„არ გამოვრიცხავ, უკრაინის წიაღისეული იყო საბაბი, რათა ტრამპს შეექმნა ილუზია, როგორ დახმარებოდა უკრაინას, გეოლოგები ამბობენ, რომ იქ 500 მილიარდის კი არა, 20 მილიარდის მინერალებიც არ არის“

„არ გამოვრიცხავ, უკრაინის წიაღისეული იყო საბაბი, რათა ტრამპს შეექმნა ილუზია, როგორ დახმარებოდა უკრაინას, გეოლოგები ამბობენ, რომ იქ 500 მილიარდის კი არა, 20 მილიარდის მინერალებიც არ არის“

ერთ-ერთი პირველი შოკი, რომელიც მსოფლიო საზოგადოებამ ტრამპისგან მიიღო, იყო ის, რომ ტრამპი უკრაინისგან მინერალებს დაჟინებით ითხოვდა. საზოგადოების ნაწილს უკვირდა, რა დროს ბიზნესგარიგებები იყო, როცა ომში მყოფ ქვეყანას უჭირდა და, თუ რომელიმე მდიდარ სახელმწიფოს შეეძლო, უანგაროდ უნდა დახმარებოდა უკრაინას.

თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ტრამპის დაინტერესება მინერალებით მხოლოდ მერკანტილური ინტერესებით არ აიხსნება, რეალურად ეს უკრაინის დახმარების სცენარია და ამით ამერიკა რუსეთს აჩვენებს, რომ თავისი ინტერესების ობიექტს, ანუ უკრაინაში არსებულ წიაღისეულს ყველანაირად დაიცავს.

თავდაპირველად ზელენსკიმაც ვერ ამოხსნა ტრამპის რებუსი და მინერალების გადაცემაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ არ აპირებდა, ხელი მოეწერა კონტრაქტზე, რომლის გადახდაც უკრაინელთა 10 თაობას მოუწევდა და, რომლის მიხედვითაც, უკრაინას აშშ-სთან 500 მილიარდი დოლარის ვალი ექნებოდა.

თუმცა მოგვიანებით ზელენსკიმ მზადყოფნა გამოთქვა მინერალებთან დაკავშირებული გარიგების გაფორმებაზე, მიხვდა რა, რომ ეს გარანტია იქნებოდა უკრაინის დასაცავად, მაგრამ ოვალურ კაბინეტში შეკამათების შემდეგ უკვე ტრამპი დადგა უარზე.

ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, აშშ კიევს კორუფციის გასაჯაროებით ემუქრებოდა, თუ უკრაინა წიაღისეულის შეთანხმებაზე უარს იტყოდა.

ზეწოლის ინსტრუმენტის სახით ამერიკელები დაემუქრნენ უკრაინას, რომ ჩინოვნიკების შესახებ კორუფციის ფაქტებს გაასაჯაროებდნენ. თეთრი სახლი ზელენსკის მთავარ პოლიტიკურ კონკურენტსაც, გენერალ ზალუჟნისაც ესაუბრა ამაზე, - წერს სტატიის ავტორი. სტატიის თანახმად, ვაშინგტონში ზელენსკის ჩასვლამდე აშშ-ის ადმინისტრაციის დევიზი იყო სიტყვები - მოაწერე, მოაწერე.

პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელი რომან კაკულია აცხადებს, რომ ტრამპის კომპანიების უკრაინაში შესვლა დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი იქნება. თუმცა ზელენსკი ვერ აფასებს ამას. რომან კაკულიას აზრით, ამერიკისგან მეორეხარისხოვანი ასეთი დაცვა ჯობია, ევროკავშირისგან შეთავაზებულ ატომური იარაღით დაცვას, რადგან ეს ნიშნავს, რომ ტრამპი არ მიატოვებს უკრაინას. სწორედ ეკონომიკური ოკუპაციაა უფრო ხანგრძლივი და მყარი, ვიდრე სამხედრო ოკუპაცია.

რომელი იშვიათი მინერალებია ისეთი, რომელიც უკრაინას ამხელა ვალს დაუფარავს ამერიკის წინაშე?!

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ მინერალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. არავინ იცის, რამდენი მინერალია უკრაინაში, როგორ მოხდება მათი ექსპლუატაცია.

