„ტრამპს შეუძლია, უკრაინას ომი შეაწყვეტინოს იმით, რომ არ მიაწოდოს იარაღი, მაგრამ რუსეთს ამით ვერ აიძულებ, სამშვიდობოდ განეწყოს“

„ტრამპს შეუძლია, უკრაინას ომი შეაწყვეტინოს იმით, რომ არ მიაწოდოს იარაღი, მაგრამ რუსეთს ამით ვერ აიძულებ, სამშვიდობოდ განეწყოს“

უკრაინა ცუდსა და უარესს შორის არჩევანის ზღვარზეა. კონფლიქტის დასარეგულირებლად 18 მარტს ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება.

გვსურს, ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა, რომ ეს ომი დავასრულოთ. შესაძლოა, შეგვიძლია, შესაძლოა, არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შანსი გვაქვს, - ამბობს ტრამპი, რომელიც ბოლო ხანს ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებით გაცილებით რეალისტურად განეწყო, ვიდრე მანამდე იყო. დღეს ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის 24 საათში დასრულებასთან დაკავშირებით მის მიერ საპრეზიდენტო კამპანიისას გაკეთებული განცხადება ცოტათი სარკასტული იყო.

რას მოიმოქმედებს, თუკი პუტინი ომის შეწყვეტას არ დათანხმდება, ამის შესახებ ტრამპი აცხადებს, რომ ეს ცუდი ამბავი იქნება მსოფლიოსთვის, რადგან ამდენი ადამიანი კვდება. თუმცა ტრამპი დარწმუნებულია, რომ პუტინს საკმაოდ კარგად იცნობს, ამდენად, პუტინი მის წინადადებას დათანხმდება.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი აცხადებს, რომ შესაძლოა, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უკრაინამ ტერიტორიები დაკარგოს.

ცხადია, ცეცხლის შეწყვეტა ამოსუნთქვა იქნება უკრაინისთვის, მაგრამ, საბოლოო პერსპექტივაში, რა ფასი აქვს ისეთ მოლაპარაკებას, ისეთ მშვიდბას, თუკი ტერიტორიებს დაკარგავს უკრაინა?

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ასეთ მძიმე ფინალზე თავის დროზე უნდა ეფიქრა უკრაინის მარიონეტულ ხელისუფლებას, ზელენსკის ხროვას, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ჯიბეებისა და მუცლების ამოყორვაზე ფიქრობდნენ.

ამ ადამიანებმა გაწირეს უკრაინა. ყოვლად გამორიცხულია სხვა სცენარი გარდა იმისა, რასაც ლაპარაკობს მაიკ უოლცი, რადგან რუსს რა ტერიტორიებიც ოკუპირებული აქვს, სისხლის გარეშე ის ტერიტორიები არ აუღია, იქ დაიღუპა როგორც უკრაინელი, ისე რუსი ჯარისკაცი. გინახავთ სადმე, ბრძოლით დაკავებულს მერე ნებით და მოლაპარაკებით ვინმე თმობდეს?! ერთადერთი ეს იყო იმ პერიოდში, როდესაც ბრიყვმა გორბაჩოვმა და მისმა უბრიყვესმა გუნდმა დათმეს ტერიტორიები, დანარჩენი, ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს. ვფიქრობ, ტრამპსა და პუტინს შორის მოლაპარაკებები ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შეჩერებასა და უკრაინის ნეიტრალურ ქვეყნად გადაქცევაზე შედგება, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ოვალურ კაბინეტში შეხვედრის ერთ დეტალს იხსენებს, ტრამპი და ვენსი რომ თითების ქნევით ელაპარაკებოდნენ ზელენსკის და განუმარტავდნენ მას, შენ პრეტენზიების წამოყენების უფლება და საშუალება არ გაქვსო. ზელენსკის მძიმე მდგომარეობაში იგულისხმებოდა ის, რომ აგებდა უკრაინა.

მიუხედავად მართლაც გმირული ბრძოლისა, უკრაინა საბოლოოდ წააგებდა, რადგან რუსეთ-უკრაინას შორის ძალთა პროპორციაა განსხვავებული. 40 მილიონია უკრაინა და 120 მილიონია რუსეთი. უკრაინელებმა ბოლო უკრაინელამდეც რომ იბრძოლონ, ვერ გაიმარჯვებენ, რადგან რუსეთიც ბოლომდე იბრძოლებს და მას კიდევ დარჩება მოსახლეობა. კითხვა ჩნდება, რა აზრი აქვს უკრაინის მხრიდან დათმობას? ის აზრი აქვს, რომ გადარჩეს უკრაინა. ახლა ლაპარაკია უკრაინის ფიზიკურ გადარჩენაზე და არა იმაზე, რომ, არიქა, უკრაინამ ტერიტორიები დაიბრუნოს. ტერიტორიების დაბრუნებაზე მაშინ ვისაუბრებდით, როცა უკრაინას გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდა. უკრაინას აღარ აქვს ეგ შანსები. ბევრი რამ მოხდა საიმისოდ, რომ უკრაინას ეს შანსი დაეკარგა. სხვა თუ არაფერი, ამხელა მთავრობიდან ზალუჟნის გაშვება, რაც ზელენსკიმ გააკეთა, ერთ-ერთი შეცდომა იყო, რომელმაც უკრაინული მხარე დაასუსტა, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსის აზრით, სავარაუდოდ, რუსეთთან საქმის მოგვარება ტრამპს უფრო გაუჭირდება, რადგან არც რუსეთს უნდა ომის შეწყვეტა, არც უკრაინას, ეს მხოლოდ ტრამპს სჭირდება. უკრაინას რომ შეაწყვეტინოს ომი, ტრამპს თავისუფლად შეუძლია იმით, რომ არ მიაწოდოს იარაღი, მაგრამ რუსეთი რით უნდა აიძულოს, რომ სამშვიდობოდ განეწყოს?! იარაღის ხათრით ამას ვერ იზამს ტრამპი, რადგან იარაღით ამერიკაზე დამოკიდებული რუსეთი არ არის, ეკონომიკურმა სანქციებმაც ბევრი ვერაფრით დააზარალა რუსეთი. ასე რომ, სწორედ რუსეთია რთული პუნქტი მშვიდობის დამყარების პროცესში.

ამდენად, ოვალურ კაბინეტში რაც ვიხილეთ - ზელენსკის დაუმორჩილებლობა, ეს მონაგონი იქნება პუტინის დაუმორჩილებლობასთან შედარებით. უკვე გამოჩნდა, რომ ზელენსკი უფრო გამოუცდელია ურთიერთობებში, ვიდრე პუტინი. პუტინმა მადლობაც გადაუხადა ტრამპს, პუტინმა რევერანსები გააკეთა, რაც, წესით, ზელენსკისაც უნდა გაეკეთებინა. ამ დროს ზელენსკიმ იმის საბაბი მისცა, გაბრაზებულიყვნენ ტრამპი და ვენსი მის მიმართ. პუტინი ასეთ საბაბს არ მისცემს ამერიკელებს, ის ეცდება, თავისი პრეტენზია ზრდილობიანად და ბოლომდე გაატაროს.