„ამერიკის ხმის“ (Voice of America) სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლები ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს. როგორც ტელეკომპანია ABC News იუწყება, შესაბამისი წერილი თანამშრომლებმა ადამიანური რესურსების დეპარტამენტისგან უკვე მიიღეს.
წერილში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ შვებულებაზე მყოფ თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, შევიდნენ სამთავრობო შენობებში ან გამოიყენონ სამთავრობო სისტემები, მათთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირადი ელფოსტისა და მობილური ტელეფონის საშუალებით.
ამავდროულად, ჟურნალისტმა ტარა პალმერიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან მიიღო „რადიო თავისუფლების“ გრანტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება, რომელიც დილით გაეგზავნა მენეჯმენტს. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ გააუქმა „რადიო თავისუფლების“ ფედერალური გრანტები.
დღეს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმებას. მათ შორისაა სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“ და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს მსოფლიოში.