პერსონა ნონ გრატა და ოპოზიციის შავი ხვრელი

პერსონა ნონ გრატა და ოპოზიციის შავი ხვრელი

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს უკვე 5 თვეა უშედეგოდ მართავს. ექსპრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციის გაერთიანების სიმბოლო უნდა გამხდარიყო, საბოლოო ჯამში, განხეთქილების მიზეზად იქცა. „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პირველი პოლიტიკური გაერთიანებაა, ვინც მიხეილ სააკაშვილის განაჩენის შემდეგ, ზურაბიშვილს ღიად დაუპირისპირდა და პერსონა „ნონ გრატად“ გამოაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბიშვილს ვერც იმას პატიობს, რომ კონსულტაციების მიუხედავად, საერთო ოპოზიციური ერთობა ამ დრომდე ვერ შედგა და ყალბი მოლოდინების გაჩენაში სდებენ ბრალს. რა გახდა რეალურად ზურაბიშვილსა და ნაციონალებს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზი და არსებობს თუ არა რეალურად 31 მარტს რაიმე საერთო ფრონტის შექმნის ალბათობა, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ. ფაქტი ისაა, რომ ნაციონალებმა ზურაბიშვილზე პოლიტიკური იერიში რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ინტერვიუს შემდეგ მიიტანეს, სადაც ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა. ამ განცხადებიდან მალევე, ჯერ ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ზურაბიშვილი მისთვის პრეზიდენტი აღარ არის და არც მისი აზრი აინტერესებს, შემდეგ კი გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ყველა წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა სწორედ სალომე ზურაბიშვილს ეკისრება. „რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტიც დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?“ - კითხულობს სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრების პოზიციების ცვლილება არ უკვირთ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ნაციონალებს მოქმედების სცენარს უცხოელი დამფინანსებლები კარნახობენ.

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ოპონენტების გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილი ვერ მოახერხებს, რადგან მათი პოლიტიკური წარმატების შანსი მინიმუმამდეა შემცირებული.

„ჩვენ სულ ვსაუბრობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ანასხლეტებში გაერთიანების, ერთიანი სიის და მით უმეტეს კოალიციური ხელისუფლების არანაირი რესურსი არ იყო. დღეს უკვე დაგვეთანხმა ბატონი ხაბეიშვილი - ერთმანეთს ვჭამთ და რომელ კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარიო. ამ შემთხვევაში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, უნდა დავეთანხმოთ ხაბეიშვილს - რა კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარი, ერთ განცხადებასა და მიდგომაზეც ვერ შეთანხმებულან. ეს ის მოცემულობაა, რამაც პრაქტიკულად „შეჭამა“ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად, დასრულდა ამბავი, რომელსაც აღქმებით ქვეყნების მართვა ჰქვია“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა და გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა: „გუბაზ სანიკიძე მიხვდა, რომ ზურაბიშვილის მზეც ჩაესვენა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მზეც ესვენება. ზურაბიშვილი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ლიდერად არც მანამდე უნდოდა, მაგრამ მათ არავინ შეეკითხა. ზურაბიშვილიც და „კოლექტიური ნაცმოძრაობაც“ მართულები არიან უცხოეთიდან. შესაბამისად, უცხოური ძალა არც გუბაზ სანიკიძეს და არც ლევან ხაბეიშვილს არ შეეკითხებოდა“.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სიტუაცია იმდენად გაურკვეველია, ვინ ვის რას ედავება და რა ერთიანობაზეა საუბარი, კაციშვილმა ვერ გაიგო. ძაბირაძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ ვის გამოც პარტიების დიდი ნაწილი ოპოზიციის გაერთიანებაზე უარს ამბობს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ნაციონალები პოლიტიკურ „საფრთხობელად“ იქცნენ, ამიტომ დიდი ალბათობით, ზურაბიშვილი ამის გამო ოპოზიციის გაერთიანებას ვერ ახერხებს.

„სიტუაცია არის ასეთი, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ასეთ ერთიანობას ეწინააღმდეგება. საქმე კი მარტივად არის - ხალხს არ სურს „ნაციონალების“, „ახლების“ და სხვა ენმ განშტოებების ამ გაერთიანებაში ხილვა. მით უმეტეს, ძალიან ბუნდოვანი და გაურკვეველი განცხადებები კეთდება. ხალხმა ვერაფერი გაიგო, რა უნდა ზურაბიშვილს და რას ცდილობს - 31 მარტის აქციის ერთად ორგანიზებას თუ ზოგადად, ოპოზიციის გაერთიანებას. საზოგადოების ამ ნაწილს ზუსტად ბოკუჩავას და „ნაციონალური მოძრაობის“ მიუღებლობა აქვს. ბოკუჩავა და ხაბეიშვილი არაფერს კარგავენ, სხვები კარგავენ ამ გაერთიანებით. ამიტომ, როცა ერთიანობაზე იწყებს ოპოზიცია ლაპარაკს, ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. კაცმა არ იცის თუ რა ერთობას გულისხმობენ, რისთვის და რატომ ერთიანდებიან. თუ ეს არის მიმავალი გზა იქითკენ, რომ საბოლოო ჯამში, დიდი ერთობა ჩამოყალიბდეს, მაშინ ეს სხვა ერთობაა, ამაზე არავინ საუბრობს“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ყველა უფრთხის ნაციონალებს იმის გამო, რომ ამომრჩევლებმა მათთან ერთ ქვაბში არ მოხარშონ. ნაციონალები პოლიტიკურ „საფრთხობელად“ იქცნენ დ მათთან აფილირება არავის უნდა. ეს პარტია არის შავი ხვრელივით, რომელიც ყველას ყლაპავს. ეს უკვე დიდი ხანია ოპოზიციამ გამოსცადა და ამას როგორ უნდა უშველონ, ოპოზიციამ ამაზე უნდა იფიქროს. მარტო მოწოდებებით საქმე არ კეთდება, მით უმეტეს ზურაბიშვილი ვერ უშველის ვერაფერს. ამ ქალბატონს საზოგადოებაში არა აქვს ის რესურსი, ავტორიტეტი, რომ ბოლომდე გაჰყვნენ და ნაციონალების შიში გადაფაროს. ოპოზიციას ზურაბიშვილი არ უნდა ლიდერად. ეს ძალიან ნათელია და ამიტომაც დაიწყო ეს ღია დაპირისპირებაც.  ზურაბიშვილს ქვეყნის გარეთ უფრო აქვს პოლიტიკური კაპიტალი, ვიდრე ქვეყნის შიგნით. მან ან თავად უნდა ჩამოაყალიბოს რაღაცა პარტია და ცალკე პოლიტიკური ძალა, ან მართლა თქვას რა უნდა და რას წვალობს. ფაქტია, რომ ამდენი ხანია თავი ვერაფერს მოაბა“, - ამბობს ძაბირაძე.

Gami სულ გამოსირდა ეს ძაბირაძე. მისი ბოდვიდან ერთი რამე ჩანს -- თავად რა დღეშია და პლიუს მთელი "ოპოზიციური სპექტრი"/!/, სალომე ბაბოსთან ერთად.
7 საათის უკან