ვისი პირობებით დაიდება უკრაინის ომის შეწყვეტის ზავი? – 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობაზე ვლადიმერ პუტინის პასუხს მსოფლიო ამ დრომდე ელოდება. საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკების შედეგები, რუსეთის თანხმობის გარეშე, სრულად ვერ განხორციელდება. მსოფლიო მოსკოვის გადაწყვეტილებას ელის, თავად კრემლი კი შტატებთან კომუნიკაციას ელოდება. საუდის არაბეთიდან დაბრუნებულმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ვაშინგტონიდან მოსკოვში ზარი დღის ბოლომდე განხორციელდება. მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შტატების მიზანი ომის სამუდამოდ დასრულებაა.
გადადგამს თუ არა კრემლი საპასუხო ნაბიჯებს - მოსკოვში დღეს არაერთი განცხადება გაკეთდა, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერავინ მოისმინა.
რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდება უკრაინასთან 30-დღიან ზავს, თუმცა მანამდე შეეცდება ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე მომგებიანი პირობები მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, უკრაინელებთან გუშინდელ მოლაპარაკებებამდე ამერიკელებს არ განუხილავთ რუსებთან ზავის იდეა და კრემლი თავისთვის მიუღებლად მიიჩნევს გამოცხადებულ ჩარჩოს.
„ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მიღწეული შეთანხმება დილემას უქმნის პუტინს, რომელიც აქამდე ახერხებდა თავიდან აეცილებინა ის ზეწოლა, რომელსაც კიევი ექვემდებარებოდა თეთრი სახლის მხრიდან“, - ნათქვამია სტატიაში.
თუმცა, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ შეიცავს არცერთ მოთხოვნას, რომელიც რუსეთმა ადრე დააფიქსირა. კერძოდ, ომის გრძელვადიანი დარეგულირების მკაფიო პარამეტრების არსებობა.
კრემლთან დაახლოებული წყარო მიიჩნევს, რომ კრემლი ცეცხლის შეწყვეტის პირობად უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვს.
უმაღლეს დონეზე სატელეფონო საუბარი შედგება - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან კომუნიკაციას მიმდინარე კვირაში აპირებს. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი კმაყოფილია, რომ უკრაინა ომის დასრულების მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა, ახლა კი რუსეთის დათანხმებას შეეცდება.
„უკრაინა. ცეცხლის შეწყვეტა. ცოტა ხნის წინ შევთანხმდით ამაზე. ახლა რუსეთთან უნდა მივიდეთ და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი, ასევე, დათანხმდება ამას და შევძლებთ ამ საშინელი ომის დასრულებას. ეს ცეცხლის სრული შეწყვეტაა. უკრაინა დათანხმდა ამას და იმედი მაქვს, რომ რუსეთიც დათანხმდება. მათ შევხვდებით დღეს მოგვიანებით და ხვალ. და იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუდის არაბეთში გამართული შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა. მისივე თქმით, ვაშინგტონის მიერ წარდგენილ წინადადებას კიევი იმიტომ დათანხმდა, რომ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ უკრაინას ომის დასრულება სურს. ზელენსკიმ არც სკეპტიკური განწყობა დამალა - დარწმუნებულია, რომ რუსეთი შეთანხმებას მაინც დაარღვევს.
საუდის არაბეთში მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან ევროპელი ლიდერები. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების შედეგი, შესაძლოა, უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობისთვის გარდამტეხი გახდეს. საფრანგეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა და პუტინის პასუხს ელოდება. ევროკავშირი კი მზადაა, ომის დასრულების საქმეში უკრაინასთან, შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად წვლილი თავადაც შეიტანოს.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთში გამართული შეხვედრა არ არის ცეცხლის შეწყვეტასთან მიახლოება. ქართველიშვილი for.ge-თან ამბობს, რომ კრემლისთვის საუდის არაბეთში მიღწეული შეთანხმების პუნქტები მიუღებელია. შესაბამისად, პუტინი ამ მოლაპარაკებას სრული იგნორით პასუხობს.
