საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას ეხებოდა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ეფუძნება გამჭვირვალობას და ანგარიშვალებულებას, ხელისუფლება ამკაცრებს და ამერიკული „ფარათი“ ანაცვლებს, რომელიც ენჯეო სექტორის პროტესტს იწვევს. მათი არგუმენტი უცვლელია - „ეს არის რუსული კანონი, რომელიც შეფუთულია თითქოს ამერიკული ფარათი“.
ენჯეო სექტორის ეს ახალი მიგნება არ უკვირს შალვა პაპუაშვილს, რომლის განცხადებით, ეს ენჯეოები ტრამპის ადმინისტრაციასაც პრორუსულს უწოდებენ. რაც შეეხება ამ სტიგმატიზებას კანონების, როგორც რუსული კანონი, მისი თქმით, ეს არ არის საქართველოში მოფიქრებული პროპაგანდისტული ილეთი. ვხედავთ ამ ილეთს, როგორ იყენებენ ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ და როგორ იყენებდნენ ტრამპის წინააღმდეგ, მათ შორის ზუსტად ისინი, ვინც აფინანსებენ ამ „ენჯეოებს“.
„ეს „ენჯეოები“ ტრამპის ადმინისტრაციასაც უწოდებენ პრორუსულს და მის ზოგიერთს წარმომადგენელს. მისი დამფინანსებლები, მაგალითად, მაკკეინის ინსტიტუტი პირდაპირ სექსუალურ მოძალადეს ეძახის ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს. ასე რომ, ეს არის მეთოდი, რომელიც საქართველოში მოფიქრებული არ არის, არამედ მოფიქრებულია მათი დამქირავებლების მხრიდან, რომლებიც აფინანსებენ ამ „ენჯეოებს“, იმისათვის, რომ რაღაც კანონს შეეწინააღმდეგონ ან რაიმე პროცესს უნდა მიაწებონ კლიშე რუსულის და მორჩა, ამით გაექცნენ დისკუსიას“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
აღსანიშნავია, რომ შარშან ოქტომბერში გამოვიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთში მოქმედ კანონთან დაკავშირებით, სადაც სტრასბურგის სასამართლომ ჩამოწერა ექვსი კრიტერიუმი, რა შემთხვევაში იყო ევროპული კონვენციის დამრღვევი ამ ტიპის კანონები. არც ერთი ეს ექვსი საკითხი ქართულ კანონში არ არის. სინამდვილეში, პაპუაშვილის განცხადებით, ეს არის ყალბი პროპაგანდისტული ხერხი, რომელსაც იყენებენ „ენჯეოები“.
პაპუაშვილმა მაგალითისთვის მოიყვანა ეკა გიგაურის ა-ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც რეგისტრირებულია ესტონეთში და დასვა კითხვა - ვისი ინტერესების გამტარებელია ესტონეთში რეგისტრირებული ეკა გიგაურის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა?
„უცხოეთიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს“ თუ რაიმე პრობლემა აქვთ, იციან სად მდებარეობს აშშ-ის საელჩო და მიმართონ, თუ რაიმე არ მოსწონთ კანონში. დღეის მონაცემებით, 400-მდე ორგანიზაციაა რეგისტრირებული რეესტრში და პატიოსნად გაასაჯაროვეს დაფინანსებები. რამე პრობლემა შეექმნა ამ ოთხასიდან რომელიმეს?! არ შეექმნა.
რაც მოხდა ერთადერთი, საქართველოს მოქალაქეებმა იციან, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას, რაში იხარჯება ეს ფული. ამის მიღმა, აღმოჩნდა, რომ არსებობს ასი ორგანიზაცია, რომელიც მალავს თავის ფინანსებს. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 500 ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც უცხოეთიდან მნიშვნელოვნად ფინანსდება, აქედან 80% კეთილსინდისიერად მოქმედია და გვყავს 100 ორგანიზაცია, რომელიც მალავს ფინანსებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მალავენ ფინანსებს და რეესტრში არ რეგისტრირდებიან, აცხადებენ, რომ აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობოებისა და მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს. „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი და ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ FARA-ს სახელით ცდილობს მიიღოს რუსული კანონი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კანონი მესამედაც ვერ აღსრულდეს.
„2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ პირველად სცადა მიეღო რუსული კანონი, მაგრამ ქართველი ხალხის წინააღმდეგობას წააწყდნენ. 2024 წელს მათ კვლავ სცადეს, მაგრამ წინააღმდეგობის მიუხედავად, მიიღეს კანონი, თუმცა კანონის იმპლემენტაცია დღემდე ვერ მოხდა. წელს, უკვე მესამედ ხელისუფლება სხვა ფორმით ცდილობს მიიღოს რუსული კანონი. რატომ არის ეს კანონი რუსული? იმიტომ, რომ მისი მთავარი დანიშნულება საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერესების განხორციელებაა და სწორედ აქეთკენ არის მიმართული „ქართული ოცნების“ მიზანი და არალეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ასე არ ფიქრობენ ანალიტიკოსები. სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ კანონი, რომელიც არ აღსრულდება, ის კანონი არ არის, რადგან კანონი განისაზღვრება მისი აღსრულების მექნიზმით და უნდა იმუშაოს.
