მონეტარული პოლიტიკა ვეღარ შემსუბუქდება, ინფლაცია უკვე პრობლემური ხდება

მონეტარული პოლიტიკა ვეღარ შემსუბუქდება, ინფლაცია უკვე პრობლემური ხდება

წელს მონეტარული პოლიტიკის შერბილება მოსალოდნელი აღარ არის. ამის მიზეზი არის მზარდი ინფლაცია, რომელიც თანდათან მიზნობრივ მაჩვენებელს უახლოვდება და წლის მეორე ნახევარში გადააჭარბებს კიდეც. ამიტომ რეფინასისრების განაკვეთი ვეღარ შემცირდება და წლის ბოლომდე ამჟამინდელ ნიშნულზე დარჩება და შეიძლება მცირედით გაიზაროს კიდეც.

გალტ ენდ თაგარტის ეკონომისტის, ლაშა ქავთარაძის პროგნოზით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8%-ზე შეინარჩუნებს და ამ მიმართულებით კლების მოლოდი აღარ არსებობს. რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების ინდექსს, ორგანიზაციაში 2025 წელს ელიან, რომ საშუალო წლიური ინფლაცია 3.9%-მდე გაიზრდება.

ჩვენი შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე მიმდინარე წლის განმავლობაში შენარჩუნდება, რადგან ინფლაციაზე მოთხოვნიდან ზეწოლა ძლიერი დარჩება. თან აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოთხოვნაში ხელფასების ზრდაც შედის. როგორც ვიცით, 2026 წლის ჩათვლით, საჯარო სექტორში ხელფასები 8-10%-ით იზრდება, ამას კერძო სექტორიც მიჰყვება, რადგან სამუშაო ძალა უძვირდებათ. ეს მოთხოვნის ნაწილზე აისახება.

მიწოდების მხარეს გვრჩება სურსათის ფასები, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მზარდია და არ ვფიქრობ, რომ წლის განმავლობაში შემცირდება. ამასთან, გასათვალისწინებელია, ენერგეტიკის მიმართულებით როგორი ტენდენცია იქნება და თუ შემობრუნდება (ფასები), მაშინ ინფლაციაზე წნეხი საკმაოდ გაიზრდება. ჩვენი საბაზისო პროგნოზით, მიმდინარე წელს ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.9% იქნება, - განაცხადა ქავთარაძემ.

სწორედ მზარდი ინფლაციაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უკვე რამდენიმე თვეა 8%-ზე ინარჩუნებს. სებ- პროგნოზირებს, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის დონე მიზნობრივს დროებით გადააჭარბებს, თუმცა წლის ჭრილში მაინც 3%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.

2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, ფასების საერთო დონე წლიურად 2.4%-ით გაიზარდა, საბაზო ინფლაცია კი 2%- გაუტოლდა. ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია, რომლის ცვლილება შედარებით ხისტია და ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინს, მიზნობრივ დონესთან ნარჩუნდება და თებერვალში 3%- შეადგენს. წინა თვეებთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე რისკის რეალიზებამ განაპირობა. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულის მზარდი ფასები ადგილობრივ ბაზარს გარკვეულწილად გადმოეცა და წინა თვესთან შედარებით ინფლაცია მცირედით გაზარდა. მეორე მხრივ, ინფლაციის ზომიერი ზრდა ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.

გაზრდილი წნეხის ფონზე, ინფლაცია ეტაპობრივად მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და 2025 წლის პირველ ნახევარში მასთან ახლოს იქნება. შემდგომ, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გავლენითაც, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3%-ის გარშემო დასტაბილურდება, თუმცა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით იზრდება ეკონომიკური აქტივობა, - ნათქვამია ეროვნული ბანკის პრესრელიზში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი, 8% იქნება.

ინფლაციის ზრდის მოლოდინია თიბისი კაპიტალშიც. როგორც ანალიტიკოსმა და მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა, ინფლაცია 3%-იან მაჩვენებელს მცირედით მართლაც გადააჭარბებს.

ინფლაციის ზრდაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის საბაზო ეფექტი და სხვა ბევრი საკითხი. რაც შეეხება პროგნოზს, ჩვენც ანალოგიური გვაქვს, რომ ინფლაცია მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება და მცირედით გადააჭარბებს.

რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ასეთი პროგნოზი გვაქვს, რომ დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნდება, რაც დღესაა, ანუ 8%-ზე. ინფლაციის ზრდა არ არის მონეტარული პოლიტიკის ერთადერთი არგუმენტი, არამედ მას სხვა გარემოებებიც განაპირობებს, მათ შორის, მაგალითად, ისიც მნიშვნელოვანია, თუ რა განაკვეთია აშშ-ში. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ საქართველოში მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალური განაკვეთი არის დაახლოებით 7%-თან ახლოს და სიტყვაზე, აშშ-ში არ იქნება ნეიტრალური განაკვეთი, მაშინ, ჩვენც გაგვიჭირდება ამ ნიშნულზე ჩამოსვლა. ეს ასეა ყველა ქვეყანაში, - განაცხადა ნადარაიამ.