„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კორექტირდება. როგორც ცნობილია, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებული რეგულაციები ონლაინ მედიებსა და მათ სოცპლატფორმებზეც გავრცელდება. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი, რომლის ამოქმედებასაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა გეგმავს, ინტერნეტმედიასა და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციებსაც შეეხება. პროექტის სახეცვლილი ვარიანტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ 17 მარტს წარადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხაობაა, ერთი ნაწილი ამას მედიის შეზღუდვად აფასებს, მეორე ნაწილი კი - გამართლებულად.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ცვლილების შესახებ ერთგვარი განმარტება გააკეთა. მისი თქმით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი გავრცელდება მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე. რაც შეეხება ონლაინ მედიას, როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონის ნორმები მათზე არ გავრცელდება.
„მაუწყებლობის შესახებ კანონი, ჟურნალისტების მიერ აღიარებული ქცევათა წესები გადადის სავალდებულო აღსრულებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ის გადადის სახელმწიფო რეგულირების სფეროში. თუ აქამდე იყო თვითრეგულირებაში და კონკრეტულ მედია საშუალებებს თავად ჰქონდათ კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების უფლება, ახლა ეს ფუნქცია კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გადაეცემა.
ასევე, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, ამა საკითხთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარდა იმ ნორმებისა, რომელიც აღიარებული იყო ჟურნალისტების კორპუსის მიერ, ბრიტანული სტანდარტი, ასევე გავრცელდეს, მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე.
დღეს აქტუალური იყო კითხვა: გავრცელდება თუ არა ონლაინ მედიაზე ზოგადად? - არა. ონლაინ მედიაზე, ზოგადად, არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ მედია ხშირად გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს ან სიძულვილის ენის გაღვივებას უწყობს ხელს. შესაბამისად, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია მოხდეს ამ ტენდენციის ნორმალიზება.
„მედიის ამოცანაა, ინფორმირება და არა საზოგადოების დამუხტვა, თუნდაც ჭარბი პოზიტივით ან ნეგატივით - მედია აქვს ორი უკიდურესობა და ამ ორ უკიდურესობას შორის უწევს ოქროს შუალედის პოვნა. არ ვამბობ, ყოველთვის განზრახ ხდება ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ხშირად არის რომ გადამოწმებას ვერ ასწრებენ იმ მოტივით, რომ სხვას დაასწრონ ინფორმაციის გავრცელება - ამ სიჩქარეში ხშირად გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ხდება.
„საინფორმაციო ტერიტორი“ დავარქვი იმას, რაც ხდება დღეს საინფორმაციო და მედია სივრცეში. მას შემდეგ, რაც შეიცვალა ხელისუფლება, საინფორმაციო გამოშვებები მიზანმიმართულად იწყებოდა კრიმინალის გაშუქებით - კრიმინალურ ქრონიკად აქციეს მთლიანად საინფორმაიო გამოშვებები ერთ მარტივი, პოლიტიკური მიზნის მისაღწევად: შეიცვალა ხელისუფლება და მოიმატა კრიმინალმა - ყოველ დღე მინიმუმ, პირველი სამი სიუჟეტი იყო კრიმინალზე. რაღაც სტანდარტები უნდა არსებობდეს. კულტურის და მორალის ნორმებს ვერავინ დააწესებს, მაგრამ თუნდაც, სიძულვილის ტირაჟირება არ იყოს, განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ ხდებოდეს - მსგავსი ხვრელები უნდა ამოიქოლოს“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ For.ge-სთან საუბარში.