ყველაფერი ახლა იწყება. 2008 წლის აგვისტოს ომი და დავით გარეჯის გასხვისების საქმე - ამ ორი უმძიმესი საქმის მთავარ ფიგურანტს მიხეილ სააკაშვილს მოუწევს გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა. თუმცა, სანამ სააკაშვილს ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშულთან დაკავშირებით დაკითხავენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, ექს-პრეზიდენტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თუმცა, როგორც მოსამართლემ განმარტა, თემურ ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა - მას 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.
სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, 2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებები და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ კანონიერად ვერ მოხერხდებოდა. 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი:
ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი;
თინა ბოკუჩავასთვის „Iphone“-ის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი;
ვერა ქობალიას მშობლებისა და დის სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი; კოსმეტიკური პროცედურებისთვის - 700 000 ლარზე მეტი;
მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი;
მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავაზე ქალაქ ინსბურკში გამაჯანსაღებელ ცენტრში გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი;
მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბათუმში მოგზაურობებში, ასევე, მისთვის საჩუქრების შესაძენად გადახდილია 10 673 ლარი;
სარა ვარონესა და მონიკა პუგლიას სამკაულებით დასასაჩუქრებლად გადახდილია 10 670 ლარი;
სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები 5430 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი;
ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის - ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი;
ლონდონში მკერდით მხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის - სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისთვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის, მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის და ესპანეთში მგზავრობისთვის გახარჯულია - 191 643 ლარი;
მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი;
კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებში გადახდილია 127 858 ლარი;
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების - გიული ალასანიას, თეიმურაზ ალასანიას, ნიკა ალასანიას და გიორგი ალასანიას მოგზაურობებზე დახარჯულია 25 117 ლარი;
მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლის დასაფინანსებლად გადახდილია 64 929 ლარი;
შვილისთვის - ედუარდ სააკაშვილისთვის „IPhone“-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 2350 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასთვის ავსტრიაში „პორშეს“, „მერსედესისა“ და „აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისთვის გადახდილია 58 876 ლარი;
იტალიაში, ქალაქ ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი;
პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი;
საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი;
მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტიუმის შესაძენად - 7 994 ლარი;
აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი;
მიხეილ სააკაშვილისთვის კოსმეტიკური პროცედურებისათვის ჯამურად გადახდილია 721 827 ლარი.
გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ სასტუმროს მომსახურებისთვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 000 000 ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - 1 400 000-ზე მეტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე - 2 მილიონ ლარზე მეტი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის - 300 000 ლარამდე, ტანსაცმლის შესაძენად - 100 000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 250 000 ლარამდე.
მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტკურ შურისძიებად შეაფასეს სააკაშვილის თანაგუნდელებმა, რომლებიც ბიუჯეტის თანხებით ძვირადღირებულ კურორტებზე ისვენებდნენ მეგობრებთან ერთად. მოსამართლე კი ივანიშვილის „შურისძიების“ შესრულებაში დაადანაშაულეს. გახმაურებული საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზიშვილის განცხადებით, კოსმეტოლოგიური მომსახურებისა და სხვა ქვეყნების ძვირადღირებულ კურორტებზე მიღებული მომსახურების ხარჯების დაკავშირება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან შეუძლებელია. როგორც კოჭლამაზიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ხარჯები შეუძლებელია ქვეყნის პოპულარიზაციას და მის ინტერესებს ემსახურებოდეს.
„საქმეში წარმოდგენილია ოფიციალური დოკუმენტაცია მსოფლიოს ძვირადღირებულ კურორტებზე მომსახურების თაობაზე, რომელიც ასევე, საქართველოს ბიუჯეტს რამდენიმე ასეული ათასი ლარი დაუჯდა. მაგალითად, ტაილანდში, ორი დღით სასტუმრო მომსახურება საქართველოს ბიუჯეტს დაუჯდა სამოცი ათას ლარზე მეტი. სინგაპურში ორი დღით სასტუმროს მომსახურება საქართველოს ბიუჯეტს დაუჯდა ორმოცი ათას ლარზე მეტი. ასევე, სხვა ქვეყნების ძვირადღირებულ კურორტებზე, როგორებიც გახლავთ მექსიკაში, მაროკოში, ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიაში და სხვა მრავალ ქვეყანაში. მაგალითად, იტალიის ქალაქ პიზის ერთ-ერთი კერძო კომპანიიდან დაქირავებული იახტა და იახტით მომსახურება საქართველოს ბიუჯეტს დაუჯდა 25 ათას ლარზე მეტი.
ეს ხარჯები ვერ დაუკავშირდება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. ეს ხარჯები არ არის ქვეყნის ინტერებისთვის გაღებული ხარჯი, ვინაიდან ეს ხარჯი არის პირადი ხარჯი და იმ ადამიანს პირადი სახსრებიდან უნდა გადაეხადა, ვინც ეს მომსახურება მიიღო.
ასევე, საქმეში წარმოდგენილია მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებისა და ნათესავების მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ამსახველი დოკუმენტაცია, აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ მეუღლესა და შვილებს, რომლებზედაც მილიონზე მეტი ლარია დახარჯული საქართველოს ბიუჯეტიდან. ეს არ არის ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გაღებული ხარჯი“, - განაცხადა ბადრი კოჭლამაზიშვილმა.
მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებებისა, სააკაშვილის ადვოკაქტი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერ გაცემული დაკვეთის შესრულებაა და, რომ თემურ ჯანაშიას მიმართაც სასამართლო სამართლიანი არ არის.
„ქართული ოცნების“ მესიჯია, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან, მიხეილ სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს და ის უნდა იყოს პოლიტიკურ ტყვეობაში. დღეს ჩვენ ეს მოვისმინეთ. ეს არ არის პოლიტიკური შეფასება იმიტომ, რომ როცა ჩვენ სასამართლოს ვუსმენთ და არგუმენტები მოჰყავს, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სასამართლო საუბრობს საქმის მაქსიმუმ, 10%-ზე და საქმის 90%-თან დაკავშირებით ჩვენ განმარტება არ მოგვისმენია“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ბიუჯეტის ხარჯზე მოსეირნე გიგი უგულავა ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან სისტემა არის კორუმპირებული და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა. რაც შეეხება თემურ ჯანაშიას, უგულავა ამბობს, რომ სისტემამ მისი დაპატიმრება ვერ გაბედა.
პეტრე ცისკარიშვილი, რომლის საზღვარგარეთ დასვენება ბიუჯეტს 88 919 ლარი დაუჯდა ამბობს, რომ სააკაშვილის, როგორც მთავარი ოპოზიციური ფიგურის, რეჟიმს ძალიან ეშინია და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილი დარჩეს საკანში.
ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქმეს „პიჯაკების საქმე“ დაარქვეს, რაც პროპაგანდისტულია, რადგან პიჯაკებიც არის, საათებიც, მოგზაურობაც, დროსტარებაც და უშველებელი რესურსი, რომელიც დახარჯულია გახდომაში, კოსმეტიკაში, ბოტოქსებში, საჩუქრებში. მისი თქმით, სააკაშვილმა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხები პირადი ფუფუნებისთვის დახარჯა.
„რას ჰქვია ქვეყანა არ ჩააბარა რუსეთს?! არ ჩააბარა კი არა, ჩააბარა. ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული იმის გამო, რომ სააკაშვილმა არ იმოქმედა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და თავისი ინტერესები ამჯობინა, როდესაც ერთი მხრივ, რუსები დააკმაყოფილა, ხელსაყრელი რეგიონები დაიპყრეს, მეორე მხრივ, დასავლეთთან გამოჩნდა რუსეთთან მებრძოლ გმირად და წითელი ხალიჩა დაიმსახურა. აიშენა სასახლე და ყველაფერი, რაც მას აინტერესებდა, აღისრულა.
ვისაც უნდოდა აძევებდა, ვისაც უნდოდა თავს მოაჭრიდა, რა თანხაც უნდოდა იმას დახარჯავდა კოსმეტიკისთვის, შიშველი ქალის სურათისთვის, კბილებით მასაჟისთვის და უამრავი სხვა თემაა, რომელიც წარმოუდგენელია თანამედროვე მსოფლიოში, დემოკრატიულ სამყაროში ასეთი ხარჯები გასწიოს ქვეყნის ლიდერმა. აქ მარტო 9 მილიონში არ არის საქმე. აქ არის საქმე იმ გარყვნილებასთან მიმართებაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ფეხქვეშ გაგდება, ადამიანების წამება, წართმევა, იქით ხარჯები, როგორიც გინდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.