არ გამოვრიცხავ, ეს იყო საბაბი, რათა ტრამპს შეექმნა თუგინდ ილუზია, როგორ დახმარებოდა უკრაინას. თავისთავად, დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ ამაში, თუ იქ მინერალები არ აღმოჩნდება. გეოლოგები ამბობენ, რომ იქ 500 მილიარდის კი არა, 20 მილიარდის მინერალებიც არ არის. ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არაა, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ მინერალებს მოჰყვა ის, რომ რუსეთი ვერ დაიყოლიეს და მინერალებთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგა. ზელენსკი წამოვიდა ამერიკიდან, შესაბამისად, მინერალები რომ პრინციპული ყოფილიყო, ტრამპი ასე არ მოიქცეოდა, ასე არ დაამცირებდა ზელენსკის. ასევე, ზელენსკისთვისაც მინერალები რომ პრინციპული ყოფილიყო, არ შეეპასუხებოდა ტრამპს. არც ერთი და არც მეორე მხარისთვის მინერალები არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ღირსეული დიალოგი. ამ დროს ერთმა დაამცირა მეორე, მეორემ თავი არ დაიმცირა და დაუბრუნა დამცირება. მინერალები სერიოზული რომ ყოფილიყო, როგორმე ამას გაანეიტრალებდნენ, კარგი, არ გვინდა კამათი, მთავარია, მინერალებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას ხელი მოვაწეროთო. ტრამპს ხმაც არ ამოუღია მინერალებზე, მან თქვა, ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არისო. მინერალები საერთოდ არ უხსენებია. სულ არ გამიკვირდება, ყველას დაავიწყდეს მინერალი. ტრამპს კი უნდა მინერალები, გარიგება და ფულის ტრიალი, მაგრამ თუ რუსეთი არ მოდის იმ პირობებზე, რა პირიბებითაც ტრამპი მინერალებში გაცვლის დახმარებას, მაშინ რა აზრი აქვს ან მინერალებს, ან დახმარებას, თუ რუსეთს ვერ დაიყოლიებს. ტრამპმა რუსეთი ვერ დაიყოლია, სამი შეხვედრა იყო და აშკარად ჩანდა, რუსეთი არ აპირებდა გარკვეულ პირობებზე წასვლას.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დამზადებას და მომავლის ტექნოლოგიებს სჭირდება ის იშვიათი წიაღისეული, რომელიც უკრაინაშია. ზოგადად, იშვიათი წიაღისეულის რესურსები გაბნეულია მსოფლიოში, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან სერიოზული რაოდენობაა რუსეთსა და უკრაინაში, ძირითადად ეს არის ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში.

დღესდღეობით რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე ამ რესურსების 70%-მდეა, კიდევ დარჩენილია 30%, სხვა მინერალებიც არის, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ რაიმე დეფიციტს. საუბარია იშვიათ წიაღისეულ მეტალებზე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი, საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან ერთად, რომელიც შეერთებული შტატებს გააჩნია. ამიტომ შეერთებული შტატები რუსეთის სასარგებლოდ ნაბიჯებს არ გადადგამს და არც უკრაინის ომი არ დასრულდება მალე. შეერთებული შტატებისთვის მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმება საჭიროა იმისთვის, რომ შემდეგ რუსეთთან შეთანხმების კვალობაზე, მიიღოს არქტიკაში არსებული სიმდიდრეების რუსეთთან ერთად დამუშავების უფლება. ეს არის იშვიათი წიაღისეული, მენდელეევის ცხრილშია ეს ყველაფერი მოცემული, არის ე.წ. ლანთანოიდების ჯგუფი, ეს არის აუცილებელი კომპონენტი, რომლის გარეშეც თანამედროვე ტექნოლოგიები ვერ იქნება. დღესდღეობით მსოფლიო ბაზარი უჭირავს ჩინეთს, მას აქვს ყველაზე კარგი ტექნოლოგიები, ბაზრის 70% ჩინეთისაა, რუსებიც კი კონცენტრატს აგზავნიან ჩინეთში, რადგან წიაღისეულის მოპოვების შემდეგ ამ წიაღისეულიდან იშვიათი მეტალების გამოცალკავება ეტაპობრივად ხდება, ეს საკმაოდ რთული ტექნოლოგიაა, თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ამ მეტალების მცირე რაოდენობების გამოთავისუფლება. თვით რუსეთსაც კი არ აქვს ეს ტექნოლოგია, ეს ტექნოლოგია არ აქვთ დასავლეთშიც, რადგან მათი ტექნოლოგიები ვერ შეედრება დღევანდელ ჩინურ ტექნოლოგიებს, - აცხადებს დემურ გიორხელიძე ჩვენთან საუბრისას.

Gami ბლუ ზაქარეიშვილი და ეს დაბოღმილი გიორხელიძე ერთმანეთთან უნდა ალაპარაკო, იქნებ გაარკვიონ არის თუ არა მინერალები უკრაინაში.
2 საათის უკან