ქართველი ავტოდილერები უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა იმდენად შეავიწროვეს, რომ საქმეში მთავრობა ერთვება

ქართველი ავტოდილერები უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა იმდენად შეავიწროვეს, რომ საქმეში მთავრობა ერთვება

ადგილობრივი ავტოდილერები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან მომდინარე კონკურენციაზე საუბრობენ, რაც სექტორს პრობლემებს უქმნის. პრობლემა უკვე მწვავეა და ყველასათვის საგრძნობია. თანაც მანქანების იმპორტი უკვე ისედაც მცირდება და დამატებით უცხოელების ამ კუთხით გააქტიურება ადგილობრივი დილერებისთვის დიდი გამოწვევაა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროში ბიზნესთან შეხვედრა უკვე გაიმართა. როგორც საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გაკეთდა გარკვეული მონახაზი და მათ შორის გამოსავლად მოიაზრება არარეზიდენტი პირებისთვის რეექსპორტის ვადების შემცირება.

კარგი შეხვედრა იყო, ესწრებოდა როგორც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობა, ასევე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი. ვიმსჯელეთ ავტობაზარზე შექმნილ მდგომარეობაზე, რა პრობლემები აქვთ დილერებს, გაკეთდა გარკვეული მონახაზი, რა კუთხით უნდა ვიმუშაოთ. დანარჩენ ბიზნეს სუბიექტებთანაც უნდა გავიაროთ ეს მონახაზი, მოვისმინოთ მათი აზრი.

ბიზნესი მარტო დილერები არ არიან, ფართო სპექტრია, მათ შორისაა მეორადი ავტონაწილების ბაზარი, როგორ იმოქმედებს ესა თუ ის გადაწყვეტილება იმ ბაზარზე, მომსახურების სფეროზე. გადაწყდა, რომ უფრო დიდი შეხვედრა დაიგეგმოს ფინანსთა სამინისტროში და სხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან ერთად ეს საკითხები გავიაროთ.

ძირითადად ვადებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრეთ. ერთი ვარიანტია, რომ არარეზიდენტი პირებისთვის საკანონმდებლო დონეზე რეექსპორტის ვადა შემცირდეს, იმპორტის რეჟიმში შეიძლება რაღაც ვადები დაუწესდეთ. კონკრეტულად თქმა გამიჭირდება, უნდა შევთანხმდეთ, დიდი შეხვედრა რომ იქნება, უფრო გამოიკვეთება, - განაცხადა ნონიაძემ.

ქართველ ავტოდილერებს განსაკუთრებით შუა აზიელი კონკურენტები ავიწროვებენ. როგორც ერთ-ერთმა იმპორტიორმა ბეგლარ კაკუშაძემ BMG-სთან განაცხადა, ყაზახები და ყირგიზები, რომლებიც მათთვის ძირითადი მომხმარებლები იყვნენ, უკვე თავად ჩაერთნენ საქმიანობაში.

ბოლო ორი წელია ეს პრობლემა გააქტიურდა. ჩვენ ვისზეც ვყიდდით მანქანებს, ყაზახები, ყირგიზები, თვითონ ჩამოჰყავთ მანქანა, აახლებენ და თავადვე გაჰყავთ, ანუ ის ხალხი, ვისაც ჩვენგან უნდა წაეყვანა მანქანა, უკვე თავად ჩაერთნენ ამ საქმეში და ჩვენ ჩამოვშორდით. ჩამოდიან, რაღაც პერიოდი, 3 თვე ან 1 წელი ჩერდებიან, საქმიანობას ეწევიან და მიდიან, ანუ გასაღები ბაზარი აღარ გვაქვს.

თუ 5 წლის წინ ერთ დილერს თვეში 10 მანქანა ჩამოჰყავდა, დღეს შეიძლება ერთი ჩამოიყვანოს. იმპორტზეა მიბმული ავტოსერვისი, ავტონაწილები და ბევრი რამ. შესაბამისად, ეს ყველაფერიც ჩერდება. ასევე, ის თანხა, რომელიც გვრჩებოდა, ისევ ქვეყანაში იხარჯებოდა. შესაბამისად, ესეც აკლდება. იმპორტი შემცირებულია, ბევრი ადამიანია, რომელიც ფიქრობს რომ ეს საქმიანობა აღარ უღირს, - განაცხადა ავტოდილერმა.

ზოგადად კი იმპორტის მონაცემები უკვე თვალში საცემად დაკლებულია. საქართველოში ავტომობილების იმპორტი 23.3%-ით შემცირდა, თუმცა რეექსპორტის მხრივ სტაბილურობაა. საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-თებერვალში საქართველოში 19 765 ერთეული (326.797 მლნ აშშ დოლარი) შემოვიდა წინა წლის იგივე პერიოდში 25 770 ცალი (391.438 მლნ აშშ დოლარი).

ამასთან, საანგარიშო პერიოდში თითქმის იგივე დარჩა ექსპორტის (რეექსპორტი) მაჩვენებელი. კერძოდ, 2025 წლის 32 თვეში საქართველოდან 12 238 ერთეული (285.186 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილი გავიდა, წინა წლის იანვარ-თებერვალში - 12 373 ცალი (262.592 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ვიყიდეთ და გავყიდეთ ავტომობილები, იმპორტიორებს შორის ლიდერია კვლავ აშშ, რომელსაც იაპონია და ახლა უკვე ჩინეთი მოსდევს. 2024 წელს, ასევე, წინა წლის იანვარ-თებერვალში, ჩინეთმა ხუთეულში პირველად გადმოინაცვლა. ხოლო, ექსპორტში პირველ ადგილზე ისევ ყირგიზეთია.