ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება არის ვალდებული ეფექტური ზომები მიიღოს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესებში. ის ინიციატივა, რომელიც ჩვენს მიერ არის წარმოდგენილი ქმნის ეფექტურ და სამართლიან გარანტიებს იმისთვის, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ქმედითი და ზომიერი ნაბიჯები გადაიდგას, რაც მნიშვნელოვანია თუნდაც იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ მომავალი თაობების წინაშე გაგვაჩნია, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც კი, რადიკალებმა გამონახეს სივრცე სპეკულაციისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ქვეყნისადმი მტრულად არიან განწყობილი.
„საინტერესო არის ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც ნახა სპეკულაციებისთვის სივრცე, რაც ნიშნავს, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ოპოზიცია საქართველოს და ჩვენს მომავალს უპირისპირდება. ისინი ახლაც აღმოჩნდნენ ნარკოდანაშაულის მხარეს. როდესაც მშვიდობის დროს არიან ომის მხარეს, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით დგებიან ნარკოდანაშაულის მხარეს და ნებისმიერი ასეთი ინიციატივის დროს ირჩევენ ქვეყნისთვის მტრულ დამოკიდებულებას. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი საზოგადოების და მომავალი თაობების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პროექტების განხილვას იწყებს. ცვლილებებზე პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში იმსჯელებენ. პროექტის მიხედვით, რეგულაციები მკაცრდება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ.