამოეტანათ. ვინ დაადგინა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და, რომ ამან არსებულ შედეგზე გავლენა მოახდინა?
სად იყო ჯერ არჩევნები და გაყალბებაზე საუბარი, როცა „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ ზუსტად იყო გაწერილი საქართველოში მოვლენები როგორ უნდა განვითარებულიყო. მათ ეწერათ, რომ როცა მოქალაქეებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს დააჯარიმებდნენ, სწორედ მათ დონორებს უნდა გაეღოთ ჯარიმის გადასახდელი თანხები. ამისთვის წინასწარ შეიქმნა ფონდები. გაგანია მზადება მიდიოდა არჩევნებისთვის კი არა, იმისთვის, რომ ქუჩაში ხალხი უნდა გამოსულიყო. ამიტომ ეს პროცესი, რაც მიდის, მოსალოდნელი იყო და გულდასაწყვეტია, რომ ამ ყველაფერს გერმანიაც წამოეგო. ვერ შევა რამდენიმე ჩინოვნიკი გერმანიაში და ეგ იქნება. ქვეყნის შიგნით ჩვენს მოსახლეობაზე, მათ ნებაზე ეს ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს“, - ამბობს მამრაძე.
მთავარი მაინც ისაა, აღგზნებულებმა ჩაიხადეს და გირჩზურაბას პოზა დაიჭირეს, თუ ფრანგ დედაბერს მიბაძეს?
PS.არ ინერვიულოთ ეგენი ვერ მრავლდებიან...