„მე მგონი, თავად ტრამპიც კარგად უნდა ათვითცნობიერებდეს, რომ კრემლი ამ ერთთვიან საომარი მოქმედებების კონსერვაციას არ დათანხმდება, რომლის პარალელურადაც უკრაინის შეიარაღებით და აღჭურვის პროცესი გაგრძელდება. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას ამოისუნთქოს. ახალი შეტევისთვის ან მოგერიებისთვის გადაიარაღება, გადაჯგუფება და მომზადება დაიწყოს. ის სიხარული, რომელიც ევროპიდან ისმის სტრამერის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, მაკრონისგან, მოჩვენებითია. ამ ომის დასრულება ვისაც არ აწყობს, პირველ რიგში, ეს ლიდერები არიან. მათ უნდათ იბრძოლონ უკანასკნელ უკრაინელამდე, რადგან მიზნად რუსეთის საბოლოო დამარცხება აქვთ დასახული, რაც ფაქტია, გამორიცხულია და ეს რეალობას არ შეესაბამება. ყველაფერი რაც საუდის არაბეთში გაჟღერდა, პუტინისთვის მიუღებელია. ტრამპი გუშინდელ ამბებთან მიმართებაში მაგონებს ქვევრის პერსონაჟს, ლეიტენანტ სამჭკუაშვილს, რომელიც ქვევრიდან აბესალომის გამოყვანას ცდილობს, იმ აბესალომის, რომელიც მანამდე ვერ გამოჰყავთ, სანამ პუტინის პროტოტიპი გოგია ამ ქვევრს არ დაამსხვრევს. იმიტომ ვამბობ, რომ პუტინი თავის სამხედრო ამოცანების შესრულებას აგრძელებს. მას ერთი დღეც არ დაუსვენია. თუმცა არც უკრაინა იქცევა შესაბამისად, რადგან მათ დემონსტრაციულად, დრონებით მოსკოვზე და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე შეტევა მიიტანეს. ამას კი მოსახლეობაში მსხვერპლიც მოჰყვა. მინიმუმ 3 ადამიანია დაღუპული. ამას აკეთებენ მაშინ, როცა სამშვიდობო მოლაპარაკება მიდის. ეს იყო პუტინისთვის გაწნული ალიყურია, რომელიც ასეთ რაღაცებს არ პატიობს“, - ამბობს ქართველიშვილი და
არ ელის პუტინის მხრიდან ლმობიერებას და რაიმე სახის დათმობაზე წასვლას.
საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე კი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთში მიღწეული შეთანხმება პროგნოზირებადი იყო და მას უკრაინის გადაწყვეტილება - დათანხმებულიყო 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას, არ გაჰკვირვებია. გობრონიძე for.ge-თან ამბობს, რომ ბოლო პროცესებიდან, რომელიც ოვალურ კაბინეტში განვითარდა, ვნახეთ ზეწოლის ის მასშტაბი და ფორმები, როგორ ცდილობს აშშ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის მისეულ გეგმაზე დაითანხმოს.
„სამწუხაროდ, უკრაინა ახლა ისეთ სიტუაციაში იმყოფება, რომ ის მზადაა ნებისმიერი პირობა მიიღოს მშვიდობისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ სამხედრო თვალსაზრისით, ვითარება, როგორც ტაქტიკური, ისევე სტრატეგიული, შეცვლილია და ეს ცვლილება უკრაინისთვის სასიკეთო არ არის. ჩვენ ვხედავთ კურსკში რუსეთის არმიის გარკვეულ ნაწილებს როგორი წინსვლა აქვთ. ასევე ფრონტის ხაზის სხვა მიმართულებებითაც რუსეთი ბევრად უკეთეს და მომგებიან სიტუაციაშია. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს მთავარი, რომ უკრაინისთვის ახლა სამშვიდობო შეთანხმება ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ ის გადარჩეს, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის მათ სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოუწევთ. ამ ეტაპზე უკრაინისთვის ძალიან კარგი სცენარი იქნება ფრონტის ხაზზე არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება, არგასვლა იმ ტერიტორიებამდე, რომელსაც რუსეთი უკვე საკუთრებად მიიჩნევს. პუტინმა ე.წ. ახალი ტერიტორიების მიერთება აღიარა, გამოსცა აქტი და რეფერენდუმი ჩაატარა. თუმცა ამ რეგიონების ტერიტორიის დიდ ნაწილს ჯერ ვერ აკონტროლებს. შესაბამისად, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ და ვთქვათ, რომ უკრაინისთვის საუკეთესო სცენარი ახლა ფრონტის ხაზზე არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა“, - ამბობს გობრონიძე.
მისივე თქმით, ამაზე საუბრობდა აშშ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. შესაბამისად ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთი არ დათმობს იმ უპირატესობას, რომელიც ახლა მას გააჩნია. ამის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს.
„პუტინის ხელწერაა და ეს ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, უხეში ვაჭრობის ტაქტიკა ახასიათებს. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა ველოდოთ, რომ მოსკოვი მაქსიმუმს მოითხოვს. ამ შემთხვევაში, მისი გეგმა მინიმუმი ფრონტის ხაზზე მიღწეული წარმატება იქნება და კონფლიქტის იმ წერტილზე გაყინვა, რომელშიც ახლა რუსეთი ფრონტის ხაზზე იმყოფება. უკრაინაც ცდილობს, რომ მოლაპარაკება მისთვის ხელსაყრელი პირობებით დაასრულოს, თუმცა, სამწუხაროდ, მათთვის ეს ძალიან რთულად შესაძლებელია.
უკრაინას ნებისმიერ შემთხვევაში ტერიტორიების დათმობა მოუწევს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი ამ ტერიტორიების დაბრუნებას ვერ შეძლებენ. უკრაინას ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ამის რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით, არ გააჩნია. დასავლეთის განცხადებების და ევროპის მცდელობის მიუხედავად, უკრაინის დახმარება ამერიკის გარეშე ვერ იქნება მუდმივი და შესაძლებელი“, - ამბობს ანალიტიკოსი.