თაფლი - სილამაზის სამსახურში

თაფლი - სილამაზის სამსახურში

ჯერ კიდევ ჩვენმა ბებიებმა თავიანთი ბებიებისგან იცოდნენ, რომ თაფლი საუკეთესო პროდუქტია კრემების, ლოსიონებისა და ნიღბების დასამზადებლად სახლის პირობებში.

თაფლი სასარგებლოა გამოფიტული, დამჭკნარი კანისთვის - მასში შემავალი ფერმენტები ააქტიურებს უჯრედების სუნთქვას, რის შედეგადაც იწყება რეგენერაციის პროცესი.

ლოსიონი არაალერგიული, ნებისმიერი ტიპის კანისთვის: ნახევარ ჭიქა სუფთა, თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 სადილის კოვზი კალენდულის ნაყენი. ეს ლოსიონი უნდა ჩაასხათ მუქშუშიან ბოთლში და შეინახოთ მაცივარში. სახე გაიწმინდეთ დილას და საღამოს, დაბანის შემდეგ.

დაბანილ თმაზე გადასავლებად მოამზადეთ შემდეგი ხსნარი: 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. თმა არაჩვეულებრივად ბზინვარე გახდება.

მშრალ და გამოფიტულ თმას სიცოცხლეს დაუბრუნებს შემდეგი ნიღაბი: 100 გრამი თაფლი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე, შეათქვიფეთ 5 ცალი კვერცხის ცილა და შეიზილეთ თმის ძირებსა და ღერების მთელ სიგრძეზე. გაიჩერეთ 1 საათით და ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშით.

თუ გსურთ, რომ თქვენი მკვებავი კრემი უფრო სასარგებლო გახდეს კანისთვის, შეაზილეთ ცოტაოდენი პროპოლისი, რომელიც მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალებითა და ფენოლის შენაერთებით, რომლებიც ამცირებს ბაქტერიების ზრდას და აძლიერებს კანის იმუნიტეტს. ამ თვისებების გამო, პროპოლისი განსაკუთრებით მიზანშეწონილია პრობლემური კანის მოსავლელად: ნახევარ გრამ მშრალ პროპოლისს დაასხით ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და წყლის აბაზანაზე შეათბეთ (არ აგიდუღდეთ). ეს ულუფა შეურიეთ დილით წასასმელ მკვებავ კრემს და ისე წაისვით. ღამის მკვებავისთვისაც იგივე მოამზადეთ.