მედიააგენტურა გარე დაფინანსების გარეშე და კანონით შებოჭილი დატოვეს   

მედიააგენტურა გარე დაფინანსების გარეშე და კანონით შებოჭილი დატოვეს   

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კიდევ ერთი სადავო კანონპროექტში „მაუწყებლობის შესახებ“, „ოცნებამ“ 19 მარტს 83 - მომხრე, 1 წინააღმდეგი, მეორე მოსმენით, ცვლილებები მიიღო. ამის საფუძველზე სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებს რიგი შეზღუდვები უწესდება.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ბრიტანული კანონმდებლობის გათვალისწინებით შეიქმნება პროექტი, რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. მათი თქმით, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს. ამ განცხადებების საპასუხოდ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს კანონი ბრიტანული არ არის და ის პროპაგანდას წარმოადგენს, „გახარია საქართველოსათვის“ პარტიაში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეებზე ზეწოლას და ძალადობას ემსახურება.

„როცა ჩვენ გვექნება ბრიტანული სასამართლო, მაშინ აუცილებლად გვექნება ბრიტანული მედია. ყველა მათი გადაწყვეტილება, ყველა მათი კანონპროექტი ემსახურება ერთადერთს, შეინარჩუნონ როგორმე ძალაუფლება, ჩაახშონ განსხვავებული აზრი“, - ამბობს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, სოფო ხორგუანი.

19 მარტის სხდომაზე მუხლობრივად განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და შემდგომში დაჯარიმება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი:

 ახალი ამბების გაშუქების დროს „სამართლიანობისა“ და „მიუკერძოებლობის“ პრინციპებს არ დაიცავენ;

თუ ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს;

თუ წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა);

თუ პირდაპირ ეთერში შესული ზარები სამართლიანობის პრინციპით არ შეირჩევა (ერთი შეხედულების გამოხატვა დაუშვებელი იქნება);

თუ სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მასალის გადაღების დროს არ ექნებათ წინასწარი თანხმობა როგორც უფლებამოსილი პირის, ისე იმ ადამიანების, რომლებსაც იღებენ;

თუ პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს.

კანონპროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდა და განისაზღვრა, რომ იგივე წესები მაუწყებლების სოციალურ გვერდებსა და ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ მაუწყებელმა ეთიკური სტანდარტი დაარღვია, ის მას გააფრთხილებს და დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადას მისცემს. თუ მაუწყებელი კომისიის მითითებას არ შეასრულებს, მას ფინანსურად დააჯარიმებენ.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი გავრცელდება მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე.

რაც შეეხება ონლაინ მედიას, როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონის ნორმები მათზე არ გავრცელდება.

„მაუწყებლობის შესახებ კანონი, ჟურნალისტების მიერ აღიარებული ქცევათა წესები გადადის სავალდებულო აღსრულებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ის გადადის სახელმწიფო რეგულირების სფეროში. თუ აქამდე იყო თვითრეგულირებაში და კონკრეტულ მედია საშუალებებს თავად ჰქონდათ კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების უფლება, ახლა ეს ფუნქცია კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისას გადაეცემა.

ასევე, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, ამა საკითხთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარდა იმ ნორმებისა, რომელიც აღიარებული იყო ჟურნალისტების კორპუსის მიერ, ბრიტანული სტანდარტი, ასევე გავრცელდეს, მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე.

დღეს აქტუალური იყო კითხვა: გავრცელდება თუ არა ონლაინ მედიაზე ზოგადად? - არა. ონლაინ მედიაზე, ზოგადად, არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-თან ამბობს, რომ ამ კანონის მიხედვით, პირველ რიგში, ქართული მედიის უცხოეთიდან დაფინანსება შეიზღუდება და უცხოურ დონორებს მისი დაფინანსება აეკრძალებათ, რომლებიც რა მიზნებს ისახავს და რაში იყენებენ შემდეგ ამ მედია საშუალებებს, კაცმა არ იცის.

„ესენი არიან უცხო ქვეყნის ინტერესებზე მომუშავე მედია აგენტები, რომლებიც ძირითადად საქართველოში ვითარების არევას, რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას, ქვეყანაში ხელისუფლების გადატრიალების მოწყობას ემსახურებიან. ეს მედიები რადიკალური ოპოზიციის პრესცენტრები არიან. არავითარი მედია და ჟურნალისტური ტექნოლოგიები მათ აღარ გააჩნიათ. უბრალოდ, ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის რუპორები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობაზე ფეიკ ნიუსებით ძალადობენ. ჩვეულებრივი პროპაგანდისტები არიან, ამიტომ, როგორც კი უცხო ქვეყნებიდან დაფინანსება შეიზღუდება, რაც ბრიტანული კანონის სტანდარტია, ბუნებრივია, ისინი უცხოური აგენტების როლს ვეღარ შეასრულებენ.

აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ მათგანს მოუწევს საერთოდ საქმიანობა შეწყვიტონ. თუ ვინმე შეძლებს იმას, რომ საქართველოში არსებული რესურსით არსებობას შეძლებს, ეს უკვე ჩვეულებრივად შესაძლებელი იქნება. ამ კანონით მოხდება არა მხოლოდ მედიის სტანდარტების დაცვა, არამედ ეს კანონი მაყურებლის დაცვასაც ითვალისწინებს. არაპატიოსანი მედია საშუალებების მხრიდან მუდმივად აქვს ადგილი მოსახლეობაზე ზეწოლას, თავდასხმას, შეურაცხყოფას, რეპუტაციის განადგურებას და ა.შ.“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ეს აღარ არის მხოლოდ სიტყვის თავისუფლება, ეს არის სიტყვის განუკითხაობა. ახვლედიანი ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით რამე შეზღუდვა კი არა, ზედმეტშიც კი ვართ გადასულები.

„პრაქტიკულად, ამ პრესცენტრებად ქცეულ მედიებს ყველაფრის უფლება აქვთ. ჟურნალისტიკაში არის პრინციპი, რომ ფაქტის ობიექტურობაა აუცილებელი. ამიტომ არ შეიძლება ფაქტის გამოგონება. საზოგადოებისთვის მისი არასწორად მიწოდება არ შეიძლება. ინტერპრეტაცია რამდენიც უნდა იმდენი აკეთონ, მაგრამ როცა ჟურნალისტი ფაქტს იგონებს, ეს უკვე დიდი დანაშაულია. ეს მედია საშუალებები იქამდე მივიდნენ და იმ დონემდე ატყუებენ ადამიანებს, რომ ოღონდ სკანდალური ინფორმაცია გაყიდონ და ამბავს იგონებენ. შემდეგ მასზე აკეთებენ სიუჟეტებს, წერენ საკუთარ ექსპერტებს და საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიან. შემდეგ ეს მათივე მოგონილი ამბავი საპნის ბუშტივით ქრება და მეორე დღეს ყველას ავიწყდება. რამდენიმე დღის განმავლობაში კი ადამიანებს შიზოფრენიასა და ისტერიკაში ამყოფებენ. როგორც კი ხელისუფლებამ დაიწყო ქმედება, რომ აიკრძალოს ასეთი ფეიკნიუსების კეთება, ასევე დაიწყეს საუბარი თითქოს ეს არის დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვა, სიტყვის თავისუფლების აკრძალვა და ათასი მსგავსი სისულელე. ის რა არის, რასაც ეს მედიები აკეთებენ და რა ინფორმაციულ ისტერიკასა და დეზინფორმაციაში ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას? ეს კანონი რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მედია გარემოს და ამ ფეიკნიუსების კანტორების ტყუილებს ბოლო მოეღება“,-ამბობს ახვლედიანი.