შს მინისტრის მოადგილემ ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

შს მინისტრის მოადგილემ ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

27 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარ პროკურატურას და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიას (IOM) შორის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ტრეფიკინგის საკითხებში გადამზადებას და მათი უნარ-ჩვევების გამტკიცებას ემსახურება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის (IOM) ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ. მემორანდუმის საფუძველზე, აჭარის რეგიონში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პროკურორებისა და შსს-ს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი (Task Force ) შეიქმნება, რომელთა სპეცმომზადებას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) უზრუნველყოფს. სპეციალური ჯგუფი რეგიონში ტრეფიკინგის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას, პრევენციასა და დახვეწილ, თანამედროვე სამართალწარმოებას შეუწყობს ხელს.