„ის, რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, არ არის ნებართული ხარისთვის, - ეს არის მათი პოზიცია. მათთვის ჩვენ ვართ მონები და მონებს არ შეიძლება ჰქონდეთ უფლება, იცოდნენ ვინ არის აგენტი. სინამდვილეში ეს არასამთავროები ამბობენ - ჩვენ ვართ მონები, ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთ, თუ საჭიროა, ევროკავშირში შესასვლელად გეი უნდა გავხდეთო და გახდნენ გეები. ყველაზე დიდი რამ - პატიოსნება გასწირეს, ევროპაშიც ვერ შევიდნენ და თვითგაუპატიურებაც შერჩათ.
აკეთებენ იმას, რაც დაავალეს. გვიქდაგებდნენ, ოჯახი დაანგრიეთ, ეკლესია მოშალეთ, ტრადიციები საერთოდ არ გივარგათ და წმინდანები პრეზერვატივებზე დაახატეს. მარგინალები წინ წამოწიეთ, ყველანაირი გარყვნილებას გაუწიეთ პროპაგანდა, დაანგრიეთ განათლებაო და დაანგრიეს კიდეც - შედეგებს ვხედავთ რუსთაველზე. ეკონომიკაში მრეწველობა თქვენთვის არ არის, მომსახურე პერსონალი უნდა იყოთო და რომელი ერთი ჩამოვთვალო? აი, ამას ნერგავდნენ ესენი და ამ ყველაფერში ფულს უხდიდნენ. ხომ გვახსოვს რა ხდეობა - საია იყო ვერდიქტის გამომტანი, მას ეკუთვნოდა ბოლო სიტყვა. ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს კანონით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი დიდი ხანია კანონგარეშე საქმიანობას ეწევა, მათ დაკარგული აქვთ რეალობის შეგრძნება, როდესაც ამერიკულ „ფარას“ რუსულ კანონად ნათლავ და ამაში საზოგადოებას არწმუნებ, ორ რამეს ნიშნავს - ერთი მხრივ იმდენად დამოკიდებული ხარ გარე აქტორებზე, რომ შავზე თეთრი თქვა, ოდნავ დისკომფორტსაც არ გიქმნის. მეორე მხრივ კი პატივს არ სცემს საზოგადოებას და მას იმდენად განუვითარებლად მიიჩნევ, რომ თავს ასეთი იაფფასიანი ტყუილის თქმის უფლებას აძლევ.
„ვარდს რომ ვარდი აღარ უწოდო, ტკბილსურნელება იმგვარივე ექნება მაინც“ მიუხედავად ამისა, NGO-ების ნაწილი კანონს რას უწოდებს, FARA- არის და იქნება ამერიკული კანონი! მისი ქართული ანალოგისთვის რუსულის წოდება სიბეცის ნიშანია. რაც შეეხება ფარას დაინიცირების ფაქტს - არსებული კანონი საკმაოდ ლიბერალურია, რაც არასწორად იქნა აღქმული, ის დღეს არსებულ გამოწვევებს სრულად ვერ პასუხობდა. „ფარა“ უფრო მოქნილი კანონია, რომელსაც არსებული პრობლემების მყისიერი გადაწყვეტა შეუძლია, ის სასჯელის სახედ ჯარიმასთან ერთად, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნას ითვალისწინებს, რაც მისგან თავის დაღწევას რთულად განსახორციელებელს ხდის.
რეალურად, არც ამერიკული ფარა და არც ქართული გამჭვირვალობის კანონი, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საფრთხის შემცველი არ არის, პირიქით ეს გარკვეულწილად, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის გაჯანსაღებას ემსახურება. ის, რომ აღნიშნული კანონი საფრთხის შემცველი არ არის, დღეს საიას თავმჯდომარემ, ნინო ქურდოვანიძემ აღიარა, რომელმაც განაცხადა: რომ სტრასბურგში „გამჭვირვალობის კანონის“ გასაჩივრების დროს, დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება არ მოუთხოვიათ.
სამაგიეროდ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის დროს მისი დროებით შეჩერება მოითხოვეს. ხელისგულზე დევს მათი ორმაგი სტანდარტი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ისინი ცდილობენ ქართული საზოგადოება მუდმივად სიცრუეში ამყოფონ, მანიპულაციის მსხვერპლი გახადონ და ა.შ. საერთაშორისო დონეზე კი უფრო მეტად ზომიერნი არიან, რადგან კარგად იციან, რომ მათ მარტივად ვერ მოატყუებენ“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძე.