მსოფლიოში განიხილავენ იმას, დაუგო თუ არა ვლადიმერ პუტინმა ხაფანგი დონალდ ტრამპს და „გადააგდო“ თუ არა იგი. რას ნიშნავდა, ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების შემდეგ უკრაინაზე შეტევა და ენერგოობიექტების დაბომბვა?! ეს ხომ ტრამპის დამცირება და იგნორი იყო?!
მომხდარის მიუხედავად, დონალდ ტრამპი იმედიანად უყურებს რუსებთან კონტაქტს და მიიჩნევს, რომ ამერიკას რუსეთთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, რადგან რუსებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მიწა, 11 სასაათო სარტყელი აქვთ. ამასთან, ტრამპს კიდევ უფრო დიდი მიზანი აქვს - რუსეთი ჩინეთს ჩამოაცილოს.
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, რომელიც აგვისტოს ომის დროს საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობით იყო დაკავებული, ამბობს, რომ ესაა პუტინის ტაქტიკა, როცა აგრესორი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა სურს, მაგრამ უარს ამბობს ვალდებულებების შესრულებაზე. სტუბი ფიქრობს, რომ რუსეთის შეკავების ერთადერთი ტაქტიკა უკრაინის კბილებამდე შეარაღებაა. მისი აზრით, სატელეფონო საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის სწორი მიმართულების ნაბიჯი იყო, მაგრამ ახლა გამოჩნდა პუტინის ნამდვილი სახე.
პარიზის ჟაკ დელორის ინსტიტუტის მკვლევარი თორნიკე გორდაძე ამბობს, რომ ტრამპმა მიაღწია იმას, რომ თვითონ აღმოჩნდა ხაფანგში. უკრაინულ-ამერიკული შეთანხმება რუსეთმა ჩააგდო. გორდაძის თქმით, ტრამპმა პრესკონფერენცია არ ჩაატარა, თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზი კი საკმაოდ მშრალი იყო, რადგან, სინამდვილეში, არანაირი შეთანხმება არ მომხდარა, პუტინი დათმობაზე არ წასულა. ერთადერთი მაშველი რგოლი ტრამპის მიმართულებით იყო ის, რომ 30 დღის განმავლობაში არ მოხდება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა. თუმცა პუტინს შეუძლია ენერგეტიკული ობიექტები მაინც დაბომბოს და განაცხადოს, რომ ეს იყო სამხედრო ობიექტები.
ნაცების დიდი მეგობარი, კონგრესმენი ჯო უილსონი ამბობს, რომ პუტინმა უკვე დაარღვია შეთანხმება და შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდენტ ტრამპს.
როგორი იქნება ტრამპის შემდეგი სვლები დაუმორჩილებელი პუტინის მიმართ?!
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მეცნიერი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკა-რუსეთს შორის მოლაპარაკების პროცესი მარტივი არ არის.
„ტრამპი რომ რუსეთისკენ შებრუნდა, ამაში გასაკვირი არაფერია, შეგიძლიათ, ჩემი გამოსვლები გადაახვიოთ და ნახოთ, როდის ვიძახდი ამის შესახებ. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი გეოპოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ჯერ ერთი, არსებობს სამკუთხედის თეორია, რომ არ შეიძლება ერთდროულად დაუპირისპირდე ჩინეთსაც და რუსეთსაც. გარდა ამისა, რუსეთი ძალიან დიდი და მდიდარი სახელმწიფოა, აშშ-ს კი ახლა ჰეგემონიის დაღმავალი ციკლი აქვს. ამიტომ ყველა ქმედება, რასაც ტრამპი მოიმოქმედებს, გამომდინარეობს იმ ინტერესებიდან და პრობლემებიდან, რომლის წინაშეც დღეს აშშ დგას“, - აღნიშნა თანარ კიკნაძემ.
მანვე განმარტა, რომ პროცესის დაწყება ძალიან კარგია, განსაკუთრებით, საქართველოსთვის. მთელი ჩვენი უბედურება იყო იმაში, რომ ვერ გვიყოფდა დასავლეთი და რუსეთი, ახლა კი ძალიან კარგი პერიოდია, რუსეთმა და აშშ-მა მოილაპარაკონ და ჩვენ ამ მოლაპარაკების შედეგად უკვე განსაზღვრული გვექნება, სად ვართ და რა უნდა გავაკეთოთ.
ამასთან, თამარ კიკნაძეს იმედიანად განაწყობს ღირებულებების თანხვედრა. ის ღირებულებები, რითაც ტრამპი მოვიდა, აბსოლუტურად მისაღებია საქართველოსა და რუსეთისთვისაც კი. სამხედრო დაპირისპირების გარდა, ძირითადი განხეთქილება აქსიოლოგიური მომენტია - გენდერული პოლიტიკა, უმცირესობების მხრიდან თავსმოხვეული ძალადობა, ულტრალიბერალიზმი, რაც ადამიანებს ცუდ მდგომარეობაში აგდებს. 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ფონზე ლაპარაკია ხანგრძლივ პროცესზე, ჩამოყალიბდა მთელი რიგი მომლაპარაკებელი ჯგუფები, რომლებიც ყველა პრობლემაზე იმსჯელებენ, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა.
ანალიტიკოსის აზრით, პოლიტიკური ვაჭრობა რთული პროცესია, მით უმეტეს, როდესაც ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკება ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების წინაპირობაა. ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რას იტყვის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე უილსონი, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან იგი ძალზე ტენდენციურია. ტრამპს პუტინის ქმედებები არ ამცირებს, ამ შემთხვევაში, ტრამპი პოზიტიური ფიგურაა, რომელიც დაუპირისპირდა „დიფ სთეითს“. საქართველოსთვის მისი მოქმედებები მისაღებია. პროცესი დაიწყო, ეს ჯგუფები მოამზადებენ ტრამპისა და პუტინის ფიზიკურად შეხვედრის პროცესს, რაღაცაში ეთანხმებიან ერთმანეთს, რაღაცაში არა, ეს საკმაოდ რთული პროცესია და დიპლომატიური მოლაპარაკებებისა და პოლიტიკური ვაჭრობის სფეროა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი არ იზიარებს მავანთა მოსაზრებას, რომ პუტინმა ტრამპი „გადააგდო“. ეს ილუზიაა იმ ძალების მხრიდან, ვისაც არ აწყობს მშვიდობის დამყარება. ჯერჯერობით 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ეტაპია, კიდევ მიმდინარეობს დეტალების შეჯერება. მაგალითად, შეთანხმდნენ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დაცვის ქვეშ აყვანაზე, შეერთებული შტატები ამ სადგურს დაიცავს. გასაგებია, ზელენსკის თავისი მოსაზრებები აქვს, რუსეთს თავისი, შტატებს კიდევ თავისი, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურ დონეზე ცნობილია, რომ მოლაპარაკება ნორმალური მიმართულებით მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები არ დაწყებულა კარგად ზელენსკის ამბიციებისა და დავალებების გამო, რაც მას ჰქონდა ევროპისგან მიღებული. დღეს რაზეც წუხან ევროკავშირის ქვეყნები და ევრობიუროკრატები, არის ის, რომ ისინი ამ პროცესებში გარიყულნი არიან. გარიყულნი არიან იმიტომ, რომ მათ არ აწყობთ მშვიდიბა, მათ უნდათ ომის გაგრძელება.
„ნამდვილად უნდა თუ არა პუტინს ომის დასრულება, ამაზე რთულია საუბარი, მაგრამ, თავისთავად, მის ინტერესში უნდა იყოს, ცეცხლი შეწყდეს და დროებითი მშვიდობა დამყარდეს. ზელენსკი ამბობს, რომ რთული პროცესი იქნება ტერიტორიებთან დაკავშირებით, რადგან მოუწევს უკრაინის გარკვეული ტერიტორიის დათმობა რუსეთისთვის. თუ ასეთი კომბინაცია დალაგდა, პუტინს რატომ არ უნდა აწყობდეს ომის დასრულება? დამარცხებულის იმიჯი ხომ არ ექნება? აქ მთავარია, ვინ რას ჩათვლის გამარჯვებად. რუსეთი გამარჯვებად ჩათვლის, რომ აღარ მოხდება უკრაინის ნატოში შესვლა, არადა, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რისთვისაც ომი დაიწყო პუტინმა. გარდა ამისა, ომი მიმდინარეობს არა რუსეთის, არამედ უკრაინის ტერიტორიაზე, ანუ ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს, რაც კიდევ ერთი პლუსია რუსეთის გადმოსახედიდან. კიდევ ერთი პლუსი რუსეთისთვის ისაა, რომ კურსკიდან უკრაინის ჯარების გამოძევება ხდება. საერთოდ, გაუგებარია, უკრაინა რატომ შევიდა კურსკში, რატომ შეაკლა ამდენი ადამიანი?! რუსეთმა რომ დახოცა თავისიანები, ეს გასაგებია, მაგრამ უკრაინამ რატომ მიიღო ასეთი ზარალი კურსკში შესვლით? რა მოიგო კურსკში? ალბათ, უკრაინაში ვიღაც ფიქრობდა, რომ კურსკში დაკავებულ ტერიტორიებს გაცვლიდა უკრაინის სხვა ტერიტორიებზე, მაგრამ ასე არ მოხდა“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.